ნამდვილი საგანძური

ნამდვილი საგანძური

რას იზამდით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საგანძური რომ გეპოვათ?

სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთ შტატში, კერალში, არის ასეთი საგანძური – ის მეთექვსმეტე საუკუნის პადმანამბხასვამოს ტაძრის მიწისქვეშეთშია მოთავსებული.

2 ტონა სუფთა ოქრო აქ უხსოვარი დროიდან ინახება. მათ გამოჭედილი მონეტებისა და ჩამოსხმული ფილების ფორმა აქვს. გარდა ამისა, ტომრებით ინახება ბრილიანტები, საფირონები, ლალი და სხვა ძვირფასი ქვები.

საცავებში, ასევე, აღმოჩნდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული საიუველირო ნაკეთობები. იქნებ, განძეულის ხელში ჩაგდების სურვილმა ინდოეთში ჩაგიყვანოთ...

თუმცა, არ გირჩევთ, რადგან მას პატრონი ჰყავს – ღვთაება ვიშნუ, რომლის 1,2 მეტრი სიმაღლის ოქროს ქანდაკებაც იქვეა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთელი ეს საგანძური ვიშნუსთვის შეწირული ძღვენია. მორწმუნეთა მიერ განსაკუთრებულ გულუხვობას სამთავრო ტრავანკორის მმართველები იჩენდნენ. ეს სამთავრო კერალის ტერიტორიაზე საუკუნეების წინ ყვაოდა. ღვთაება ვიშნუსი დღემდე ძალიან ეშინიათ და განძეულს ხელს ვერავინ ჰკიდებს.