ძრწოლის მომგვრელი ჯოჯოხეთის მანქანა, როგორც სისტემა

ძრწოლის მომგვრელი ჯოჯოხეთის მანქანა, როგორც სისტემა

მკვლელებმა თავიანთ ბოროტ მიზანს მიაღწიეს: იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობით ქართველობ შეძრწუნებულია, ხოლო ხელისუფლება - შოკირებული!

იური ვაზაგაშვილი დაუნდობელ, მტარვალ სისტემას ებრძოდა. სიკვდილის იმ ჯოჯოხეთის მანქანას,  რომელმაც სახალხოდ, დემონსტრაციულად,  სასტიკი ტერორით, ჩაცხრილა და მერე მიბრჯენით დაუხვრიტა  შვილი.

სისტემასთან მეომარი შვილდახვრეტილი მამა იყო ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლების ქართველი საზოგადოების ნამდვილი სახე და არა „საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შოუში“ ტელე-სანახაობად დადგმული „სამოქალაო საზოგადოების“ რომელიმე ა.ს.ო-ს მოღვაწეთაგანი.

ეს იური ვაზაგაშვილმა - ქართველი ხალხის სახემ, ბიძინას თაოსნობით მოიგო 1  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და არა დღეს პარლამენტში მოკალათებულმა უსახურმა კოალიციამ.

იური ვაზაგაშვილმა და სრულიად საქართველომ არჩევნები მოიგო უწინარესად იმიტომ, რომ სამართალი აღსრულებულიყო! აღსრულებულიყო ყოველგვარი  გარემოების მიუხედავად. „Fiat justitia, et pereat mundus!“ - აღსრულდეს სამართალი და თუნდაც დაიქცეს ქვეყნიერება!

და განა სხვა რა არის სახელმწიფო, თუ არა სამართლის აღსრულება?!

სამართლისთვის ბრძოლის ეროვნულ სიმბოლოდ  ქცეული შვილდახვრეტილი მამის აფეთქება შვილის საფლავზე არ შეიძლება იყოს მხოლოდ განზრახ მკვლელობა თუნდაც დამამძიმებელ გარემოებებში; უარესიც: ეს არ არის ოდენ ტერორისტული აქტი. მოქმედ სისხლის სამართალში ასეთი დანაშაულის კვალიფიკაცია არც არსებობს, რადგან ეს მხოლოდ დანაშაული არ არის, არამედ სატანისტური აქტია.

ასეთი აქტის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ დაუნდობელი სისატიკით მოკვდინება და ამ გზით შიშის მასობრივად დათესვა. შვილის საფლავზე აფეთქება მსხვერპლშეწირვის რიტუალია და იგი არა მარტოოდენ შიშს, არამედ უკვე ძრწოლას იწვევს. ძრწოლას ბოროტი არსის - არარას ძლევამოსილების წინაშე!

როცა შვილი სისტემის მსხვერპლთა სიმბოლოა, ხოლო მამა - სამართლის აღსრულებისათვის  მებრძოლებისა, მაშ შვილის საფლავზე მამის აფეთქება სამართლის აღსრულების დასამარებად  უნდა აღიქმებოდეს! უარესიც - თავად სამართლის ღვთიური არსის დასამარებადაც! „ძრწოდეთ მოკვდავნო წინაშე ბოროტისა, რამეთუ დაემხო ღვთისგან ბოძებული სამართალი!“ - აი, ასეთია დევიზი ბილწისა და სწორედ ეს დევიზია მოტივი ამ შემაძრწუნებელი მკვლელობისა!  

ღვთისმსახურების რიტუალი ღვთისადმი  შიშსა და წმინდა მოწიწებას იწვევს. სატანისადმი მსახურება - ბოროტი მსხვერპლშეწირვა,  ღვთისმსახურების  ცრუ მიბაძვაა და  ბილწის წინაშე ოდენ ძრწოლას მოგვრის.  ძრწოლის აღძვრა ამ უბოროტესი მსხვერპლშეწირვის აღმსრულებელ მკვლელთა  ბილწთაყვანისმცემლობაა.

დიახ,  ვაზაგაშვილების მკვლელნი მსხვერპლშეწირვის აღმსრულებელი ბილწთაყვანისმცემელნი არიან! ცხადია, მკვლელებს აქვთ კონკრეტული გვარ-სახელები,  მაგრამ ამ დანაშაულის გახსნა მხოლოდ ჩვეულებრივი სისხლის სამართლებრივი გამოძიება, მხოლოდ  კონკრეტული ადამიანების მხილება არ არის.  საერდოდაც, ესმკვლელობა  არ წარმოადგენს ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეს, რადგანაც დანაშაულის მოტივიც და შემადგენლობაც აბსოლუტური ბოროტებაა - ბილწის ძლევამოსილების წინაშე ძრწოლის აღძვრა, ხოლო ძრწოლას მოგვრიან არა იმდენად მკვლელნი, რამდენადაც თავისთავად მათი ბოროტი საქმე. 

ეს ბოროტი საქმე ბილწის მიერ სისტემურად იქნა მომართული და ჩვენდა სავალალოდ ჯოჯოხეთის მანქანა ისევ გამართულად მუშაობს: ეს მანქანა კლავდა შვილს და დღეს, უკვე მშობელსაცა კლავს რიტუალურად.

მკვლელთა მხილება არაფერია, თუ სისტემა არ იმხილება!

უნდა გვახსოვდეს, რომ იური ვაზაგაშვილი უსახური კოალიციის დარად არ გამხდარა კოლაბორაციონისტ-კოაბიტაციონერი. მათგან განსხვავებით, იგი ბოლომდე, არჩევნების შემდგომაც ამხელდა და ებრძოდა იმ ჯოჯოხეთის მანქანას, რომლის მსხვერპლიც იყო მისი შვილი  და რომელსაც თავადვე ემსხვერპლა. ხოლო მხილების პასუხად შემაძრწუნებელი მსხვერპლშეწირვა  იური ვაზაგაშვილის მიმართ ბილწის სისტემის განაჩენია!

ამ განაჩენის აღსრულებისას სატანის ბეჭედი ერთობ ნიშანდობლივია - რამაც მსხვერპლად შეიწირა შვილი, მის საფლავზევე ააფეთქა მშობელი მამაც!

ძრწოლის მომგვრელი ამ ჯოჯოხეთის მანქანის, როგორც სისტემის, შემოქმედნი აცხადებენ,   რომ „ოცნება“ არ მუშაობს და ეს სიმართლეა.  უარესიც: ისიც თვალსაჩინოა, რომ „ოცნებად“ წოდებულ უსახურ კოალიციას არა აქვს არავითარი ძალაუფლება საკუთარ ხელისუფლებაზე, ე.ი.ბილწისგან მემკვიდრეობით მიღებულ სისტემაზე.

ეს უწინარესად იმის ბრალია, რომ „ოცნება“ საკუთარი ძალაუფლებითვე ცდუნდა,  როცა მემკვიდრეობით მიღებული სისტემის გამოყენება იმთავითვეე განიზრახა ამ ძალაუფლების განსამტკიცებლად. ძალაუფლების თვითმიზნურობა - „ძალაუფლება ძალაუფლებისათვის“ წარწყმედისკენ მოწოდებული მაცდური პრინციპია. სწორედ ამიტომ, თვითმიზნური ძალაუფლების ამ ხიბლის გამო, ახალ ხელისუფლებას თითი თითზეც არ დაუკარებია  ჯოჯოხეთის მანქანის, როგორც სისტემის, უვნებელსაყოფად, მის დასაშლელად. იგი ნელ-ნელა შეეგუა და გახდა პასიური მომხმარებელი, მაგრამ არა პატრონი ბილწის სისტემისა. 

არჩევნებამდე ბილწი იყო პატრონიც და მომმართველიც ამ ჯოჯოხეთის მანქანისა. არჩევნების შემდგომ ბილწი გადაიხვეწა, ხოლო სიკვდილისა და ტანჯვის მთესველი ეს მანქანა ახალ ხელისუფლებას ვითომ მშვიდობაში მოსახმარად დაუტოვა. სწორედ ესაა გადახვეწილი ბილწის საიდუმლო: ახალი ხელისუფლება, რომელიც „ძალაუფლება ძალაუფლებისათვის“ პრინციპით მოიხმარს დატოვებულ ბოროტ სისტემას, ხოლო სისტემა შეუძლებლადა ხდის სამართლის აღსრულებას. სისტემა თვითმიზნურად გამოიყენება, ძალაუფლების განსამტკიცებელ „სახელისუფლებო მანქანად“ ემსახურება, მაგრამ ყველა მომხმარებელს როდი შეუძლია მისი მართვა-დამორჩილება! სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ ბილწ ბრძანებას ემორჩილება.  ბილწი გადაიხვეწა - პატრონმა დაუტევა სისტემა, როგორც სულმა სხეული. დღეს  გადახვეწილის  აქ შთენილი აჩრდილიღაა უკვე ზომბად ქცეული სისტემის პატრონი. ეს აჩრდილი სხვა არაფერია, თუ არა ზომბი  სისტემის მექანიკური პროგრამა.

მექანიკური პროგრამა ორ რეჟიმში ავტომატურად მუშაობს - პირველი რეჟიმია  მომხმარებლის ცდუნება და  მის ბოლომდე წარსაწყმედად მისივე თვითმიზნური ძალაუფლების მოჩვენებითი განმტკიცება. მეორე რეჟიმი თავად სისტემის თვითშენარჩუნება და დაცვაა გარეშე საფრთხეებისაგან.

მექანიკურად მოქმედი, ზომბი სისტემის ეს მეორე რეჟიმი ცოცხალი ორგანიზმის თვითგადარჩენის ინსტიქტის მსგავსია.  მომაკვდინებელ გარეშე საფრთხეს, რომელთანაც ადაპტაცია შეუძლებელია, სისტემა ძალადობითა და ტერორით ავტომატურად პასუხობს.  სისტემის ძალადობრივი ინსტიქტების საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად წარმართვა ოდენ ბილწს შეეძლო, ხოლო ამ ხელისუფლებას, თუკი იგი ბოლომდე არ წარწყდა, არ  წაიბილწა ძალაუფლების გიჟური ვნებითა და ჟინით, ეს არ ძალუძს.

სისტემის ავტომატურმა პროგრამამ მამხილებელი ვაზაგაშვილის მომაკვდინებელ საფრთხედ იდენტიფიცირება მოახდინა და რეაგირებაც ინსტიქტურ-ავტომატური იყო - რიტუალური მსხვერპლშეწირვა შვილის საფლავზე.

აფეთქებამდე სამიოდე დღით ადრე იური ვაზაგაშვილმა კიდევ ერთხელ და უკანასკნელად საჯაროდ ამხილა  ძრწოლის აღმძვრელი ჯოჯოხეთის მანქანის მსახურნი. დაასახელა გვარ-სახელებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწინაურებული  მაღალჩინოსნებისა. ამ მხილებით, მართალია ირიბად, მაგრამ სავსებით მკაფიოდ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც „ხერხემალ-კუნთოვანი“ ძალოვანება ბოროტი სისტემისა.

ბილწის ბრძანებისამებრ აწყობილ-დაპროგრამებული შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელი სისტემის  „ხერხემალს“ წარმოადგენდა. დღესაც, ისევე როგორც უწინ, იგი ვეებერთელა მასშტაბის ძალოვანი სტრუქტურაა. ეს თითქოს გაქვავებული და უძრავი გიგანტი ძლევამოსილად გამოიყურება მისი უსუსური, პასიურად მომხმარებელი ახალი ხელისუფლების ფონზე. ახალმა ხელისუფლებამ ეს ძალოვანი გიგანტი ბილწის ჩვეულებისამებრ ძალაუფლების თვითმიზნური განმტკიცებისათვის მოიხმარა, როგორც ადგილობრივ არჩევნებში, ასევე  უცვლელად შენარჩუნებული ცენტრალიზებული მმართველობითი  ვერტიკალის გასაკონტროლებლადაც. რახან მოიხმარა, ილუზორულად ჰგონია კიდეც, რომ სისტემას იმორჩილებს.

სინამდვილეში სისტემა თვითგადარჩენის ინსტიქტად გამოვლენილ ბილწის აჩრდილს ავტომატურად ემორჩილება, რათა ხისტ, „ხერხემლურ-კუნთოვან“ მდგომარეობაში თავიცა და ბილწის მუშაკნიც  შეინახოს; კვლავაც ბილწის სამსახურში ჩადგეს, როგორც კი გადახვეწილი დაბრუნდება. ხოლო გადახვეწილს აქ დატოვებული ჯოჯოხეთის მანქანის „ოპერატიული მართვა“ არცა სჭირდება, რადგან იგი ავტომატურ-ინსტიქტურ რეჟიმშიც გამართულად მუშაობს.

იური ვაზგაშვილის მკვლელობამ საზოგადოებას ძრწოლა მოჰგვარა და ხელისუფლებას შოკი. რა არის შემდგომ მოსალოდნელი?

თუ ქართველობა ვაზაგაშვილის მკვლელობით მოგვრილ ძრწოლას და ხელისუფლება კი განცდილ შოკს ვერ მოერია, სისტემა არ ამხილა და ნაწილ-ნაწილ არ დაანგრია იგი, ეს ხელისუფლებაც წარწყდება და წაიბილწება. შედეგად - ბილწიც აუცილებლად დაბრუნდება სისტემის საპატრონოდ და მის ძლევამოსილებას უკვე ვეღარაფერი დაემუქრება.

თუ შემართული ხალხის მამხილებელი ძალისხმევით ხელისუფლება გონს მოეგო, ძალაუფლების ხიბლისგან და განცდილი შოკისგან გამოერკვა, იგი არა მხოლოდ მხილებულ მკვლელებს, არამედ მკვლელ  სისტემასაც განაჩენს გამოუტანს! სამარტალი აღსრულდება და მაშინ ვაზაგაშვილების მსხვერპლი ამაოდ არ ჩაივლის, რადგან უთუოდ განქარდება ბილწიცა და მისი ჯოჯოხეთის მანქანაც!

სისტემა უნდა დაინგრეს!!!

ხოლო სისტემის ნგრევა მისი „ხერხემალ-კუნთოვანი“ ძალოვანების - შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტივ მამრავლებად - ერთმანეთის გამაწონასწორებელ და შემკავებელ  სტრუქტურულ ერთეულებად დაშლით და არა მხოლოდ მინისტრის გამოცვლით უნდა დაიწყოს!