რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას საქართველოში? (წერილი პირველი)

რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას საქართველოში? (წერილი პირველი)

„ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშია, ვისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივის, მოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზე. მე მწამს, რომ ეკლესიის მოსპობას, როგორც ლოგიკური აუცილებლობა, მოსდევს ერის მოსპობაც“.... (ექვთიმე თაყაიშვილი)

რასთან გვაქვს საქმე?

ამ ცოტა ხნის წინ მამა თეოდორემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ასეთი რამ ბრძანა: „პირდაპირ ვაცხადებ, საქართველოში უკვე დაწყებულია მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია და მე მხოლოდ იმიტომ არ შემიშვეს უნივერსიტეტებში ლექციების წასაკითხად, რომ მართლმადიდებელი მღვდელი ვარ!“

გამგებმა გაიგო ნათქვამი, თუმცა აქ ახალი არაფერი თქმულა, რადგან ეს ისედაც ვიცოდით. გახსოვთ ალბათ ხმაურიანი განცხადება, რომელსაც ერთ – ერთი წამყვან გეოპოლიტიკოსს ზბიგნევ ბჟეზინსკის მიაწერენ: კომუნიზმის დამარცხების შემდეგ მართლმადიდებლობა ამერიკის მთავარი მტერია.

გავიხსენოთ სერბეთში მიმდინარე პროცესებიც... და მართლმადიდებელი მოსახლეობის დარბევა კოსოვოში. იქნებ ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო ისტორიულად სერბები ყოველთვის რუსების მხარდამჭერნი იყვნენ, მაგრამ ქართველები? მათი 200 წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის მართლმადიდებელი ჩრდილოელი მეზობლისგან თავის დასაღწევად, ჩვენ ხომ დღესაც ისევე ვიცავთ თავს მათგან, როგორც შუა საუკუნეებში ერთმორწმუნე ბიზანტიელებისგან.

მაშინ იქნებ გაირკვეს რასთან გვაქვს საქმე, ვინ და რატომ ებრძვის მართლმადიდებლობას?

დავიწყოთ ცოტა შორიდან: ის, რომ ყბადაღებული ანტიისტორიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთისთვის მისი იდეოლოგიის არსებით განმსაზღვრელად იქცა, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი. ეს იყო პასუხი ერთა შორის აგრესიაზე, რითაც სულდგმულობდა XX საუკუნის პირველი ნახევრის ევროპა.

ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დიდი ფრანგი პოეტი და მოაზროვნე პოლ ვალერი წერდა: ,,ისტორია ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული ყველაზე მავნე პროდუქტია, მისი თვისებები კარგადაა ცნობილი. ის იწვევს ოცნებებს, ათრობს ხალხებს, ყალბ მოგონებებს აღუძრავს მათ რეფლექსებს. პირს უხსნის მათ ძველ ჭრილობებს, ამღვრევს მათ სიმშვიდეს, განდიდებისა და დევნის მანიას უვითარებს, სიმწარეს, ზვარმას, ამაოებას უნერგავს და აუტანელს ხდის ერებს.

ისტორია ამართლებს ყოველგვარ სურვილს, ის დაბეჯითებით არ გვასწავლის არაფერს, რადგან ყველაფერს შეიცავს და ყველაფრის ნიმუშს გვთავაზობს.“

ის, ვინც ერთხელ მაინც დაკვირვებია, თუ რა დიდებულ დრამას თხზავს ისტორია წარსულზე ოცნებაშეპყრობილ ადამიანთა კოშმარებისგან, შესაძლებელია გადაჭარბებულად არც მოეჩვენოს პოლ ვალერის ეს მსჯელობა.

ადოლფ ჰიტლერი ,,მაინ კაფში“ (ჩემი ბრძოლა), ცდილობს აგვიხსნას თუ რამ გამოიწვია ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში მასში მომხდარი ცვლილებები: „ახლა, როდესაც გადავხედავ განვლილ ცხოვრებას - ორ ფაქტს აღვიქვამ მეტად მნიშვნელოვნად. ის, რომ შევიქენ ნაციონალისტი! და, რომ შევიცან ისტორიის ნამდვილი არსი!“

რადგან წარსულთან შეხვედრა ასეთი საშიშია, ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურია ცნობილი ამერიკელი მწერლის რობერტ პენ უორენის რჩევა: ,,ადამიანთა მოდგმას არაფერი რომ არ ახსოვდეს, სავსებით ბედნიერი იქნებოდა.“ მაგრამ არის კი ეს ასე?

ამას ხომ არც თუ იშვიათად ადამიანების მიმართ არათუ სიკეთის სურვილით, გარკვეული მიზნითა და მისწრაფებით სრულიად შეგნებულად სამტროდ მოსულნიც გვკარნახობდნენ.

ერთი შეხედვით წარსულის მოშლა და გაუქმება არავის უნდა ძალუძდეს, მაგრამ დღესაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში წარსულის რღვევით არიან დაკავებულნი.

საუთარი ისტორიის მიმართ ინტერესი დაკარგეს ფრანგებმა და არა მხოლოდ ფრანგებმა. იგივე შეიძლება ითქვას გერმანელებზეც. აშშ-სთვის დამახასიათებელი ისტორიის გრძნობის დაკარგვა ეპიდემიასავით გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებზეც.

მოვუსმინოთ რას წერს უმბერტო ეკო ამასთან დაკავშირებით: „ამერიკელებს ჰგონიათ, რომ სამყარო არაფრისგან შეიქმნა და მთელი სიტყვიერი მემკვიდრეობა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სიბრძნე, წმინდა ევროპული სიმახინჯეა. ისევე როგორც ისტორიისადმი ჩვენი სიყვარული.“

გავეცნოთ კიდევ ერთ თვალსაზრისს ამერიკელთა დამოკიდებულებაზე, სხვა ხალხთა ისტორიებისა და კულტურების მიმართ, აი რას წერს ამის შესახებ, ჩვენი თანამემამულე აშშ-ის ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია: ,,უნდა ითქვას, რომ ამერიკელები, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, ძალიან მოიკოჭლებენ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების ცოდნაში. მათთვის მთავარია ამჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება, ხოლო ის, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკა და ეკონომიკა ისტორიულ მახსოვრობასთან და კულტურასთან მჭიდრო კავშირშია, თითქმის ვერ აქცევენ ყურადღებას.“

მაგრამ, თუ იმავე პრობლემაზე ალან ბალოკის ნააზრევს დავაკვირდებით ნათლად ჩანს წარსულის მნიშვნელობის დაკარგვის ის მიზეზები, რომელთა შესახებაც გვესაუბრება იგი: „აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, კერძოდ პოლონელების, სლოვაკების, იუგოსლავებისა და რუმინელების, ასევე უკრაინელებისა და კავკასიელების, ქართველების, აზერბაიჯანელებისა და სომხების ისტორიული თვითმმყოფადობა იყო ის ძალა, რომელიც წინ აღუდგა კომუნისტური გაერთგვაროვნების ძალმომრეობას. კომუნიზმის გადავარდნის შემდეგ მათივე ისტორიული იდენტურობა და ტერიტორიული მომხვეჭელობა გახდა მიზეზი მუდმივი მტრობისა და არეულობისა.“

მისივე აზრით, იგივე ითქმის დასავლეთ ევროპის, აფრიკის, აზიის ქვეყნებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე და ა. შ. სადაც, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთადერთ საფრთხედ კვლავაც წარსული რჩება.

დასკვნა გასაგებია, განაჩენი გამოტანილია: ისტორიულ მეცნიერებას არ ძალუძს არსებითი წვლილის შეტანა საზოგადოების საქმიანი ყოფა-ცხოვრების განვითარებაში. ამიტომ წარსულის შესწავლამაც მნიშვნელობა დაკარგა.

უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, წლების განმავლობაში სრულიად მიზანმიმართულად დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური ისტორიის ადგილი მულტიკულტურების პროპაგანდამ დაიკავა. მაგრამ იყო კი ეს პრობლემის გადაჭრა, თუ კოლექტიური მეხსიერების გაქრობამ კიდევ უფრო უარესი თავსატეხი დაბადა? ეს ნათლად გამოჩნდა უკანასკნელ ხანს, როდესაც მულტიკულტურიზმის იდეოლოგიამ, რომელიც ხელს უშლიდა ტრადიციული ისტორიის აღდგენას, კრახი განიცადა. შედეგად კი ევროპის კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში მიძინებულმა ნაციონალიზმმა გაიღვიძა. გაჩნდა შესაძლებლობა „დავბრუნდეთ სახლებში,“ დავიბრუნოთ ნაციონალური ისტორიები, რომლთა გადმოცემაც პატრიოტული ყიჟინის გარეშე წარმოუდგენელია.

თავად დროის მოთხოვნა ერებისადმი: დახვეწონ თვითმყოფადობის შენარჩუნების ფორმები, დაიცვან ნაციონალური პრიორიტეტები, წარმოაჩინონ ეროვნული ღირებულებები, რა თქმა უნდა, არანაკლებ რისკებს ბადებს. ყოველივე ეს სამომავლოდ რას გვიქადის, ძნელი სათქმელია. სოლჟენიცინის მიერ დასმული კითხვა: ,,სად არის პატრიოტიზმის საზღვარი?“ სად შეიძლება გაავლო ზღვარი ოცნებაშეპყრობილ აგრესიულ ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის, ინტელექტუალების მიერ ჯერაც პასუხგაუცემელია. და ეს მაშინ, როცა წარსულიდან დღემდე მოგვყვება გაუანალიზებელი რიგი ფაქტების და მნიშვნელოვანი მოვლენების.

მართალია, წავიდა ის დრო, როდესაც ამა თუ იმ სახის "იზაცია,” თავს ზემოთ დაკიდებული მახვილის ქვეშ მიიღებოდა მაგრამ, ფაქტია, რომ წლების განმავლობაში „ჯვაროსნული ლაშქრობა“ დანარჩენი სამყაროსთვისაც მულტიკულტურების დამკვიდრებისათვის“ არანაკლები თავგამოდებით ხდებოდა.

ყველაფერი კი კარგად დაგეგმილ და ადგილობრივ ხელისუფლებების მიერ განხორციელებულ პოლიტიკის ნაწილად იქცა. მათ ნაციონალური თვითმყოფადობის გამოვლენის ჩახშობის მიზნით მოახდინეს ტრადიციული ღირებულებების აღრევა, გამასხარავება, ფსევდო ფასეულობების თავს მოხვევა, გარკვეული სტერეოტიპების ჩამოყალიბება.

მაგრამ იქ, სადაც წინააღმდეგობას წააწყდნენ მთავარ სამიზნედ დასახელდა პატრიარქალური საზოგადოება და ძველი „დრომოჭმული“ მენტალიტეტი. მისი შეცვლის აუცილებლობა კი შემდგომი პროგრესის აუცილებელი პირობად დაისახა. საზოგადოების შეცვლას, მათი აზრით, მასში არსებული ღირებულებები უშლის ხელს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ენასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან.

აი რატომ გახდა საჭირო „მენტალური რევოლუცია,“ რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლების წინ დაიწყო და ინერციით დღესაც გრძელდება. მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის ერთი მხარეა. არის სხვა მიზეზებიც.

ის, რომ შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ზოგადად წარმოდგენილი იყო ქრისტიანულ სამყაროდ და რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში, დღეს ამაზე არავინ დავობს, არც არასოდეს ყოფილა დავის საგანი.

სოციალურ მენიერებათა უმეტესი წარმომადგენელი, ვინც მუშაობდა რელიგიურ საკითხზე, ერთი აზრისაა იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა თავისი კათოლიკური პროტესტანტული გამოვლინებებით შეთავსებადია დემოკრატიის ინსტიტუციონალურ და კულტურულ განზომილებებთან. მაგრამ რა ხდება ქრისტიანობის მეორე უდიდეს ნაკადში – მართლმადიდებლურ ტრადიციებში? დღემდე დემოკრატიის მკვლევარები, ისტორიას და თანამედროვე გამოცდილებაზე დაყრდნობით მართლმადიდებლობას ან უგულვებელყოფდნენ, ან უარყოფდნენ როგორც დემოკრატიასთან შეუთავსებელს და სეკულარიზმისა და მოდერნულობის მიმართ მტრულად განწყობილს.

ამდენად, გასარკვევია თუ რა დამოკიდებულებაშია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იმ უმთავრეს ღირებულებებთან რომელთაც ზოგადად დასავლურს უწოდებენ?

ფაქტია, რომ ქრისტიანულმა რელიგიამ თავის დროზე საქართველოსა და აღმოსავლეთს შორის დიდი ნაპრალი გააჩინა. გაქრისტიანების შემდეგ საქართველო საბოლოოდ გაემიჯნა ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ აღმოსავლეთს.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამდისაც ბევრად უფრო ადრე ჰქონდა და რომ ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ძვ. წ. I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ და ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებამ უფრო ინტენსიური გახადა ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი. ვინაიდან, ქრისტიანობა მარტოოდენ აღმსარებლობა როდი იყო, იგი გახლდათ მთელი სისტემა კულტურული ფასეულობებისა. IV საუკუნეში ქართლის მეფის მირიანის გადაწყვეტილება, თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ნიშნავდა საქართველოს ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.

ქართველობამ გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია აირჩია და დაშორდა აღმოსავლურ ზოროასტრულ სამყაროს.

„მთელი ათას ხუთასი წელი ქრისტიანობა იმ პატრუქს წარმოადგენდა, რომელსაც ჩვენში დასავლური კულტურის სხივებით ანათებდა. და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ესეც დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო.“

სამწუხაროა, რომ ქართველი მკვლევარებისგან ბევრჯერ თქმული ეს სიტყვები, რაც სრულიად გასაგებია ჩვენი მკითხველისათვის, დღემდე მის ახსნას ვერ ვახერხებთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის. არადა აუცილებელია მათ იცოდნენ თუ როგორ წარმოგვიდგენია სხვადასხვა ცივილიზაციათა წარმომადგენლებს და მათ შორის ქართველებსაც საკუთარი კულტურის როლი და ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის დიდ ოჯახში.  

მართალია, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანებამ, დღის წესრიგიდან მოხსნა ისტორიული კამათი, რომელიც ათას წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა არის თუ არა საქართველო აზიის თუ ევროპის ნაწილი. მაგრამ გვანიჭებს კი ეს უფლებას, რომ რადგან მიგვიღეს ევროპულ ოჯახში, ამით ჩვენ „ევროპელები“ გავხდით.

რა არის ევროპა ჩვენთვის, პოლიტიკური თავშესაფარი თუ ისტორიული ადგილი?! ამ საკითხთან დაკავშირებული არსებული თვალსაზრისებიდან, რომლებიც ცდილობენ კითხვას არგუმენტირებულად უპასუხონ, ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულება ემყარება რელიგიურ სარწმუნოებრივ არგუმენტს. მის თანახმად, რადგან დასავლური სამყარო ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება ამდენად საქართველოც, როგორც ერთ-ერთი პირველი ევროპული ქრისტიანული ქვეყანა, მის ცივილიზაციას განეკუთვნება. მაგრამ, ეს რომ უფრო სასურველის რეალობად მიღების ცდუნებაა ჩანს იქიდანაც, რომ ამჟამადაც დასავლეთში გავრცელებული შეხედულებით: ისლამურ, კონფუციურ, იაპონურ, ინდუისტურ, ბუდისტურ და მართლმადიდებლურ კულტურაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ მართლმადიდებლურ კულტურაში თითქმის ვერ პოულობს გამოძახილს ისეთი დასავლური იდეები, როგორებიცაა ინდივიდუალიზმი, ლიბერალიზმი, კონსტიტუციონალიზმი, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან და ა.შ.

საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სწორია ასეთი წარმოდგენები სხვა ცივილიზაციებზე შეფასებას ამის თაობაზე ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ სემუელ ჰანთინგტონი აკეთებდა. მისი თვალსაზრისით: „დასავლეთს მოეთხოვება სხვა ცივილიზაციათა ფუნდამენტური რელიგიურ და ფილოსოფიურ საფუძვლების უფრო ღრმა გაგება, მან უნდა გაიგოს, როგორ წარმოუდგენიათ ამ ცივილიზაციათა წარმომადგენლებს საკუთარი ინტერესები.“

ამიტომ გვსურს საუბარი თუ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს დამოკიდებულებას იმ უმთავრეს ღირებულებებთან რომელთაც ზოგადად დასავლურს უწოდებენ.

ქართული ფილოსოფიური აზროვნების ტრიადა

რადგან არსებობს შეხედულება, რომ თანამედროვე დემოკრატიულ ევროპას საფუძველი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაედო, რაშიც ძნელია არ დაეთანხმო, ამდენად, ჩვენც მოგზაურობა დროში აქედან შეგვიძლია დავიწყოთ.

როგორც ცნობილია, რუსთაველის ეპოქამდე ბევრად ადრე, საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებაში საკმაოდ იყვნენ ის პირები, რომლებიც დემოკრატიულ იდეებს ქადაგებდნენ. მათ შორის უშესანიშნავესად მაინც გიორგი მთაწმინდელია მიჩნეული. ქართული კულტურის მკვლევარის ისიდორე მანწკავას მტკიცებით: იგი პირველი მოღვაწე იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საქრისტიანო მსოფლიოში, რომელიც საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებაში ფეოდალიზმს შეებრძოლა. ასეთი იყო ის წამახალისებელი და მისაბაძი მაგალითი, რომელიც შემდგომში მეფის უფლებების შეზღუდვის მომხრე ყუთლუს დასისთვის, ისე როგორც რუსთაველისათვის, აღმაფრთოვანებელ იდეალად შეიძლებოდა ქცეულიყო.

ამას გარდა, XI საუკუნისათვის გიორგი მთაწმინდელისა და მის ირგვლივ შემოკრებილ ქართველ ათონელთა განუწყვეტელი ჭიდილი ერთმორწმუნე ბიზანტიასთან, დიდ ეროვნულ პრობლემას ეჯაჭვებოდა, სადაც ავტოკეფალიის საკითხი ვიწრო ეკლესიურ-აღმსარებლობით ჩარჩოებს სცილდებოდა და ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადი კულტურის დასტურად მოიაზრებოდა.

ცნობილია, რომ ქართველი ფილოსოფოსები ხშირად თვითმხილველი და მონაწილენი ხდებოდნენ XI საუკუნის 80-იანი წლების ბიზანტიაში არსებული მღელვარებისა, რომელიც დაიწყო მიქაელ პსელოსმა მანგანის აკადემიაში მოღვაწეობით და რომლის საქმიანობაც შემდგომ წარმატებით განაგრძო იოანე იტალოსმა. როდესაც იმპერატორ ალექსი კომნენოსის მიერ მოწვეულმა საეკლესიო სასამართლომ 1083 წელს „ანათემამიჩნეული“ იდეების ქადაგებისთვის იტალოსს მონასტერში იძულებით იზოლაცია მიუსაჯა, დაიწყეს მისი მიმდევრების სასტიკი დევნა. და აქ ხდება სრულიად გაუთვალისწინებელი რამ - იოანე პეტრიწს, ანალოგიური იდეების მატარებელს, მფარველად გამოეცხადა ბიზანტიის იმპერიის დიდი მოხელე, ქართველი გრიგოლ ბაკურიანი ძე, რომელმაც 1083 წელსვე დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე, პლოვდივთან ახლოს, ბოჩკოვოში დაარსა პეტრიწონის სემინარია. სწორედ აქ შეიკედლა მან იოანე პეტრიწი და თანაც მის ნიჭსა და შემოქმედებით გენიას სრული თავისუფლება მისცა.

პეტრიწის შემოქმედება ეფუძნებოდა არეოპაგიტიკასა და ნეოპლატონიზმს, რაც ქრისტიანული დოგმატიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მეტად სიპტომატური იყო ის, რომ 529 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით, დახურეს ათენის ფილოსოფიური სკოლა, აკრძალეს ანტიკური ფილოსოფიის სწავლება. დოგმატიზმი ქრისტიანული ბერძნული ოფიციოზის იდეოლოგიად იქცა, რისი უარყოფის ცდაც გახლდათ როგორც იტალოსის, ისე პეტრიწის მსოფლმხედველობა.

თუ გავითვალისწინებთ ამგვარ საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ფონს, ნათელი გახდება, რომ ეს კიდევ უფრო აძლიერებდა გრიგოლ ბაკურიანის ძის რისკს, თუმცაღა, სრულიად ბუნებრივია, ამ იდეების ქადაგება უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა და ისევ სასწაული ხდება. ამჯერად იოანე პეტრიწს მფარველად მოევლინა დავით აღმაშენებელი, რომელმაც გელათი შესთავაზა ნიჭიერ სწავლულს სამოღვაწეოდ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ის იდეები, რომლებიც ბიზანტიაში იდევნებოდა, ხოლო ევროპისათვის ჯერ კიდევ ვნებათა ღელვის მიღმა რჩებოდა, ქართული სახელმწიფოს საჭეთმპყრობელმა არათუ შეიწყნარა, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ძირითად მიმართულებად აქცია. უფრო მეტიც, მან უმაღლესი განათლების კიდევ ერთი კერა შექმნა, რომელსაც სათავეში ასევე გამორჩეული პიროვნება არსენ იყალთოელი ჩაუყენა, მატიანე არსენ ვაჩეს ძის სახელით რომ იცნობს.

როცა პეტრიწი სწავლობდა მანგანის აკადემიაში, დაახლოებით ამავე პერიოდში, აქვე განათლებას იღებდა არსენ იყალთოელიც. არსენმა აითვისა ყველა მოწინავე იდეა, რომლითაც საზრდოობდა იმდროინდელი ბიზანტია, შეისწავლა ანტიკური, წარმართული და საღვთისმეტყველო ფილოსოფია, და სრულიად ბუნებრივია, ამ ფონზე თავად აირჩია მსოფლმხედველობრივი ორიენტირი, რომელიც პრაქტიკულად განსხვავებული აღმოჩნდა იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობისგან.

არსენ იყალთოელი მოღვაწეობდა შავ მთაზე, საქართველოში დაბრუნების შემდგომ კი გელათში, შიომღვიმეში და ბოლოს იყალთოში, სადაც მეფე დავითთან ერთად შექმნილ აკადემიას ჩაუდგა სათავეში.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ არსენ იყალთოელი დავით აღმაშენებელთან დაახლოებული პირია. მის ავტორიტეტსა და განსწავლულობას მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ დავითის მეფობის უკანასკნელ - 1123 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე იგი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ.

და აქ ისახება მეტად საინტერესო ტრიადა ქართული ფილოსოფიური აზროვნებისა - იოანე პეტრიწი, დავით აღმაშენებელი და არსენ იყალთოელი. პირველი გახლდათ არეოპაგიტიკისა და ნეოპლატონიზმის მქადაგებელი, მეორე - ქრისტიანული ქვეყნის საჭეთმპყრობელი, ხოლო მესამე - დოგმატური ქრისტიანული მსოფლმხედველობის დამცველი.

სწორედ ამ ტრიადას ეფუძნება შემდგომი პერიოდის ქართული კულტურულ - მსოფლმხედველობრივი პროცესის აღმავლობა, რომლის გვირგვინადაც დიდი რუსთაველი და მისი ეპოქა მოიაზრება.