ფაიფურის ისტორია

ფაიფურის ისტორია

ფაიფური ხელოვნური მარილისგან შეიქმნა: ეს არის თიხის, კვარცის და რაც მთავარია, კაოლინის ნარევი... შემდეგ უკვე შეფერილია კაშკაშა საღებავებით – ძალიან ლამაზი და ელეგანტური. ფაიფურს გაჩენისთანავე დაუკავშირდა უამრავი მითი და გამოცანა.

ფაიფურის წარმოება პირველებმა ჩინელებმა ისწავლეს. ჩვენს ერამდე ორი ათასი წლის წინათ, სავარაუდოდ, ხანის დინასტიის დროს. თუმცა, ის ფაიფური მაინც არ იყო კლასიკური ფაიფური. ის დაიხვეწა და სრულყოფილებას მიაღწია მხოლოდ მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში. საქმე ისაა, რომ ფაიფურის გამოწვას ძალიან მაღალი ტემპერატურა სჭირდება, 1370-1430 გრადუსი მაინც. ამ ტიპის ღუმელები მხოლოდ მეთოთხმეტე საუკუნეში გამოიგონეს და უმაღლესი ხარისხის ფაიფურიც ამ დროს გაჩნდა. ჩინეთში ფაიფური ძვირი არ ღირდა. ევროპელი ჯაშუშები ცდილობდნენ, ჩინეთიდან გაეტანათ ფაიფურის წარმოების საიდუმლო, მაგრამ დიდხანს – საკმაოდ უშედეგოდ.

ამიტომ, ევროპელებმა თავად დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება. პირველად წარმატებას ფლორენციელმა ბერნარდო ბუონტალენტიმ მიაღწია – მედიჩის კარის არქიტექტორმა. თუმცა, პირველი ფლორენციური ფაიფური მსუბუქი და გამჭვირვალე არ იყო.

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს აფთიაქარის ნორჩმა მოსწავლემ იოჰან ბიოტერიმ ქიმია კარგად შეისწავლა და ვერცხლის მონეტები ოქროთი დაფერა. პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ პირველმა მოისურვა, ასეთი კარგი ალქიმიკოსი გვერდით ჰყოლოდა. მაგრამ, ბიოტერი საქსონიაში გაიქცა, კიურფიურისტ ავგუსტთან. სწორედ იქ, საქსონიაში, კიურფიურისტის დაჟინებული მოთხოვნით, შეიქმნა იშვიათი ფაიფური, რომელმაც საქსონიას საუკუნეების განმავლობაში გაუთქვა სახელი.

იოჰან ბიოტერი 1719 წელს გარდაიცვალა 38 წლის ასაკში. მაშინ, არც მას და არც სხვას, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა სახიფათო იყო სიცოცხლისთვის ის ქიმიური ცდები, რომელსაც იოჰანი თითქმის 12 წლის განმავლობაში ატარებდა.