ბიზნესმენი კახა კვიციანი ლეონარდო დევდარიანს მიმართავს

ბიზნესმენი კახა კვიციანი ლეონარდო დევდარიანს მიმართავს

გაზეთქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ლეონარდო დევდარიანთან, სადაც ის ბიზნესმენ კახა კვიციანს მისი უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს, კვიციანი განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ 

„ვწუხვარ, რომ საჯარო გამოხმაურება მიხდება ჩემი და ჩემი ოჯახის ყოფილი მეგობრის, ლეონარდო დევდარიანის ცილისწამების გამო. საჯარო სივრცეში კამათი არ არის ჩემი ხასიათის თვისება, მაგრამ ამ ადამიანმა (კაცს, მას ვეღარ ვუწოდებ) მეგობრობის, ნათესაობის, პარტნიორობის ყველა ზღვარი წაშალა უსამართლოდ მლანძღა ერთ–ერთი გაზეთის, კერძოდ „ქრონიკა+“–ის ფურცლებიდან.

საჯარო გამოსვლები არ მჩვევია. ვარ ბიზნესმენი, მრავალი წელი მიმუშავია სახელმწიფო სტრუქტურებშიც. ყველგან, სადაც ვიყავი ვაკეთებდი საქმეს, ვქმნიდი პროდუქტს და ამით ვიყავი კმაყოფილი და ამით ვარ, პირველ რიგში,  მართალი საკუთარ თავთან, საკუთარ ოჯახთან და ქვეყანასთან.

მე მედია–ექსპერტად ვერ გამოვდგები, თუმცა მიმაჩნია, რომ როცა ესა თუ ის გამოცემა ამა თუ იმ პიროვნებისგან ინტერვიუს იღებს, სადაც სხვა პიროვნებაა გალანძღული, უბრალო კანონზომიერება და წესია, რომ იმ პიროვნებასაც ჰკითხო აზრი და ჩამოართვა კომენტარი საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, დევდარიანმა მისთვის ჩვეული დემაგოგიით შეძლო და გაზეთის რედაქციაც შეცდომაში შეიყვანა.

არაუშავს. ამ ამბავს მხოლოდ იმით ეშველება, რომ მე დაინტერესებულ საზოგადოებას ჩემი პოზიცია და სიმართლე, რომელიც ყოველთვის ერთია, საჯარო განცხადებით გავაცნო.

საქმე ის არის, რომ ლეონარდო დევდარიანი ცდილობს, ამ მედია–ხმაურით გავლენა მოახდინოს სასამართლო პროცესზე, რომელიც მის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს და ამით მაიძულოს უარი ვთქვა ჩემსავე კომპანიაში, ჩემსავე კანონიერ ინტერესებზე და დაშანტაჟებულმა ვაჩუქო მას ის, რასაც თაღლითობით დაეპატრონა. კერძოდ, 2013 წლის დასაწყისში, დევდარიანმა, ჰქონდა რა ინფორმაცია, რომ ჩემს კომპანიას ამოწმებდა ფინანსური პოლიცია, მომმართა და შემომთავაზა, რომ კომპანიაში ჩემი წილი მისთვის დამეთმო და მარწმუნებდა, რომ როცა ჩემი გვარი აღარ იფიგურირებდა კომპანიის მეწილეთა შორის და ის იქნებოდა კომპანიის სახე, თავისთავად ასცილდებოდა კომპანიას პრობლემები. ხოლო შემდგომში, შემოწმებების დასრულების შემდეგ უპრობლემოდ დააბრუნებდა წილს.

ჩვენს მოლაპარაკებას ესწრებოდა რამდენიმე ჩვენი საერთო მეგობარი, ნათესავი და ახლობელი, რომლებიც ყველა დონეზე ადასტურებენ მოყვანილი ფაქტის სიზუსტეს და იმასაც, რომ ჩემი პირველივე მოთხოვნისთანავე, დევდარიანს უკან უნდა დაებრუნებინა დროებით გადაფორმებული წილი.

შემდგომში კი ხდება ის, რომ დევდარიანი, ნაცვლად მეგობრული პირობის შესრულებისა, შედის ურთიერთობაში რამდენიმე ცნობილ პიროვნებასთან, რომელთა სახელებსაც მე ახლა არ ვასახელებ. ლეონარდო და მისი ამფსონები კომპანიისთვის პრობლემების შექმნის მიზნით აყალბებენ პარტნიორთა კრების ოქმს და იღებენ გადაწყვეტილებას კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ (დიდი ალბათობით, ეს რომ გასვლოდათ, შემდგომში კომპანიის აქტივებს, რაც საკმაოდ მოცულობითი უძრავ–მოძრავი ქონებაა, იოლად დაყიდიდნენ და ჩაიგდებდნენ ხელში). სწორედ ამ ფაქტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და სწორედ ამას განიცდიან ბატონები, ლეონარდო დევდარიანის თავკაცობით.

დევდარიანმა წილის არდაბრუნება ახსნა იმით, რომ თითქოსდა მესტიის რაიონში ერთ–ერთი სახელმწიფო ტენდერი მოაგებინა კომპანიას და ამისთვის მას თითქოსდა კუთვნილი ბონუსი არ გადაუხადეს. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი ბუნებაში არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საყოველთადაა ცნობილი, – სახელმწიფო ტენდერები ელექტრონულად ტარდება და იმარჯვებს დაბალი ფასი. კომპამიამ კი იმ კონკრეტულ შემთხვევაში გაიმარჯვა მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლო და დამკვეთს გამოცხადებულთან შედარებით 3 მლნ ლარით ნაკლები ფასი შესთავაზა.

იყო კიდევ ერთი ფაქტიც, რომელიც საზოგადოებას კარგად გააცნობს ლეონარდო დევდრიანის ნამდვილ ბუნებას. როდესაც მან დაჟინებით განაცხადა, რომ კომპანიიდან გაკეთებული საქმის სანაცვლოდ რაღაც ერგებოდა, მას შევთავაზეთ, რომ ჩვენ–ჩვენი სიმართლე, სვანური ტრადიციის თანახმად, ხატზე დაფიცებით დაგვემტკიცებინა. დევდარიანმა ორი კაციც კი ვერ იპოვნა, ვინც მის სიმართლეს ხატის წინაშე მასთან ერთად დაფიცებით გაიზიარებდა.

მოკლედ და მარტივად რომ ითქვას, ლეონარდო დევდარიანი სოლიდური სარგებელის მიღების მიზნით, ურცხვად წავიდა შანტაჟზე. ამ ფაქტის გამო, მეტი გზა რომ აღარ დატოვა, ჩვენმა მხარემ სასამართლოს მიმართა და შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს კიდეც. უახლოეს ხანში, ჩვენი მხარე შესაბამისი საჩივრით პროკურატურისთვისაც გეგმავს მიმართვას. 

რამდენადაც მე აღარ ვაპირებ ლეონარდო დევდარიანთან პირადი ურთიერთობის გაგრძელებას (საქმიანზე ხომ საუბარიც ზედმეტია), ამ ფორმით ვეტყვი მას, რომ ყველა მისი მცდელობა, დამაშანტაჟოს, განწირულია და მისთვისვე სჯობს, თავდახრით დააბრუნოს ის, რაც მას არ ეკუთვნის და კაცისთვის, ადამიანისთვის შეუფერებელ საქციელს ნუღარ განაგრძობს. იქნებ ასე, რაღაც დონეზე მაინც, სახე შეინარჩუნოს და დარჩეს ადამიანად. სხვა შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ ადამიანს, რომელიც არც სიტყვის პატრონია, არც თავისი კუთხის ადათ–წესებს დაგიდევთ რამედ და ორი ადამიანიც კი ვერ უპოვია, ვინც მის სიმართლებს დაადასტურებს, ამ ქვეყანაზე შერჩეს ხელისჩამომრთმევი და გამარჯობის მთქმელი ხალხი. თუმცა, ეს მისივე არჩევანია.

ამ გამოხმაურებით მე ვამთავრებ  ურთიერთობას ლეონარდო დევდარიანთან და მისი მხრიდან შანაჟისა და ცილისწამების გაგრძელების შემთხვევაში, მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში შევხვდები, როგორც მას, ისე მისსავე ამფსონებს“, – აღნიშნულია ბიზნესმენ კახა კვიციანის განცხადებაში.