მინდა, შემიყვარდეს!

მინდა, შემიყვარდეს!

როცა შეყვარებული ხარ, ცხოვრება გაცილებით მშვენიერია. თითქოს აღარ არსებობს არანაირი პრობლემა: გიყვარს და უყვარხარ – რა შეიძლება იყოს ამაზე  მშვენიერი?! მაგრამ, იმისთვის, რომ შეგიყვარდეს, მარტო სურვილი არ კმარა, კიდევ რაღაც არის საჭირო... როგორ უნდა მოიქცე, რომ ისევ აღმოჩნდე ტკბილ ბურანში? „შპარგალკები“ გნებავთ? – ინებეთ...

არავითარი ისტერიკა და წუხილი! ნუ დაივიწყებთ, რომ კეთილგონიერების გარეშე სიყვარული მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. გახსოვდეთ, ასევე, საკუთარი პრინციპებისა და მისწრაფებების შესახებ.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრება საჩუქარია. საჩუქარი ხართ თქვენც, მაგრამ, შესაბამისად თუ არ „შეიფუთებით“, შეიძლება, მოსაწონიც კი არ იყოთ. გამოკვეთეთ ის, რაც მართლაც განსაკუთრებული გაქვთ. ლამაზ, სტანდარტულ თოჯინებზე მეტად კაცებს ინდივიდუალური, თავისებურად მომხიბლავი ქალები ამახსოვრდებათ – გამოკვეთილი ხასიათით, პიროვნული ნიშნებით.

ძალიან მოკლე კაბა და ღრმა დეკოლტე კარგი საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ, ამის ამარა დიდხანს ვერ „გაქაჩავთ“. ინტელექტი და იუმორის ნიჭი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა. ზოგჯერ ამის დაჯერება რთულია, მაგრამ, თქვენ მაინც დაიჯერეთ, რომ მეტისმეტად ლამაზი ქალი მამაკაცისთვის არცთუ ძალიან სასურველი ცხოვრების თანამგზავრია... და, კიდევ, თუ გინდა, ვინმე შეგიყვარდეს, მზად უნდა იყო სიყვარულისთვის. გაიღიმეთ და ისე იარეთ ცხოვრების გზაზე საყვარელი ადამიანის საპოვნელად...