მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა სია

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა სია

დასტინ მოსკოვიცი – ასაკი: 29 წლის; კაპიტალი: 3,8 მილიარდი დოლარი

მარკ ცუკერბერგის ყოფილი მეზობელი საერთო საცხოვრებლიდან და „ფეისბუქის” თანაავტორი, რომელიც აღარ მუშაობს კომპანიაში. მოსკოვიცი ბილ გეითსის და უორენ ბაფეტის ფილანტროპული ინიციატივის მომხრეა და თავისი ქონების ნახევარს მომავალში ქველმოქმედებაზე დახარჯავს. მოსკოვიცი არატიპური მილიარდერია. ის ველოსიპედით გადაადგილდება და წელიწადში ერთხელ კარავით მიდის მთაში სრულიად მარტო.

მარკ ცუკერბერგი - ასაკი: 29; კაპიტალი: 13,3 მილიარდი დოლარი

მარკ ცუკერბერგი სულ რაღაც 8 დღით არის უფროსი დასტინ მოსკოვიცზე. ის გახლავთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული სოციალური ქსელის „ფეისბუქის” მფლობელი, აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. ცუკერბერგის კაპიტალი მთლიანად დამოკიდებულია „ფეისბუქის” აქციების ფასზე.

ალბერტ ფონ ტურნი უნდ ტაქსისი – ასაკი: 30; კაპიტალი: 1,5 მილიარდი დოლარი

ტურნი-ტაქსისების საგვარეულოს მეთორმეტე წარმომადგენელი – ალბერტი  ფლობს ლუდის ქარხანას, მიწის ფართობებს, წისქვილებსა და ბანკს. პირველად მილიარდერების რეიტინგში ალბერტი 2001 წელს, 18 წლის ასაკში მოხვდა, მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობით მიიღო ქონება. ავტოსპორტით გატაცებული ალბერტი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოა ევროპაში.

სკოტ დუნკანი – ასაკი: 31 წლის; კაპიტალი: 5,1 მილიარდი დოლარი

სკოტ დუნკანი ნავთობმაგნატის, დენ დუნკანის უმცროსი ვაჟია. 2010 წელს გარდაცვალების შემდეგ, დენ დუნკანმა თავის ოთხ ვაჟს დაუტოვა კომპანიის მართვის სადავეები. ცნობისთვის, დუნკანების კომპანია „ენტერპრაიზ პროდუქტს პარტნერსი” 12,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.

ედუარდო სავერინი – ასაკი: 31 წლის: კაპიტალი: 2,2 მილიარდი დოლარი

„ფეისბუქის” თანადამფუძნებელი და მარკ ცუკერბერგის ყოფილი მეგობარი, რომელიც მილიარდერების რეიტინგში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლოს დახმარებით, ცუკერბერგს კომპანიის აქციების კუთვნილი 5 პროცენტი გამოართვა. ამჟამად ბრაზილიის მოქალაქე  სავერინი სინგაპურში ცხოვრობს, სადაც ინვესტიციებს ახორციელებს.