„ცვილილებებს ნუ კი ვიჩქარებთ, ვიჩქაროთ, ვინმემ დაგვარწმუნოს იმის შესაძლებლობაში, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებული წარმატებული ხელმძღვანელი იქნება სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის. დღეს სწორედ ასეთი წარმატებული პიროვნების დაქვემდებარებაშია ეს ყველაზე შიშისმომგვრელი სტრუქურა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ყოფილ და დღვანდელ პრემიერ-მინისტრებს საკადრო სივრცეში ძალიან ვიწრო ხედვა გააჩნიათ.
როგორ შეიძლება აიხნას ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ის, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გაითვალისწინა წინამორბედის მოსაზრებები მიანიშნებს იმაზე, რომ მოქმედი პრემიერისთვის ერთი თქმა საკმარისი არ არის?
- როგორც ყოველთვის, „ჭარბი“ ინტერესის საგანი იყო ბატონი ბიძინას ინტერვიუ და „ჭარბი“ ყურადღებით მოვისმინე მისი გამოსვლა. შემექმნა „ჭარბი“ შთაბეჭდილება იმაზე, რომ განსაკუთრებული სიახლე არ არის ბატონი ბიძინას არც საქმიანობაში, არც პოზიციაში, არც მიდგომებში. რაც შეეხება მის ურთიერთობას ბატონ ღარიბაშვილთან, ეს ამ ორი პიროვნების ინდივიდუალური საკითხია, ადამიანის ურთიერთობაზე რაიმე ექსპერტული აზრის არსებობა დამამცირებელია.
როდესაც დავაკვირდებით პროცესის განვითარებას, მეტი პირადი შთაბეჭდილება დაგვრჩება ამ ურთიერთობების გაძლიერებისა თუ შესუსტების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის მხრიდან საკადრო დანიშვნების პროცესში, მოვისმინეთ გარკვეული დამოუკიდებელი ნაბიჯების არსებობა, გამიჭირდება მაინც დავიჯერო, რომ მან და არა სხვამ, დანიშნა იგივე სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ასეთი საკითხების განხილვა პოლიტსაბჭოში არ მიმდინარეობს. ბატონ ბიძინაზე უკეთესი მრჩეველი არ გააჩნია პრემიერ-მინისტრს და ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ რასაკვირველია, მოსაწონია ბატონი ბიძინას პოზიცია, რომ იგი თვალს არ დახუჭავს და იტყვის სათქმელს.
თვალის არდახუჭვის ელემენტები იყო მის გამოსვლაში, როდესაც პრემიერის ნათესავებზე ისაუბრა?
- რასაკვირველია, სწორედ თვალის დახუჭვის ელემეტები იყო როდესაც ის საუბრობდა ჯანყარაშვილზე, რომან ჩხენკელზე და ჩემთვისაც გასაკვირი იყო ამ ადამიანის საქმიანობა სრულიად არადეკვატურ თანამდებობაზე. არაერთხელ მედიით ვისარგებლე ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ თუ ბატონი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის აზრს არ ითვალისწინებს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ჩემი გაიზიაროს, მაშინაც კი, როცა ჩემი და ბატონი ბიძინას პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. ეს მიმამანიშნებს იმაზე, რომ თუ ადრე ჩვენს ახალბედა პრემიერ-მინისტრს ორჯერ თქმა არ სჭირდებოდა ბატონ ივანიშვილისგან, ალბათ, სულ ცოტა, ერთ ნახევარი თქმა სჭირდება უკვე.
როგორ ფიქრობთ, გახდება ეს ციფრი უფრო დიდი?
- ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს და ის ნაბიჯები, რომელსაც გადადგამს ბატონი ღარიბაშვილი. ასე აუცილებლობად არც მე მიმაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს არსებული მთავრობა და გადადგეს პრემიერ-მინისტრი, რადგან, ვიდრე ქვეყანაში არ არის მკაფიო გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკის დოკუმენტი და ვიდრე ჩვენ არ ვიცით რა გამოცდილება უნდა ჰქონდეს ადამიანს ამა თუ იმ თანამდებობაზე დასანიშნად, რასაკვირველია, ვინმეს გადაყენების მოთხოვნა დიდი ალბათობით, მოგვიტანს ცნობილ ფორმულას - ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე.
ამიტომ, ცვილილებებს ნუ კი ვიჩქარებთ, ვიჩქაროთ, ვინმემ დაგვარწმუნოს იმის შესაძლებლობაში, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებული წარმატებული ხელმძღვანელი იქნება სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის. დღეს სწორედ ასეთი წარმატებული პიროვნების დაქვემდებარებაშია ეს ყველაზე შიშისმომგვრელი სტრუქურა.
ივანიშვილმა გარკვეულწილად უსაყვედურა მოქმედ პრემიერს, იგივე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს აქვს მისი მემკვიდრის შეცვლის სურვილი?
- რასაკვირევლია, და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სწორადაც ყოფილ და დღევანდელ პრემიერ-მინისტრებს საკადრო სივრცეში ძალიან ვიწრო ხედვა გააჩნიათ. მათ არ აქვთ “ჭარბი” რაოდენობის ადამიანებთან ურთიერთობა, მათ არ იციან სად უნდა ეძებონ “ჭარბი” ინტელექტუალური და ორაგანიზაციული პოტენციალი ჩვენი საზოგადოების. ამიტომ, სწორედ საკადრო პირობებში, რაიმე „ჭარბი“ წარმატების საფუძველს ვერ ვხედავ, ვიდრე ეს არ იქნება გამჭვირვალე, კანონით განსაზღვრული პროცედურის საგანი.
თურმე ელექტონული ტენდერები უნდა ვაცხადოთ ასფალტის დასაგებად ვინ შემოიტანს ქვიშას და არანაირი საკონკურსო თემა არ არის, ვინ უნდა ჩაუდგეს ამა თუ იმ საქმიანობას სათავეში. ეს ყველაფერი კვლავ კულისებს უკან წყდება და შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ ვინმე გადადგება თუ არ გადადგება, მუდმივად არის სიურპრიზი და არა რაიმე შედეგი კონკრეტული ქმედებების.
უშიშროების დეპარტამენტის წინა ხელმძღვანელი ისე დავკარგეთ, რომ დამშვიდობებაც კი არ მოისურვა არავისთან, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით, ათიოდე პირი მაფიოზური სოლიდარობით გადადგა თანამდებობიდან.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა კოალიციის აღმასრულებელმა მდივანმაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი კოალიციაში, გაქვთ მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები?
- ბატონი ბიძინა თავად ბრძანებს, რომ არ გამორიცხავს ასეთ სცენარს. ცხადია, ვერც მე გამოვრიცხავ და „ჭარბ“ საფრთხეს ვხედავ სწორედ ასეთ არაკონკრეტულ მოლოდინებთან დაკავშირებით, რაც გააჩნია ბატონ ივანიშვილს. საფრთხე ჩემთვის არის არსებული საარჩევნო კოდექსი. თუ არ მოხდა მომავალ არჩევნებამდე მისი ტრანსფორმირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ დღევანდელმა ხელისუფლებამაც მოისურვა, რომ მაჟორიტარული არჩევნები და მაჟორიტართა შაბაში, თავისი სქელი ჯიბეებით, უნდა იყოს პარლამენტის დაკომპლექტებისთვის განმსაზღვრელი, მაშინ, რასაკვირველია, წელს იქნება არჩევნები, მომავალ წელს თუ 5 წლის მერე, ერთი და იგივე შედეგს მივიღებთ.
ნაცვლად იმისა, რომ ვიმარჩიელოთ როდის იქნება შემდეგი არჩევნები, პარლამენტმაც, მთავრობამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ 2015 წელს დასრულდეს ამ ახალი ცვლილებების შეტანის პროცედურა საარჩევნო კოდექსში და მერე ვილაპარაკოთ უკვე თარიღზე. არსებული კონსტიტუციური მოთხოვნიდან შესაძლებელია, რომ ამ პროცედურას უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე შესაძლებელია.
დაანონსდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყება თებერვლიდან. ივანიშვილის განცხადებით 1 მილიარდია საჭირო იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულების კომპენსირება მოხდეს. ხელისუფლება შეიცვალა, პირველადი განცხადება გაკეთდა, რომ ეს თანხა შეადგენდა 7 მილიარდს. დღეს უკვე 1 მილიარდამდე ჩამოვიდა. 6 მილიარდი სად გაქრა, შესაძლებელია, რომ ეს თანხა გადანაწილდა იმ ადამინებთან, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ყოფილ ხელისუფლებასთან? მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრს საუბრობდნენ ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით...
- სამწუხარო აღიარებაა, რომ ნაცვლად 2012 წლის ნოემბერისა, სამართლიანობის აღდგენა დაიწყება 2015 წლის თებერვალში. ეს მიდგომა უცხო არ ყოფილა ყოფილი მთავარი პროკურორისთვისაც და ჩემი აზრით, ასეთი პოლიტიკური ნების არარსებობა იყო სწორედ მიზეზი მისი გადადგომისა. ახლა, ნაცვლად ცნობადი და სანდო პროკურორისა, ჩვენ გვთავაზობდნენ პროკურორებს ან პოლიციიდან, ან ისეთი უწყებიდან, სადაც რაიმე განსაკუთრებული წარმატების ბიოგრაფია არ მოსდევთ.
ერთადერთი, რაც შეიცვლა ჩვენს ცნობიერებაში, ეს გახლავთ ძალიან პოპულარული და მართალი კაცის აფეთქება. ნუთუ ასეთი ნაღმებით უნდა ელაპარაკოს ხალხი ხელისუფლებას? ღმერთმა არ ქნას. ამიტომ, კეთილი ინებონ და თებერვალში სამართლანობის აღდგენა კი არ დაიწყონ, არამედ, უნდა დაასრულონ პროკურატურის, შსს-ს და სასამართლოს იმ არამზადებისგან განთავისუფლება, რომლებიც ჰქმნიდნენ ამ სრულიად მიუღებელ სისტემას, სადაც ყველაზე ნაკლები ფასეულობა სწორედ, ადამაინი იყო. ესეც ეზარებათ, ესეც კითვის ქვეშ უდგათ.
ლაპარაკია რამდენიმე ადამიანზე, რომლებმაც თავად დაწერეს განცხადება და დატოვეს თანამდებობა. უკაცრავად, სასეირნოდ უნდა გაეშვათ ეს ადამაინები თუ პირდაპირ უნდა შეეფარდებინათ პატიმრობა? თუ ისინი თვლიან, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება აქვთ ჩადენილი, მაშინ პასუხისგებაში უნდა მისცენ. თუ თვლიან, რომ არანაირი შეხება არ ჰქონიათ ასეთ საქმესთან, მაშინ რატომ აკმაყოფილებენ მათი წასვლის სურვილს? მოკლედ, თავის ტკივილი მხოლოდ თუ ემატება და არ აკლდება ჩვენს ხელისუფლებას.
დროა, არა მხოლოდ ღარიბაშვილის და მისი ვერტიკალის გადასაწყვეტი იყოს სამართლიანობის აღდგენა, აუცილებელია საზოგადოებრივი სტრუქტურების შექმნა, რომლებიც ითანამშრომლებენ ასეთი საქმეების გამოძიებისას პროკურატურასთან. ასეთი ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებსაც შეუძლიათ სასიკეთო რჩევის მიცემა გამომძიებლებისთვის. სხვა მხრივ 7 მილიარდასა და 1 მილიარდს შორის განსხვავება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს, ბატონმა ბიძინამ დაიანგარიშა. ჩვენ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი ვეუბნებოდით ბატონ ბიძინას, რომ 7 მილიარდი ცაში თითის მიჭერით წარმოქმნილი ციფრია და არანაირი ასეთი დამთხვევა არ არსებობს.
საინტერესოა, ვინ იყო ავტორი ამ ციფრის?
- რასაკვირველია პროკურატურა. პროკურატურას უნდოდა, რომ ეს ყოფილიყო 7 მილიარდიანი სქემა. თუ მილიარდად შეიძლებოდა ამ საქმის მოგვარება, ეს კითხვა კიდევ დაისმება ბატონი ივანიშვილის წინაშე.
რატომ თებერვალი და არა დეკემბერი? ხომ არ თვლით, რომ სამართლიანობის აღდგენის საკითხზე საუბარით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იწყებს მზადებას?
- ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო ნოემბერში, ოღონდ არა 2014-ის, არამედ 2012 წლის ნოემბერში. ახლა საუბარი იმაზე, რომ 2015 წელს დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, ეფუძნება იმ ტრაგედიას, რომლის მომსწრენიც ვიყავით 20 ინავარს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ აფეთქებაზე რეაგირებენ ჩვენი ხელისუფალნი და მხოლოდ არნახულ ტრაგედიას მიიტანენ საკუთარ ყურთან. ამ თებერვალთან დაკავშირებით რაიმე პროტესტი არ მაქვს. იანვარი, პრაქტიკულად, დასრულებულია, იანვარში რაც არის გამოსაძიებელი, ეს გახლავთ სწორედ ვაზაგაშვილების ოჯახის მიმართ ჩადენილი ტერაქტი.
ორიოდე დღე დარჩა თებერვალდე და დავაკვირდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სამართლიანობის აღდგენის წარმატებული პროცესი არ დაიწყება, თუ შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები არ იქნებიან ჩართული. ამასთან ერთად, დადგა დრო, რომ თანამდებობებზე ამ უწყებებში დაინიშნონ ადამიანები, რომელთა ერთგულების კოეფიციენტი განისაზღვრება არა რომელიმე განსაკუთრებული პიროვნების მიმართ, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს მიმართ.