ინგლისში, სოფელ ჰილმარტონში მეფე იაკობის ბიბლიის ეგზემპლარი აღმოაჩინეს, რომელიც 1611 წელსაა დაბეჭდილი და წმინდა ლავრენტის ეკლესიაში ინახებოდა.
ეკლესიის წარმომადგენელთა თქმით, წიგნით ისინი იშვიათად სარგებლობდნენ. თუმცა მისი ისტორიული ღირებულების დადგენა ახლახანს, საეკლესიო საბჭოზე გადაწყვიტეს. ჰილმარტონში ლონდონის წიგნის მუზეუმის ექსპერტები მიიწვიეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ წმინდა წერილი მეფე იაკობის ბიბლიის ერთ–ერთი უძველესი გამოცემაა.
აღმოჩენილი წიგნი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია: პირველი თავი დაკარგულია, ფურცლები კი შელახული. გამოცემა ასევე დაზიანდა 1857 წელს, როდესაც ეკლესიის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა მისი თვითნებური რესტავრაცია სცადა.
მეფე იაკობის ბიბლია დიდი ბრიტანეთის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია – მის საფუძველზე ინგლისური ენის თანამედროვე ვარიანტი შეიქმნა. ამჟამად მეფე იაკობის ბიბლია წმინდა წერილის ყველაზე გავრცელებულ ვერსიად ითვლება, ის რამდენიმე ასეულ ენაზეა ნათარგმნი.