რა იწვევს ბავშვებში ნევროზული შიშების განვითარებას

რა იწვევს ბავშვებში ნევროზული შიშების განვითარებას

ნევროზი ბავშვებს გაცილებით ხშირად აწუხებთ, ვიდრე დიდებს. ჯანმრთელი ბავშვების შიშს ყოველთვის რეალური საფუძველი აქვს. წლამდე პატარა მაღალი ბგერებისა და დიდი საგნის მიახლოებაზე შფოთავს. ჩვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, როცა დედა ნერვიულობს, ბრაზობს ან რამეს განიცდის – ამ დროს პატარაც აგზნებულია. დაახლოებით 3 წლამდე ბავშვს ექიმისა და ზღაპრების ბოროტი გმირების ეშინია. 7 წლის ბავშვი კი უკვე საკუთარი სიკვდილისა და ახლობლების დაკარგვის შესაძლებლობას აცნობიერებს. სკოლის ასაკში შიშები მათ ახალ სოციალურ როლთან არის დაკავშირებული. ისინი ნერვიულობენ, რომ, შესაძლოა, ვერ გაამართლონ მშობლებისა და მასწავლებლების იმედები.

ყველა ზემოჩამოთვლილი შიში ნორმალურია და თითქმის ყველა ბავშვისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, უფროსებისგან ტაქტიკურ მიდგომას საჭიროებს. თუ პატარას სიბნელეში მარტო დატოვებთ, მას შეეშინდება და ვერ დაიძინებს. არ შეიძლება მისი ოთახში ჩაკეტვა დასჯის მიზნით. ამ დროს მას უფრო უმძაფრდება სიბნელისა და მარტო ყოფნის შიში, რასაც ემატება მშობლის განრისხების შიშიც და ეს უკვე ნევროზის დასაწყისია.

რაც არ უნდა უსაფუძვლო მოგეჩვენოთ თქვენი შვილის შიში, არ დასცინოთ მას. პირიქით, აგრძნობინეთ, რომ მის განცდაში არაფერია არანორმალური და მის ასაკში თქვენც გეშინოდათ. მშობლის მხრიდან უტაქტო მიდგომის შემთხვევაში, ბავშვი საკუთარ თავში იკეტება და განცდის მიზეზიც აქვს. თუ ამ განცდის მიზეზის გამოსავალს ვერ იპოვის, მას ფობია უყალიბდება. ფობია კი თავს მოხვეული შიშია. არსებობს კლაუსტროფობია, ანუ, დახურული სივრცის შიში; ასევე, სოციოფობია – ურთიერთობების შიში; ნოზოფობია – დაავადების შიში და ასე შემდეგ. შედეგად, ბავშვი საკუთარი თავისადმი რწმენას კარგავს, ჩაკეტილი ხდება და აგრესიას გამოხატავს.

ბავშვებში ნევროზული შიშების განვითარება, შეიძლება, მემკვიდრეობით ფაქტორს, ანუ, გენეტიკას უკავშირდებოდეს. პატარას ჯანმრთელობისთვის საჭიროა არა მხოლოდ მშობლის სწორი დამოკიდებულება მისადმი, არამედ, ურთიერთობების კონტროლი. ნევროზული შიში, როგორც წესი, ვეგეტაციური წესის მოშლილობით, ანუ, გახშირებული გულისცემით, სიცხით, შემცივნებით, უძილობით, მადის დაკარგვით გამოირჩევა. ამიტომ, ამ სიმპტომების პირველი გამოვლენისთანავე, სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ბავშვს, მიიღეთ ექიმისგან კონსულტაცია,  ფსიქოლოგისგან რეკომენდაციები და ზედმიწევნით შეასრულეთ.