Fusion

Fusion

გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც როკ მუსიკა თანდათანობით იკიდებდა ფეხს და წლითიწლობით ვითარდებოდა, ჯაზს ეს პერიოდი კარგა ხნის გავლილი ჰქონდა და ფაქტობრივად სრულყოფილებისთვის მიეღწია ტრადიციული მიმართულებებით დაწყებული, ექსპერიმენტული მხრით დამთავრებული.

როკ’ნ’როლის ლეგენდა ლითლ რიჩარდი „ბითლზს“ როგორც ჯგუფს - საშუალო შეფასებას აძლევდა, ხოლო მუსიკოსებზე კი პირდაპირ აცხადებდა - დაკვრის აზრზე არ არიანო.

„ბითლზისა“ და „როლინგების“ ამ თვალსაზრისით დილემური საკითხი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ფაქტი იყო, რომ როკ მუსიკა უნდა განვითარებულიყო ჯაზის კვალზე მუსიკოსების ინდივიდუალური ოსტატობის განვითარების მხრითაც და ბილი ჰეილის Rock Around The Clock ეპოქა უნდა დასრულებულიყო.

რა უნდა გაკეთებულიყო წინსვლისთვის? საჭირო იყო მყარი საფუძველი, რომელსაც ახლადშექმნილი მუსიკალური ჟანრი მოეჭიდებოდა.

ბლუზმა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გრძნობიდან გამომდინარე მუსიკა ვერც რიტმული მონახაზით, ვერც კიდევ ერთგვარი ერთფეროვნებით, ვერ შექმნიდა როკ მუსიკის ვირტუოზული მხრით განვითარებისათვის სრულფასოვან პლაცდარმს.

ასევე ითქმის ევროპული ხალხური მუსიკის ელემენტებით როკ მუსიკის გამდიდრებაზე. Incredible String Band თუ Donovan, თავიანთ რეპერტუარს ეკზოტიკური ინსტრუმენტებით ავსებდნენ და ამით მეტ ხიბლსა და იმპროვიზაციულ არეალს სძენდნენ სიმღერებს, მაგრამ ესეც რომ ვერ შეასრულებდა გადამწყვეტ როლს ჟანრის ვირტუოზული განვითარების თვალსაზრისით, იმთავითვე ნათელი იყო.

კონკრეტულად ჰარდ როკის ჭრილში ტექნიკური თვალსაზრისით წინსვლის მომასწავებელი იყო ჯიმი ჰენდრიქსის სადებიუტო ალბომიდან Foxy Lady და Manic Depression, რომლებშიც ვირტუოზულმა სოლოებმა ზოგადად წამყვანი გიტარა წარმოაჩინა ჯაზში დიდი ხნით ადრე გამოცდილი საქსოფონის, საყვირის, კლარნეტისა, თუ კიდევ სხვა ინსტრუმენტების დონეზე. 

გიტარული გზით ზრდა როკ მუსიკაში ვირტუოზულობის მატების ერთ-ერთ უმთავრეს კოზირად იქცა. ჰენდრიქსი დაკვრაში ჯაზური ელემენტების სიუხვის მიუხედავად, არასოდეს ქცეულა ჯაზ გიტარისტად, თუმცა ინსტრუმენტთან მიდგომით  ლეგენდარულმა მუსიკოსმა როკის ჯაზისკენ მიქცევაზე მიანიშნა...

ეს 1967 წლისთვის ხდებოდა, როდესაც ჯიმიმ მეორე ალბომი Axis: Bold As Love ჩაწერა Little Wing-ის ქრესტომათიული ჯაზურ-ბლუზური აკორდებით. 

იმავე პერიოდში საკმაოდ უცნაური ტენდენცია შეინიშნებოდა. პარადოქსულია, მაგრამ როკ მუსიკას დახმარების ხელი თვით ჯაზმა გაუწოდა. უკვე 60-იანების ბოლოს თანდათანობით იგრძნობა, რომ ეს ორი მიმდინარეობა უნდა აღრეულიყო აუცილებლად, მაგრამ გასაოცარია ამ ფორმების სიუხვე და კლასიფიკაცია ხელწერებისა, რომელთა პირობითი გაერთიანებაც მოახდინა ტერმინმა Jazz-Rock.

ყოველთვის იბადება კითხვა - მაინც ვინ დაასწრო ყველას? შემდგომში მუსიკალურმა კრიტიკამ რამდენიმე მიმდინარეობის განსაცალკევებლად, რომელთაც ერთიმეორესთან საერთო მხოლოდ ჯაზური ელემენტების გამოყენება ჰქონდათ, მაგრამ იდეურად აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ, ფრთხილი - ზომიერი განსაზღვრა - Jazz fusion შემოიღო, მაგრამ თვით სიტყვაში fusion (აღრევა), შეგვიძლია ვიგულისხმოთ როგორც ჯაზის სფეროში (შიგნით) ნაზავი - ანუ ჯაზის ერთგვარი ნარევი, ასევე ნაზავი სხვა მიმდინარეობასთან - ანუ როკთან, რაც გამოიხატა გასული საუკუნის 70-იანების დასაწყისში გამოცემულ არაერთ ეპოქალურ ალბომში.

აქ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ნარევის დოზები, რაც გამოიხატება ბლუზურობაში, როკულობაში, ტრადიციულობასა და ექსპერიმენტულობაში. საინტერესო კი ისაა, რომ ტერმინი fusion რამდენადაც აერთიანებს, იმდენად ყოფს ამ ტენდენციებს.

განვიხილოთ ერთიმეორისგან მკვეთრად განსხვავებული რამდენიმე ალბომი, რომლებსაც ეს ტერმინი აერთიანებს.

მაილს დევისის 1970 წლის Bitches Brew-მ იქამდე არსებულ ტერმინ Jazz-Rock-ს, დაუმატა კიდევ ერთი განსაზღვრება fusion. ეს ალბომი ამ თვალსაზრისითაც ეპოქალურია, რადგან ნამუშევარს იმდენივე აქვს საერთო Chicago-ს სადებიუტო ალბომთან, რაც ვთქვათ The Rolling Stones-ის Sticky Fingers-თან.

ამავე დროს ბილ ჩეისი აცხადებს, რომ როდესაც მისი ჯგუფი უკრავს ჯაზს, ეს ნამდვილი ჯაზია, ხოლო როდესაც როკს - ეს ნამდვილი როკია. ნუთუ მათ შორის ნაზავი არ იგულისხმება?

რა თქმა უნდა კი, უბრალოდ მაილს დევისისგან განსხვავებით, ბილ ჩეისის ჯაზი ტრადიციულ ელემენტებს ემყარება. იგივე ითქმის Chicago-ს პირველ ექვს ალბომზეც, რომლებიც შეგვიძლია ჩეისის კრიტერიუმში განვათავსოთ.

რა აერთიანებდა ამ ტრადიციული მიდგომის მუსიკოსების რეპერტუარს მაილს დევისთან, ჰერბი ჰენგკოკთან, თუ ჯონ მაკლაფლინთან? მხოლოდ და მხოლოდ ვირტუოზული დაკვრა, რომლის გარეშეც როკი ვერ გაიზრდებოდა სრულფასოვან მიმდინარეობად.

Fusion აღწევს Black Sabbath-ის რეპერტუარშიც, რომლის სადებიუტო ალბომის დამაგვირგვინებელი Warning-ის გიტარ სოლოების კასკადი, ასევე ჯაზის ელემენტებითაა აღსავსე; მაგრამ ჰარდ როკის მამების ჯაზ როკის კრიტერიუმში განთავსება, რა თქმა უნდა არ იქნებოდა სწორი.

ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ თუკი Black Sabbath ჯაზურობას მიმართავდა, ამის გარეშე არ რჩებოდა იმდროინდელი გაცილებით იმპროვიზაციული ჯგუფები, რაც განსაკუთრებულ ხიბლს მათ საკონცერტო ალბომებს სძენდა Deep Purple-თი დაწყებულს, Uriah Heep-ით დასრულებულს.

როგორც ვხედავთ, Fusion -ის სამშობლო, როკ’ნ’როლის და ბლუზის მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატებია. უბრალოდ ამ მიმართულებებისგან განსხვავებით, Fusion-ს ინგლისიდან ოკეანის გაღმა არ ჰქონია გლობალური გამოძახილი, რადგან Frank Zappa-ს Hot Rats-ს არამცთუ სადმე სხვაგან, თვით დიდი მუსიკოსის შემოქმედებაშიც არ ჰქონია რომელიმე სხვა ალბომთან მსგავსება.

თუმცა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ინგლისური Colosseum, რომლის სულისჩამდგმელ ჯონ აისმენს მიაჩნია, რომ ჯაზ როკის დამაარსებელი სწორედ მისი ჯგუფია...

საინტერესოა, რომ აისმენის ჯგუფებმა  Colosseum-მა და Colosseum II-მა როგორც არცერთმა სხვამ, წარმოაჩინა ტერმინ  Fusion-ის გამყოფი და იმავდროულად გამაერთიანებელი დატვირთვა, თანაც სასულე თუ ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის გარეშე.

Colosseum-ის ბლუზურ და ტრადიციულ ჯაზურ საწყისზე დამყარებულ რეპერტუარს, საერთო არაფერი ჰქონდა ჯონ მაკლაფლინის Mahavishnu Orchestra-ს ყაიდაზე აწყობილ Colosseum II-ის Fusion -თან.

ამიტომაც პირობითად Colosseum -სა და მასთან გარკვეულ მსგავსებაში ბლუზის საფუძველზე აგებულ ჯაზისა და როკის ტრადიციულ ნაზავს Jazz Rock-ს, ხოლო Colosseum II-ის როკთან შედარებით მეტად ჯაზური მხრიდან ექსპერიმენტულ მხარეს კი Jazz Rock Fusion-ს უწოდებენ.