საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰერითიჯის” ფონდის მიერ შემუშავებული “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011”-ის თანახმად, საქართველოში უმუშევარია მოსახლეობის 16.4 პროცენტი. მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. მაგალითად, უმუშევრობა რუსეთში შეადგენს 8.4 პროცენტს, სომხეთში - 6.9%-ს, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 6 პროცენტს უტოლდება, ხოლო თურქეთში 12.5%-ია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვითდასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობის ტერმინს ასე განსაზღვრავს - 15 წელზე მეტი ასაკის პირები, რომელთაც შეეძლოთ მუშაობა, სცადეს მუშაობის დაწყება გასული 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამსახური ვერ იშოვეს. ამავე კატეგორიას განეკუთვნებიან დროებით დათხოვნილი და სამსახურის დაწყების მოლოდინში მყოფებიც.
საქართვლოს სინამდვილეში კი სიტყვა უმუშევარი განსხვავებული კრიტერიუმით ფასდება. თავს უმუშევარს უწოდებენ ისინიც, ვინც არათუ გასული 4 კვირის, არამედ გასულ 4 თვეზე მეტ პერიოდშიც ვაკანსიების შესახებ მონაცემებით არც კი დაინტერესებულან.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის შეფასების მიზნით 1 000 დამსაქმებელი გამოკითხა. გაირკვა, რომ საწარმოები პროგრამის ფარგლებში მათთან დასაქმებული პირებისგან გრძელვადიან თანამშრომლობას მხოლოდ 10%-თან გეგმავენ, ანუ საშუალოდ დასაქმების პროგრამის შედეგად გრძელვადიან პერიოდში ყოველი მე-10 ადამიანი საქმდება.
“ვინაიდან სახელმწიფომ პროგრამის ფარგლებში დასაქმებისთვის 40 მლნ ლარი გამოყო, ხოლო პროგრმაში 114 000 მოქალაქე მონაწილეობდა, ჩვენი დაშვებით გრძელვადიან პერიოდში საქმდება მაქსიმუმ 10%, ანუ სახელმწიფო ერთ სტაბილურ სამუშაო ადგილის შექმნაზე მინიმუმ 8 772 ლარს ხარჯავს”, - აცხადებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთი ფაცაცია.
“ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში კერძო ბიზნესი მაღალი ტემპით ვითარდება და შესაბამისად იზრდება შრომის ბაზრის მოთხოვნები პროფესიულ კადრებზე. თუმცა, პროფესიონალიზმი პრობლემაა როგორც ტექნიკურ, ისე მენეჯერულ დონეზე”, - ამბობს ფაცაცია.
ეკონომიკის ექსპერტის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ქართული ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებულების გამო, ვალუტის მასობრივად გადინების ფონზე, საქართველოში ინფლაციას, გარკვეულწილად, ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები აფერხებდა. ახლა კი, ევროკავშირთან ფაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების გამო, ემიგრანტთა დიდი ნაკადის დაბრუნება, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ემიგრანტებისგან ყოველწლიურად ქვეყანაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შემოდის, ეკონომიკურ კრიზისამდე კი, ეს თანხა 1 მილიარდსაც აღწევდა.
“საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი არალეგალი ემიგრანტია. ერთ-ორ თვეში განსაკუთრებულად დიდი ნაკადის შემოსვლა არ მგონია მოხდეს, მაგრამ ეტაპობრივად დაბრუნება მოუწევთ. იმ ფონზე, როცა საქართველოში რეალური უმუშევრობის დონე 40 პროცენტის ფარგლებშია, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ზოგმა წასვლის წინ ბინები გაყიდა და სახლიც კი არ აქვს.
გარდა იმისა, რომ შემცირდება ფულადი გადმორიცხვები, დაბრუნებულებს სამუშაოც არ ექნებათ და თვითონაც და ის ოჯახებიც, რომლებსაც საზღვარგარეთიდან ინახავდნენ, შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ცხადია, კომპლექსურად, ეს ყველაფერი ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს”, - აღნიშნავს ექსპერტი და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ასეთი პრობლემების გადასაჭრელად მზად არ არის.