ექსპერტები და ოპოზიცია მთავრობას მედიკამენტების ხარისხზე ედავებიან, მთავრობა კი ფარად წამლების გაიაფებას იშველიებს. მართალია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შედარებით იაფი მედიკამენტები ჩვენ გვაქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში მისი შეძენა ყველას შეუძლია. წამლებზე ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც სრულფასოვანი მკურნალობა, ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება უმთავრეს პრობლემად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წამლების გაიაფებაზე ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ოპოზიციის კრიტიკას სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო დებატებისას განაცახდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შედეგად, აფთიაქების უმრავლეს ნაწილში წამლების ფასი საგრძნობლად შემცირდა.
გილაურმა მაგალითებიც მოიყვანა. მისი თქმით, “დიაბეტონი” 28%-ით, “ნიმესილი” - 56%-ით, ხოლო “ნოშპა” - 54%-ტით გაიაფდა. “წამლების საშუალო ფასი 40-45 პროცენტით შემცირდა. ამასთან, რეგიონში ჩატარდა კვლევა და გამოიკვეთა, რომ 67 წამლიდან 37-ს რეგიონში ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს, 30 კი რეგიონში სიიაფით მეორე ადგილს იკავებს”, - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
გილაურამდე წამლების გაიაფებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ მოიწონა თავი. მისი თქმით, ყველა უბანში, სადაც ახალი აფთიაქი გაჩნდა, ტრადიციულმა აფთიაქებმა მედიკამენტების გაიაფების გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, “პროდუქტალი” 48%-ით, “ანალგინი” 45%-ით და ა.შ. ურუშაძემ მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ მიზეზად იმპორტის გაიოლება დაასახელა.
ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლებას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთიანობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის” ხელმძღვანელი თინა ტურძილაძეც, თუმცა, მისი თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ამით არ გაზრდილა.
ტურძილაძის განცხადებით, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის ფარმაცევტულ ბაზრებზე წამლის ფასის შედარებით გაირკვა, რომ ჩვენთან 67 მედიკამენტიდან 65 სომხეთთან შედარებით იაფია. 41 წამალზე ფასი უფრო დაბალია, ვიდრე აზერბაიჯანში. 48 დასახელების წამალი უკრაინასთან შედარებით იაფი აღმოჩნდა, უზბეკეთთან შედარებით კი 57 მედიკამენტი უფრო დაბალ ფასად იყიდება.
“ამ მონაცემებით დასტურდება, რომ რეგიონულ ფასებთან მიმართებაში ჩვენთან ფასები შედარებით დაბალია, მაგრამ ეს წამლის ხელმისაწვდომობად არ უნდა განვიხილოთ. ამისათვის მედიკამენტების სადაზღვევო პაკეტში შეტანა და თანადაფინანსებაა საჭირო, თუმცა არა ისე, როგორც ეს ჩვენთან ხდება, როცა სახელმწიფო ფულით “ნახშირი”, “პარაცეტამოლი” და “ალმაგელი” ფინანსდება”, - აცხადებს ექსპერტი.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას ახლა უკვე მედიკამენტების ხარისხის ბრალდებას უყენებს. დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი წამლების დაბალ ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას და ბაზარზე არსებულ განუკითხაობაზე მიუთითებს.
ანიკაშვილის თქმით, მთავრობის პოლიტიკით ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასები უფრო იზრდება და ნებისმიერი ოჯახის ბიუჯეტის დიდი წილი სწორედ ჯანდაცვის ხარჯებს ხმარდება. ამ ხარჯების 60% კი წამლებზე მოდის. დეპუტატი თვლის, რომ პრობლემაა მედიკამენტების ხელიმსაწვდომობა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პრობლემა გახდა მედიკამენტების ხარისხიც.
“პარალელური იმპორტი ისე დაუშვით, რომ ხარისხის კონტროლი არ გაამკაცრეთ. წამლის ხარისხის შემოწმება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს სახელმწიფო სტანდარტი”, - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა და დასძინა, რომ მედიკამენტებზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა ხარისხზე, არამედ ანტიმონოპოლიური სტანდარტებზე დაფუძნებით.