პატიმრებს აშიშვლებენ, სპეცრაზმის ე.წ. კორიდორებში რეზინის ხელკეტებით სცემენ და ”კარცერებში” აგდებენ

პატიმრებს აშიშვლებენ, სპეცრაზმის ე.წ. კორიდორებში რეზინის ხელკეტებით სცემენ და ”კარცერებში” აგდებენ

ეს მასალა, რომელიც საპატიმროებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, პატიმრების ცემა-წამებისა და გარდაცვალების ფაქტებს ასახავს, სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მიერ წარდგენილ ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშზე დაყრდნობით მოვამზადეთ. მასში მათი გვარებიც შეგიძლიათ ამოიკითხოთ, ვინც პატიმრებს ცემს და აწამებს.

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2010 წელს ეხება, ვრცელი ადგილი უკავია პატიმრებთან დამოკიდებულებას და იმ მდგომარეობის აღწერას, რომელიც საპატიმრო დაწესებულებებშია შექმნილი. სასჯელაღსრულების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე კი, რომელსაც სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშზე დაყრდნობით ”სიკვდილის ექსპორტის” მინისტრიც შეიძლება ვუწოდოთ, ჯიუტად ამტკიცებს, რომ საპატიმროებში ევროსტანდარტების შესაბამისი მოპყრობა და პირობებია.

გიორგი ტუღუშის მიერ, 31 მარტს პარლამენტში წარდგენილი ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, იმდენად მწვავე და საინტერესოა, რომ ერთ სტატიაში შეუძლებელია იქ მოყვანილი ფაქტების სრულყოფილად აღწერა, თუნდაც სიდიდის გამო - ანგარიში 519-გვერდიანია.

სახალხო დამცველის ოფისმა 2010 წელს 19-ივე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განახორციელა 68 გეგმური და 440 არაგეგმური ვიზიტი, რა დროსაც ინდივიდუალურად მოინახულეს 1200-ზე მეტი პატიმარი, დაწესებულებების დირექტორები და ექიმები.

წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, საპატიმროებიდან სახალხო დამცველის სახელზე შესული საჩივრები, როგორც წესი, ფიზიკურ ანგარიშსწორებას შეეხება. თუმცა, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა პატიმრები ჩივიან სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე - ”ორივე შემთხვევაში სახალხო დამცველი შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს, მაგრამ გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს, ან თავად თანამშრომლების ჩვენებებზე დაყრდნობით წყდება”.

2010 წლის 1 ივნისს რუსთავის №16 დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები ცემა-ცემით გადაიყვანეს - ისე, როგორც ხდება ხოლმე, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრებმა ამ ფაქტის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს, ხოლო იმათ, ვისაც დაზიანებები ემჩნეოდათ, თქვეს, რომ ეს მოხდა ლოგინიდან გადმოვარდნის, ფეხბურთის თამაშის შედეგად.

სახალხო დამცველის ანგარიშში ”სიპიტის” - ევროპის საბჭოს წამების და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნიდან არაერთი ფაქტია მოყვანილი. მათ შორის ერთ-ერთი გლდანის №8-ე საპყრობილეს ეხება. ”სიპიტის” ანგარიშში წერია, რომ უშუალოდ ამ საპყრობილეში მყოფი პატიმრები არასათანადო მოპყრობის ფაქტებს არ ადასტურებენ, მაგრამ ამის შესახებ სხვა საპატიმრო დაწესებულებებში მყოფები ჰყვებიან.

ამონარიდი ”სიპიტის” დასკვნიდან: ”გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ცემენ ”კარცერებში” და საშხაპეებში საკნის კარზე დაკაკუნებისთვის, ხმამაღალი ლაპარაკისთვის, სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან კონტაქტის დამყარებისთვის”.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულია სამკურნალო დაწესებულებაში არსებული ურთულესი ვითარების შესახებ და იქვე მითითებულია, რომ პატიმრები არასათანადო მოპყრობის ფაქტების წერილობით დადასტურებას და ღიად საუბარს ხშირ შემთხვევაში ერიდებიან - ”ბევრი მათგანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაშიც კი აღარ სურს სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება, იქ არსებული მდგომარეობის გამო”; იქ მყოფი პატიმრები გასეირნებაზე უარს თავად ამბობენ, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კონფლიქტის წყარო ხდება.

ანგარიშში ასახულია მ.წ-ს საქმე, რომელსაც 2010 წლის 20 ივნისს სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა (ავთო პოპიაშვილი, გიორგი ბიწაძე) გონის დაკარგვამდე ცემეს, ყელში ხელები წაუჭირეს და ინვალიდის ეტლი, რომელშიც იჯდა, გადაატრიალეს.

მ.წ. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ინცინდენტიდან მესამე დღეს მოინახულეს. ამ დროს მას სხეულზე აღენიშნებოდა: ”შუბლის ზედა მარცხენა მხარეს ნაჭდევი, მარჯვენა წარბის ზემოთ, ზოლების სახით 3 ნაჭდევი, მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის არეში ჰემატომები, მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის ქვემოთ ნახეთქი ჭრილობა, ცხვირზე ნაჭდევები და შესიება, ყელის ორივე მხარეს ჰემატომები, მარცხენა და მარჯვენა მკლავის ზედა ადგილებში გვერდიდან და უკანა მხრიდან ჰემატომები.

სახალხო დამცვეის მიმართვის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. გასული წლის 5 ივლისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მ.წ. კვლავ მოინახულეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ რადიომიმღები ჩამოართვეს, არ აძლევდნენ დაწესებულებაში არსებული ტელეფონით, აბანოთი სარგებლობის, სტომატოლოგიური მომსახურების და გასეირნების საშუალებას; მის პალატაში აღარ უშვებდნენ მომვლელს, რის გამოც ტუალეტში ვეღარ გადიოდა, აღარ ხდებოდა მისი პალატის დასუფთავება და ნარჩენების გატანა.

მ.წ-სგან მიღებული ინფორმაცია სახალხო დამცველმა რეაგირებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაუგზავნა. მოწმის სახით ის პირები დაიკითხნენ, ვინც მ.წ-მ დაასახელა, მაგრამ გამოძიებამ რატომღაც მაინც ვერ დაადგინა იმ პირთა ვინაობა, ვინც პატიმრის მიმართ უკანონო ქმედებები განახორციელა. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მითითებულია, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიება დღემე გრძელდება.

რუსთავის №6 დაწესებულებიდან პატიმარი მ.კ. 2010 წლის 31 აგვისტოს ოპერაციის გასაკეთებლად სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ქირურგიული განყოფილების №18 საკანში მოათავსეს. მისივე განმარტებით, 4 სექტემბერს სარეჟიმო განყოფილების უფროსმა და დაწესებულების ოფიცრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს.

2010 წლის 26 თებერვალს, გეგუთის №14 ნახევრად ღია და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უმეტესმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, რისი მიზეზიც იყო ”კარცერში” ჩაგდებული გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება - კვანტრიშვილი დაწესებულების იმ კორპუსში დაბრუნებას ითხოვდა, რომელშიც მანამდე იყო. თხოვნის არდაკმაყოფილების შემდეგ მსჯავრდებულმა საკვების მიღებაზე უარი თქვა და ”კარცერში” მოთავსებიდან ძალიან მალე გარდაიცვალა.

მოშიმშილე პატიმრებთან ჯერ ამავე დაწესებულების ადმინისტრაციის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ, რომელთაც პატიმრებმა განუმარტეს, რომ არაადამიანურ მოპყრობას, ცემასა და ”კარცერში” უმიზეზოდ მოთავსებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მოშიმშილეებთან ამ ვიზიტს მოჰყვა სპეცრაზმის სტუმრობა, ჩხრეკის ჩატარება და ე.წ. ცოცხალ კორიდორში პატიმრების გავლა, რა დროსაც მათ სცემდნენ რეზინის ხელკეტებით. ამ ყველაფრის შემდეგ, ის პატიმრები, რომლებმაც შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვეს (200 ადამიანი), სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

სახალხო დამცველისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ გეგუთში მომხდარ ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო; ვინ დაიკითხა და ვინ დასაჯეს, ამაზე ინფორმაცია დღემდე არ მიუღია.

2010 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ღამის ათ საათზე სპეცრაზმმა პატიმრები დაბა ქსნის №15 დაწესებულებაშიც სცემა, ოღონდ გეგუთისგან განსხვავებით, ქსანში პატიმრებს სპეცრაზმის ე.წ. ცოცხალ კორიდორებში გავლისას რეზინის ხელკეტებით ცემა არ აკმარეს, გააშიშვლეს და ისე აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ საქმეში სპეცრაზმელებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გიორგი კოხრეიძე და რეჟიმის უფროსი, ლევან ლეჟავაც ეხმარებოდნენ. 25 აგვისტომდე პატიმრებს ადვოკატებთან და ახლობლებთან შეხვედრის და ტელეფონით სარგებლობის საშუალება არ მისცეს. 1 სექტემბერს, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, წინასწარი გამოძიება დაიწყო, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.

დაბა ქსნის №15 დაწესებულებიდან სახალხო დამცველის სახელზე კოლექტიური განცხადება შევიდა, რომელსაც ხელს 161 მსჯავრდებული აწერს და რომელშიც აღნიშნულია, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები პატიმრებს ხშირად სცემდნენ, უხეშად და გამომწვევად ექცეოდნენ; ნებისმიერი დისციპლინური გადაცდომის დროს პატიმრებს ”კარცერებში” აგდებდნენ და ზედ ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას უმატებდნენ; იმათ, კი ვინც დაბა ქსნის №15 დაწესებულებაში სხვა საპატიმროებიდან გადმოჰყავდათ, მუხლებზე დადგომას აიძულებდნენ და თუ რომელიმე ამაზე უარს იტყოდა, ცემდნენ.

მაშინ, როცა პატიმრები სახალხო დამცველთან დაკავშირების სურვილს გამოხატავდნენ, დაწესებულებაში ტელეფონები ითიშებოდა, პატიმრებს სასჯელის დამატებით ემუქრებოდნენ, ცემდნენ. პატიმართა განმარტებით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: ქიტესა გულისაშვილი, ლევან ლეჟავა, გელა ოსიავა, ვინმე ლექსო, კახა, ნიკა და ლევანი. გამოძიება ამ შემთხვევაშიც დაწყებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. 

2010 წლის 25 სექტემბერს დაბა ქსნის №15 დაწესებულების ”კარცერში” სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქამრით ნაცემი პატიმრები ნახეს, რომლებსაც სისხლნაჟღენთები, სისხლჩქცევები და ნაჭდევები აღენიშნებოდათ. სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა, რაზეც სტანდარტული პასუხი მიიღო - გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო; ამჟამად საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ცემა-წამებით სახელგანთქმულ დაბა ქსნის №15 დაწესებულებაში, 2010 წლის 6 ოქტომბერს 4 პატიმარი, რუსთავის №6 დაწესებულებაში გადაყვანამდე სასტიკად ცემეს: გელა იოსავამ, ვინმე ვიტალიმ და კიდევ რამდენიმემ, რომელთა ვინაობა მსჯავრდებულებმა არ იციან. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რასაკვირველია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში დაბა ქსნის №15 დაწესებულების სამარტოო საკნებში, იგივე ”კარცერებში” აღწერილი არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობები ასეთია:

”პატიმრებს არ მიეწოდებოდათ ჰიგიენური საშუალებები, მათ შორის ტუალეტის ქაღალდი, საპონი. საკნებში სუფევდა ანტისანიტარია. სამარტოო საკნების საპირფარეშოების უმრავლესობაში არ იყო ნათურები. იქ განთავსებული პატიმრები ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით და არ ჰქონდათ შხაპის მიღების საშუალება. გაურკვეველი იყო სამარტოო საკნებში განთავსების წესიც. კერძოდ, ერთადგილიან საკანში განთავსებული იყო 2 ან სამი პატიმარი, ხოლო რამდენიმე ორადგილიან საკანში თითო პატიმარი. სამარტოო საკანში განთავსებული არც ერთი პატიმარი არ უნახავს ექიმს. ლეიბი და საბანი მხოლოდ ღამით ეძლეოდათ”.  

ჯერ ”სიპიტიმ”, ხოლო მოგვიანებით სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რათაც უმოკლეს ვადაში უზრუნველეყოთ პატიმრებისთვის ადამიანური პირობების შექმნა, რაზეც სამინისტრომ რბილად, რომ ვთქვათ ასეთი არაადეკვატური პასუხი გასცა: ”ვინაიდან აღნიშნული კორპუსი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, იქ არსებული პირობები არ შეიძლება არაადამიანურად ჩაითვალოს”.

არაადამიანურად და ღირსების შემლახავად არის შეფასებული გლდანის №8 დაწესებულების კარანტინში არსებული პირობები, სადაც პატიმრებს 1-დან 15 დღემდე ათავსებენ. იქ არ არის საწოლები, მხოლოდ სკამები დგას და პატიმრებს ძილი სკამებზე, ან ბეტონის იატაკზე უწევთ. კარანტინში პატიმრებს შინაგანაწესის დარღვევის გამო, დასჯის მიზნით ათავსებენ.

მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კარანტინში ისეთი პატიმრებიც დახვდნენ, რომლებიც სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზიდან მიიყვანეს. 

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში გამოკვეთილად, გამუქებული შრიფტით წერია: ”დასჯის მიზნით პატიმრების კარანტინში განთავსება გლდანის დაწესებულებაში ხშირად ხდება. თუმცა, დასჯის ეს მეთოდი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და შესაბამისად, უკანონოა”.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ საპატიმროებში 2010 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა; სასჯელაღსრულების სამინისტრო კი, საპატიმროებში სიკვდილიანობის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ანგარიშის მიხედვით, იმისთვის რომ პატიმრების გარდაცვალების ფაქტის ადგილად საპატიმრო დაწესებულებები არ დაფიქსირებულიყო, ფაქტობრივად გარდაცვლილი პატიმრები გადაჰყავდათ სამოქალაქო ტიპის კლინიკებში.

”ამგვარად, უკანასკნელ წლებში საქმე გვაქვს ერთგვარ ფენომენთან, რომელსაც ”სიკვდილის ექსპორტი” შეიძლება ვუწოდოთ. აღნიშნულის თქმის საფუძველს გვაძლევს ისევ და ისევ იმ სამედიცინო დოკუმენტაციისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების ანალიზი, რომლებიც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ისედაც მოკვდებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი, ხოლო სამედიცინო ხასიათის ღონისძიებები, განსაკუთრებით კი მათი ქალაქის კლინიკებში გადაყვანა, ეფექტური იქნებოდა დაავადების განვითარების მხოლოდ ადრეულ ეტაპზე, რაც სამწუხაროდ, საქართველოს პენიტენციური სისტემის რეალობაში შეზღუდული და ხშირად წარმოუდგენელია”.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ”სიკვდილის ექსპორტს” შემდეგ კლინიკებში ახორციელებს: 

წამყვან ადგილზეა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სადაც ქალაქის საავადმყოფოში გარდაცვლილ პატიმართა 43%-იანი წილი მოდის; მეორე ადგილზე ღუდუშაურის კლინიკაა, სადაც ანალოგიური მაჩვენებლი 33,8%-ს შეადგენს; ხოლო 2010 წლის მეორე ნახევრიდან ჩნდება მესამე (ახალი) დაწესებულება - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, სადაც გარდაცვალების 12,35% მოდის.