„დელტა კომმა“ დაამონტაჟა შსს–ში ის სერვერები, რომლის მეშვეობით ხდებოდა სატელეფონო საუბრების ჩაწერა“

„დელტა კომმა“ დაამონტაჟა შსს–ში ის სერვერები, რომლის მეშვეობით ხდებოდა სატელეფონო საუბრების ჩაწერა“

„ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ „დელტა კომის“ მეწილედ რჩება ვანო მერაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ციხეშია. ზურაბ კოტარიას „დელტა კომში“ დარჩენა მეტყველებს, რომ ვანო მერაბიშვილი თავის ბინძურ გეგმას ამზადებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ამ საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით შეაღწიოს ჩვენს სახლებში და საძინებლებში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ბიზნესმენი, მამია სანადირაძე, რომლის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ძალიან მკაცრად უნდა გამიჯნოდა იმ კომპანიებს და ბიზნესმენებს, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ერთად ძარცვავდნენ და აყაჩაღებდნენ კონკურენტებს.

რას ფიქრობს პრემიერის ინიციატივაზე და რა კავშირი აქვს მისი კუთვნილი ბიზნესის წართმევასთან კომპანია „დელტა კომს“, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მამია სანადირაძეს ესაუბრა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, 2015 წლის თებერვლიდან პროკურატურაში იგეგმება სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საქმეებზე იმუშავებს. ელოდებით, რომ ამ კუთხით სამართლიანობა აღდგება, თუნდაც ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის შემდეგ?

- ჩემი ვარაუდით, ორწლიანი პაუზა მიზანმიმართულად იყო მიცემული „ნაციონალური მოძრაობისათვის,“ რათა ეს ქონება გადაყიდულიყო ცრუმაგიერ პირებზე, მათ შორის ახალი მთავრობის ზოგიერთი წევრის ახლობლებზე. სწორედ, ამ პერიოდში კოაბიტაციის საფარქვეშ მოხდა გამოძიების დაბლოკვა და მოპარული ქონების გადანაწილება. საუბედუროდ ბევრი უნამუსო და მედროვე იმიტომ მოდის პოლიტიკაში, რომ ცვლილებების დროს მონაწილეობა მიიღოს და დაეხმაროს წინა ხელისუფლებას ნაძარცვი ქონების გათეთრებაში.

ქართველმა ხალხმა ნახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იგივე გააკეთა, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, ქართველი ხალხი ძალიან გაბრაზებულია ამ კოალიციაზე. უკვე არჩევნებიც კარს მოგვადგა და აქედან გამომდინარე, კოალიცია ფიქრობს, რომ რაღაცა ილუზია შექმნას, თითქოს, ვიღაცეებს ქონებას უბრუნებს. სინამდვილეში, მათ სერიოზულად ამ თემაზე არც უფიქრიათ. ის 7 მილიარდი, რომელზეც იყო საუბარი, რომ სახელმწიფოს ექნებოდა გასასტუმრებელი დაზარალებულებისთვის, რა, ახლა გაჩნდა? სწორედ, რომ 7 მილიარდი მოგონილი იყო გამოძიებისთვის ბარიერის შესაქმნელად. გემახსოვრებათ, თავის დროზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ ამ საქმეების გამოძიება არ შეიძლებაო.

თქვენი კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ბიზნესის დაბრუნება?

- ეს წარმოუდგენელი პროცესია. პრაქტიკულად ყველა ბიზნესი და მათ შორის ჩემი ბიზნესიც, გასხვისებულია, გადაფორმებულია იმ ცრუმაგიერ პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებთან. ჩემმა კომპანიამ რამდენჯერმე განიცადა რესტრუქტურიზაცია. დღეს-დღეისობით, იმ კომპანიასთან, რომელთანაც დავა მაქვს, უკვე ქონების მინიმუმი აქვს დარჩენილი, რომელიც დროდადრო მცირდება და აქედან გამომდინარე, დავაც უპერსპექტივოა. ვერაფრის დაბრუნება ვერ მოხერხდება, თუ, რა თქმა უნდა, 2016 წელს არ შეიცვალა მთავრობა, არ მოვიდნენ პრინციპული ადამიანები, რომლებიც ყველა ამ დანაშაულს და კომბინაციებს გამოიძიებენ და დასჯიან იმ არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს.
ალბათ, ქონება ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც სახელმწიფოს „აჩუქეს“ქონება და ეს ქონება გადაყიდული არ არის. ალბათ, სახელმწიფოს დააყენებენ როგორც განტევების ვაცს. დაზარალებულებს აუნაზღაურებენ სწორედ სახელმწიფოს შემოსავლებიდან.

ანუ, პატიოსან გადამხდელებს დაეკისრებათ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა?

- რა თქმა უნდა, ხალხის ფული, ხომ მათი ფული არაა. მათ თავიანთ ჯიბეზე გადაინაწილეს ყველაფერი. ახლა თუ რამე იქნება, ეს იქნება წინასაარჩევნოდ, რომ ხალხს დაანახონ თითქოს, რაღაცას აკეთებენ. „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა 1 ლარად ქონების დარიგება. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნახევარი საქართველო 1 ლარად დაარიგა. ასე რომ, გამოყენებული იქნება დარჩენილი ქონება და ბიუჯეტი, მაგრამ არ მგონია, რომ დაისაჯონ ის ბოროტმოქმედები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ამ ძარცვა-გლეჯვაში, იმიტომ, რომ ის ბოროტმოქმედები მმართველი ძალის ბიზნესპარტნიორები არიან.

თავის დროზე, როდესაც თქვენი კომპანიით, „კავკასუს ონლაინითდაინტერესდა შსს და უშუალოდ ვანო მერაბიშვილის ხელით წაგართვეს კომპანია, ამ საქმისთვის მაშინ  შსს- გამოიყენა სწორედდელტა კომიდასილქნეტი“. ბატონო მამია რა კავშირი ჰქონდადელტა კომსთქვენთან და რა აკავშირებს კომპანიის ერთ-ერთ მესაკუთრეს, გიორგი კოტარიას ვანო მერაბიშვილთან?

- ნაციონალების დროს „დელტა კომი“ აღიქმებოდა როგორც ვანო მერაბიშვილის კომპანია. სწორედ, ის პიროვნებები, რომლებიც ტელევიზიით გამოჩნდნენ - ხუბულური და ქიქოძე, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ვანო მერაბიშვილთან ერთად „დელტა კომის “ მესაკუთრეები. სანამდე ჩემი ქონების, ანუ კაბელების დაჭრა დაიწყებოდა, ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი ერთი თვით ადრე მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა ამ კომპანიის ყიდვა, რაზეც უარი ვუთხარი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ბიზნესის დანგრევა.

რაც შეეხება „დელტა კომს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებმა ზეპირად იციან, რომ მთელი წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილი და „დელტა კომის “ წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ და დაუფარავად ანაწილებდნენ ყველა ტენდერს. გამოიძახებდნენ სატელეკომუნიკაცაიო კომპანიებს და მთელი შსს-ს ტენდერები გადიოდა „დელტა კომის“ მეშვეობით. „დელტა კომი“ აცხადებს, რომ ისინი არიან მეცენატები. ისინი მეცანატები არ არიან, ისინი უბრალოდ სახელმწიფოსგან იღებენ ექსკლუზიურ უფლებებს. მაგალითად იგივე „თბილისი ლავს იუ“ აქციის ფარგლებში უფასო ინტერნეტი გაავრცელეს და ამის სანაცვლოდ შემდგომში მთელ თბილისზე აიღეს განათების ბოძებზე ექსკლუზიურად კაბელების განაწილების უფლება. მიწისქვეშ „სილქნეტი“ არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ კომუნიკაციები ჩამედო, ჰაერში კი „დელტა კომი“.

ასეთი მრავალი ოპერაცია აქვს „დელტა კომს“ ჩატარებული, იგივე მეტროს გვირაბებში. სიმბოლური მომსახურების სანაცვლოდ, ისინი იღებენ ექსკლუზიურ უფლებებს და, რა თქმა უნდა, ამაში ჩარეული იქნება რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც, ალბათ, წილშია მასთან იმ საფარველით, რომ თითქოს, „დელტა კომი“ არის მეცენატი. სინამდვილეში ესენი კორუფციული გარიგებით ღებულობენ ექსკლუზიურ უფლებებს და სხვას არ აძლევენ განვითარების შესაძლებობას. ამით ზღუდავენ სხვებს და თვითონ მამასისხლად ყიდიან თავის მომსახურებას, შემდეგ მოგებას ინაწილებენ ჩინოვნიკებთან. ასე იყო წლების განამვლობაში შსს-ში და ეტყობა, რომ ახლაც იგივე გააგრძელეს.

თქვენი განცხადებით ირკვევა, რომდელტა კომთანერთად დანაშაულებრივ სქემებში შსს- მონაწილეობდა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. მაგრამ ეს კომპანია დღესაც დაუბრკოლებლად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და იგებენ მათ კიდევაც. გამოდის, რომ ძველი და ახალი ხელისუფლება ერთი სტილით მოქმედებს. რა აკავშირებს კომპანიის ერთ-ერთ მესაკუთრეს, ვინმე კოტარიას, ვანო მერაბიშვილთან?

- რაც შეეხება კოტარიას, სწორედ ის იყო არქიტექტორი უკანონო მოსმენებისა და თვალთვალისა. იმ აბონენტებს, რომლებიც შსს-ს აინტერესებდა, სწორედ სატელევიზიო და ინტერნეტ მოწყობილობის მეშვეობით უთვალთვალებდნენ. უკანონოდ იყო დამონტაჟებული ვიდეოკამერა და მოსასმენი აპარატურა და გროვდებოდა ინფორმაცია პოლიტიკურ ოპოზიციაზე და მათთვის არასასურველ პირებზე.

როდესაც გავიგე, რომ კოტარია თურმე სატელევიზიო კომპანიის დირექტორია, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სატელევიზიო კომპანიების ძალიან ბევრი აბონენტი დღესაც კომპანიების მოწყობილობასთან ერთად სახლში მიიღებენ ვიდეოკამერებს, სწორედ, რომ ამით არის მიმზიდველი კოტარია და იგივე „დელტაკომი“ დღევანდელი შსს–თვის. ხოლო, ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი კოტარიას ხელით აგრძელებს პოლიტიკურ შპიონაჟს თავის ოპონენტებზე.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, მათი უსურობიდან გამომდინარე, ვერ შექმნეს ახალი სისტემა, არ განხორციელდა სისტემური ცვლილებები, მოერგნენ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ შექმნილ სტრუქტურას, ჩაენაცვლენ მათ და იგივე მეთოდებით აგრძელებენ მუშაობას. სწორედ „დელტა კომი“ და „სილქნეტი“ არიან ის კომპანიები, რომლებიც სრულად იჯდნენ სახელმწიფო ტენდერებზე, მთელი სახელმწიფო ტენდერები შსს–დან და სხვა უწყებებიდან, სწორედ ამ ორ კომპანიაზე ნაწილდებოდა, რაც დღესაც გრძელდება.

როგორ ფიქრობთ, ამ კომპანიის მეწილეებზე და მათ კავშირებზე ყოფილ ხელისუფლებასთან, დღევანდელ ხელისუფლებას ინფორმაცია არ აქვს?

– როგორ არ აქვს, უბრალოდ, ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იმ გზით წავიდეს, როგორც წინა ხელისუფლება. სხვანაირად მათ არ შეუძლიათ მუშაობა. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში მოიკოჭლებენ და ამიტომ, იგივე მეთოდებით და კანონის დარღვევით გადაწყვიტეს მუშაობა. ნახეს, რომ ეს გზა ძალიან ეფექტურია - აბონენტებთან დაამონტაჟო ეს მოწყობილობები და მოაგროვო ინფორმაცია შენს ოპონენტებზე. ეს არის ვარლამის გზა და თუ ამ გზით გააგრძელებს ეს მთავრობა სიარულს, ისევე დაასრულებს როგორც წინა მთავრობამ დაასრულა, შეიძლება უფრო უარესადაც.

დელტა კომის წილის მფლობელი, დავით ხუბულური ამბობს, რომ კომპანია 2007 წლიდან 2014 წლამდე შსს- უფასოდ ემსახურებოდა და შსს- მისთვის თანხის გადახდა 2014 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. ხოლო ახლა თანხას იმიტომ ვიღებთ, რომ შეიცვალა გეგმები და მოთხოვნები. როდესაც დიდი თანხები გაედინება ბიუჯეტიდან, შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს კორუფციასთან?

– რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს ფაქტი, როდესაც დიდი თანხები გაედინება ბიუჯეტიდან და ეს დაკავშირებულია კორუფციასთან. რაც შეეხება „დელტა კომს“ ეს კომპანია აშენებულია შსს–ს თანხებით. ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების და ტენდერების თანხები გადაედინებობდა „დელტა კომში“ ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან თვითონ იყო დაინტერესებული პირი. მერაბიშვილი იყო ერთ–ერთი მესაკუთრე ამ კომპანიის და ის გადაქაჩავდა რესურსებს და თანხებს შსს–დან. რაც შეეხება ახლანდელ შსს–ს, ადვილი სავარაუდოა, რომ მათ ეს გამოიძიეს, ნახეს რა რესურსები და თანხები გადაედინებოდა „დელტა კომში“ და მათ უბრალოდ მოსთხოვეს უკან დააბრუნონ ეს ქონება.

მე არ ვიცი ახლა რა გარიგებები და პროცესებია, მაგრამ სადაც არაა გამჭვირვალეობა, სადაც არაა პატიოსანი შეჯიბრებითობა, ყველგან ყოველთვის არის კორუფცია, სიბინძურე და ფულის დატაცება. ამიტომ არის აუცილებელი ღია და გამჭვირვალე ტენდერები.
ხელისუფლების და თუნდაც შსს დანაშაულად არ მიგაჩნიათ, რომ კომპანია რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ვანო მერაბიშვილთან, სწორედ ის უზრუნველყოფს უწყების ინტერნეტით მომსახურებას?

– სწორედ „დელტა კომმა“ დაამონტაჟა შსს–ში ის სერვერები, რომლის მეშვეობით ხდებოდა ყველა მობილური ოპერატორიდან სატელეფონო საუბრების ჩაწერა. „დელტა კომი“ იყო სწორედ მიმწოდებელი, სწორედ ზურაბ კოტარია იყო ავტორი და იდეოლოგი ამ მოწყობილობის დამონტაჟების. ეს ხდებოდა „დელტა კომის “ ტექნიკური მოწყობილობით და მხარდაჭერით. ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ „დელტა კომის “ მეწილედ რჩება ვანო მერაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ციხეშია. სწორედ, ზურაბ კოტარიას „დელტა კომში“ დარჩენა მეტყველებს, რომ ვანო მერაბიშვილი თავის ბინძურ გეგმას ამზადებს, ციხიდან გამოსვლის მერე, რომ ამ საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით შეაღწიოს ჩვენს სახლებში და საძინებლებში. ახალი ხელისუფლება ძალიან მკაცრად უნდა გამიჯნოდა იმ კომპანიებს და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ერთად ძარცვავდენ და აყაჩაღებდნენ თავის კონკურენტებს ამ მეთოდებით.

მაგრამ, ხელისუფლებას ჰქონდა იმის რესურსი, რომ გამიჯნოდა ამ კომპანიებს?

– რესურსი კი არა ნამუსი არ გააჩნდა. ეს ხალხი პატიოსნად რომ მიდგომოდა თავის საქმეს, მაშინ ხომ ვერ იშოვნიდნენ ამხელა ფულს, მაშინ ხომ ვერ გაიყოფდნენ ქართველი ბიზნესმენების ფულს?! სწორედ ეს არის ლოგიკა. როგორ არ ჰქონდათ რესურსი, უამრავი კომპანია არის, მაგრამ ბიზნესები უნდა დაბრუნებოდა კანონიერ მესაკუთრეებს, მაგრამ ეს არ გააკეთეს. არჩიეს, რომ ნაძარცვი ქონება გადაენაწილებინათ და სამომავლოდ ისევ დაეტოვებინათ სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენები თავიანთ ბიზნეს პარტნიორებად.