კანონდარღვევა თუ ცრუ განგაში - რა ხდება სახალხო დამცველის აპარატში

კანონდარღვევა თუ ცრუ განგაში - რა ხდება სახალხო დამცველის აპარატში

სახალხო დამცველის აპარატი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ციხეებში მონიტორინგის განსახორციელებლად 34 ექპერტის შერჩევას გეგმავს. საკონკურსო ვადა 10 იანვარს იწურება. ექსპერტების საქმიანობა მათ მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე ფასდება და ანაზღაურებაც შესაბამისად გაიცემა.

ახალი ექსპერტების შერჩევამდე ციხეებში მონიტორინგის უფლებამოსილებას 2013 წლის ივლისში საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ექსპერტების ნაწილი აგრძელებს. ნაწილმა კი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფორმატი პროტესტის ნიშნად დატოვა. საუბარია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიის“ ექვს წევრზე, რომლებიც სახალხო დამცველის მანდატით ციხეებში მონიტორინგს ამ დრომდე ახორციელებდნენ. გაცილებით ადრე, ასევე საკუთარი სურვილით, გამოეთიშნენ პროცესს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და უფლებადამცველი ირაკლი ვაჭარაძე. „ემპათიის“ წევრები აცხადებენ, რომ ციხეებში არსებული ვითარების სათანადოდ შესწავლისა და შესაბამისი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების კუთხით ბოლო დროს პრობლემები შეიქმნა.

სახალხო დამცველი პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ პრევენციული ჯგუფის საქმიანობას, ხშირ შემთხვევაში, სწორედ, ექსპერტთა არასათანადო აქტივობა უშლიდა ხელს.

„ზოგიერთი ექსპერტი არ ასრულებდა ანგარიშის წარმოდგენის დაკისრებულ ვალდებულებას, ხოლო ზოგიერთი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არასრულყოფილი იყო, რაც აფერხებდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობას. მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად უფრო ხშირად ხდებოდა იმ ექსპერტთა მოწვევა, რომლებიც სისტემატიურად ესწრებოდნენ სამუშაო შეხვედრებს“,- განმარტავს სპეციალურ განცხადებაში უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის მიმართ პრეტენზიები და კითხვები აქვს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოქმედ ექსპერტს ნაზი ჯანეზაშვილსაც. იგი საკუთარ კოლეგებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველის მხრიდან ორმაგ მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას.

ჯანეზაშვილის მტკიცებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთი ექსპერტი, იურისტი ნინო ანდრიაშვილი კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა, რაც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტობასთან შეუთავსებელი საქმიანობაა. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე სახალხო დამცველი არ რეაგირებს, რაც შესაძლოა იმით აიხსნებოდეს, რომ სახალხო დამცველად დანიშვნამდე უჩა ნანუაშვილი და ნინო ანდრიაშვილი თანამშრომლები იყვნენ.

ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკაზე საპასუხო კომენტარისთვის for.ge სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა კვარაცხელიამ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის რომელიმე ექსპერტის მიერ ამ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობა დადასტურდება, მას სახალხო დამცველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება შეუწყდება.

„ექსპერტები თავიდანვე ამ პირობით იყვნენ შერჩეულები, იცოდა ყველამ, რომ პარალელურად არ უნდა ყოფილიყო კერძო ადვოკატი. რაც შეეხება კონკრეტულად ნინო ანდრიაშვილს, ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, დავუკავშირდით მას და კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. თუ აღმოჩნდა, რომ ის ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას, ვერ გააგრძელებს ექსპერტის უფლებამოსილებების განხორციელებას“,- აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

მისივე განმარტებით, როდესაც შერჩეული ექსპერტი იწყებს სხვა საქმიანობას, რომელიც წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს, ამის შესახებ, წინასწარ უნდა აცნობოს სახალხო დამცველის აპარატს.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი ნინო ანდრიაშვილი კი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ კერძო საადვოკატო საქმიანობას არ ეწევა და ცალკეულ შემთხვევებში საადვოკატო დახმარება მხოლოდ ახლობლებს და თანაც ანაზღაურების გარეშე გაუწია.

„უფლებადამცველი ვარ 2006 წლიდან და სწორედ ამიტომ შემარჩიეს 2013 წელს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტად. 2014 წლის ივნისიდან მე წამოვედი „ადამიანის უფლებათა სახლიდან“, სადაც მეკავა იურისტის პოზიცია. თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ ვრჩები უფლებადამცველად. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ კვლავ აქტიურად ვმონაწილეობდი და ვმონაწილეობ უფლებადამცველ ორგანიზაციათა მიერ ინიცირებულ შეხვედრებზე - აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა განვმარტო, რომ როგორც იურისტი, ყოველთვის ვეხმარებოდი და სასამართლოშიც ვიყავი წარმომადგენელი იმ ადამიანების, რომლებსაც ეს სჭირდებოდათ“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო ანდრიაშვილი.

იურისტი განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა სახლიდან“ წამოსვლიდან დღემდე იურიდიული დახმარება მხოლოდ ახლობლებს გაუწია, რაც კერძო საადვოკატო საქმიანობად არ შეიძლება შეფასდეს.

„ასეთი სულ სამი შემთხვევა იყო და ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე აღმოვუჩინე ჩემს ახლობლებს იურიდიული დახმარება. მე ვერ ვეტყოდი მათ ამ დახმარებაზე უარს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა გადავწყვიტე და 2014 წლის შემოდგომაზე დავაფუძნე კიდეც ორგანიზაცია „საზოგადოების ინტეგრაციისა და განვითარების ცენტრი“ (CDIS). მაქვს გეგმები და ვფიქრობ, მალე გამოჩნდება დონორი, რომელიც ჩემს პროექტებს დააფინანსებს“,- განმარტავს ნინო ანდრიაშვილი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების დაწესებულების გარდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგსაც ახორციელებს და კონკრეტულ ფაქტებს წლიურ ანგარიშში ასახავს.

34 ექსპერტის გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოქმედ ექსპერტებსაც შეუძლიათ, რომელთაც უფლებამოსილება ახალი შემადგენლობის შერჩევისთანავე შეუწყდებათ. 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილების მქონე იურისტები, ექიმები, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, დისკრიმინაციის ფაქტების იდენტიფიცირების ექსპერტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ექსპერტი, სამხედრო ნაწილებისა და ჰაუპტვახტების მონიტორინგის ექსპერტი.