პრემიერი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგზე, საკუთარ მომავალზე ზრუნავს და წლების წინ საყდრისი არავის გახსენებია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი შეხვდა აკადემიის წევრებს, პროფესორებს, არქეოლოგებს და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ BP-ს პროექტის განხორციელებისას 150 არქეოლოგიური ობიექტი ისე განადგურდა, რომ მაშინ ხმა არავის ამოუღია.
რაც შეეხება ნაციონალების მიერ საყდრისთან დაკავშირებით ამტყდარ სპეკულაციებს, პრემიერი მათ უხსენებს ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიის დანგრევის თემას, ასევე, გლდანის ეკლესიის ხელყოფას და სხვა.
ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში საყდრისის თემა უმძიმესი აღმოჩნდა, თუმცა ის, რომ ისევ ნაციონალების დასაცავი გახდა ეს კულტურული ობიექტი, ბევრმა უფრო დამანგრეველად აღიქვა. მით უფრო, რომ ამ ობიექტს ძეგლის სტატუსი პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუხსნა და არ გამოიყენა მისთვის საყვარელი ვეტოს უფლება ძეგლის გადასარჩენად.
ნაციონალებს „მადნეულის“ მიერ შექმნილ პრობლემებსაც ახსენებენ, რის შედეგადაც, ამავე ბოლნისის რაიონიდან გადამთიელებს ერგოთ ოქრო, კობა ნაყოფიას - „ბრწყინვალების ორდენი“, ხოლო ადგილობრივებს - დაბინძურებული მაშავერას ხეობა და „მადნეულისგან“ დაწამლული ხალხი.
„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, განადგურდა თუ არა 150 არქეოლოგიური ობიექტი „ბი-პი“-ს (ბრიტიშ პეტროლეუმის“) მილსადენის მშენებლობისას, მაგრამ ფიქრობს, რომ, თუ მნიშვნელოვანი ძეგლი იქნებოდა, „ბი-პი“ ცვლილებებს შეიტანდა მილსადენის მარშრუტთან მიმართებით.
რაც შეეხება ნაციონალებს, ნინო ჩხობაძე თვლის, რომ მათ დროს ბევრი ძეგლი ამორიცხული იყო ძეგლთა სიიდან და საყდრისსაც პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი. მართალია, მერე ისევ შეიყვანა ძეგლთა ნუსხაში, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილს მორალური უფლება არ აქვს, „მადნეულთან“ დაკავშირებით რამე გააპროტესტოს, რადგან „მადნეულში“ ძალიან ბევრი პრობლემაა ერთად „შეყრილი“ და ეს სახელმწიფო საწარმო ნაციონალებმა გაყიდეს. გარდა ამისა, სწორედ სააკაშვილის პერიოდში გაიცა ლიცენზია, რომლის მიხედვითაც, საყდრისი შიგნით ტერიტორიულად მოხსენიებული არაა და ამ ლიცენზიით მოქმედებს დღეს ეს მეწარმე.
For.ge-სთან საუბარში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე „ბი-პი“-ს, როგორც გეოპოლიტიკური პროექტის, მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ 150 არქეოლოგიური ობიექტის განადგურების შესახებ არაფერი სმენია, თუმცა იქ სადავო იყო ერთი ნაწილი- სწორედ ბორჯომის ხეობის სათავეში უნდა გატარებულიყო ეს მილი. სერიოზული მეწყერული პროცესების გამო „მწვანეები“ ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან აქედან იკვებებოდა ბორჯომის მინერალური წყლის უმნიშვნელოვანესი საბადო. მოლაპარაკების შემდეგ მილსადენს უნდა გადაეწია და იქ უნდა აშენებულიყო დამცავი მექანიზმი, რაც გაკეთდა კიდეც.
„ნაციონალები ახლა ბევრს რომ ლაპარაკობენ, სწორედ მათ გაათავხედეს რუსული კომპანია და ამიტომაც საყდრისის აფეთქება მოახდინეს მაშინ, როცა შეიძლებოდა ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება. უნდა გაირკვეს, იყო თუ არა ეს აფეთქება პროვოკაცია. ნაციონალები დამნაშავეები არიან და ყველაფერი რაც ახლა ხდება, მათი საქმიანობის გაგრძელებაა. პარლამენტში მოვითხოვე კიდეც არა მარტო საყდრისთან, არამედ იმ უკანონობებთან დაკავშირებითაც დაიწყოს გამოძიება, რომელიც ნაცმოძრაობამ ჩაიდინა „მადნეულის“ ობიექტთან მიმართებით. საშინელი სიტუაციაა ბოლნისის რაიონში, რომელიც მდინარე მაშავერათი ირწყვება, უამრავი დაავადებაა. თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააგდო ავსტრალიური ფირმა და შემოიყვანა რუსული „პრომიშლენნი ინვესტორი“, პუტინთან დაახლოებული უზარმაზარი კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც იყო გენერალოვი. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და 2005 წელს ისე მისცეს ეს საბადო რუსებს, რომ ეკოლოგიის დაცვისგან კანონის დარღვევით გაათავისუფლეს. 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სუბიექტებს ეძლეოდათ უფლება, ფულის გადახდის შემთხვევში, ყველა დანაშაული (მათ შორის, ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული დანაშაული) ჩაედინათ გარემოს დაცვის სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრე ეს კანონი და მის გაუქმებას მივაღწიე“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ბი-პი“-ს არანაირი ობიექტი არ გაუნადგურებია და კარგი იქნება, ახლანდელი კულტურის სამინისტრო ისევე იცავდეს ძეგლებს, როგორც „ბი-პი“-მ დაიცვა. მეცნიერი ფიქრობს, რომ პრემიერს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა რამდენად ტყუვდება პრემიერი, მისთვის უცნობია. გოგი მინდიაშვილი ამბობს, რომ 150 ობიექტი, და შეიძლება უფრო მეტიც, გაითხარა „ბი-პი“-ს დროს, მაგრამ ეს არ იყო განადგურება, არამედ მოხდა არქეოლოგიური ობიექტის შესწავლა და არქეოლოგიური ობიექტისგან სამშენებლო ტერიტორიის გათავისუფლება. თუ ძალიან დიდი ძეგლი იყო, მაშინ მილსადენს მიმართულებას უცვლიდნენ, არიდებდნენ იმ ძეგლს და გადიოდნენ გვერდზე. ასე მოხდა ბორჯომის მთიან რაიონში, როცა ტაბაწყურში მდებარე კოდიანის ძეგლებს აარიდეს მილსადენი.
„ბი-პი“ რა მოსატანია „არ ემ ჯი“-სთან?! სააკაშვილმა მას შემდეგ მოუხსნა ძეგლის სტატუსი საყდრისს, რაც კულტურის მინისტრის ამავე შინაარსის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა სხვა აქტებს ხელს არ აწერდა, სააკაშვილს შეეძლო, საყდრისის საკითხიც დადებითად გადაეწყვიტა, მისი ხელმოწერა მის მაღალ მორალურ კრიტერიუმზე არ მეტყველებს, მაგრამ ორივე მთავრობა და საერთოდ, ყველა მთავრობა პასუხს აგებს თავის ნამოქმედარზე. ეს იქნება მორალური პასუხი, თუ მომავალში - სამართლებრივი პასუხი. ამიტომ ნაციონალებს მაგ მიმართულებით ბევრი სალაპარაკო მაინცდამაინც არ აქვთ. ეს ისეთი ობიექტია, რომელიც გამუდმებით ხელიდან ხელში, ერთი მთავრობიდან მეორის ხელში გადადიოდა, მათ უკან ვინ დგას და ვინ აკეთებს ფულს, ეს ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის. აქ ისევ ნაყოფია იქნებოდა, პარლამენტში რომ არ აერჩიათ“, - აღნიშნა გოგი მინდიაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი პრემიერის არაადეკვატურობაზე საუბრობს როგორც ფერიას მთასთან მიმართებით, სადაც, მისი თქმით, არავითარ ისტორიულ ძეგლზე ლაპარაკი არ ყოფილა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციით უკანონო მშენებლობის დაწყება დაიბლოკა, ასევე, - გლდანის ეკლესიასთან მიმართებით.
„პრემიერი იტყუება და ვერც ხვდება, რომ ვიღაცები არასწორ ინფორმაციას აწვდიან. სააკაშვილის დროს საყდრისის ტერიტორიაზე ლიცენზია არ მიუღია არცერთ კომპანიას, ანუ საყდრისი არ გაყიდულა. რაც შეეხება 2013 წელს საყდრისის ძეგლის სტატუსის მოხსნას, ჩემი ინფორმაციით, ჯერ არ იყო ამის შესახებ აჟიოტაჟი ასე ღიად ამტყდარი მეცნიერების მხრიდან და სააკაშვილიც მაშინ იმ სტადიაში იყო, როცა აღმასრულებელ ხელისუფლებას არაფერში ხელს არ უშლიდა“.
For.ge-ს შეკითხვაზე, იცოდა თუ არა სააკაშვილმა ამ ძეგლის მნიშვნელობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი გოკა გაბაშვილმა კულტურის მინისტრობისას მიანიჭა, დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშილმა საყდრისის ღირებულება იცოდა არა პირდაპირ, არამედ გოკა გაბაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. ჩვენს შეკითხვაზე, თუკი გოკა გაბაშვილისგან ეს იცოდა, მაშინ რატომ არ დაბლოკა ძეგლის სტატუსის მოხსნა, ამას დავით დარჩიაშვილი შემდეგნაირად ხსნის, რომ სააკაშვილს ამაში გარკვევის შესაძლებლობა ნაკლებად ექნებოდა, რადგან ხელისუფლებაში უკვე „ქართული ოცნება“ იყო და ის ცდილობდა, ეკონომიკურ საკითხებში არ შესულიყო დისპუტში, რათა კიდევ არ ეთქვათ, რომ ხელს უშლიდა მართვაში.
„სასამართლოს გადაწყვეტილება დაიკიდა ფეხებზე ახალმა ხელისუფლებამ. „ბი-პი“-ს შემთხვევაში, პრემიერი რომელი 150 ობიექტის ნგრევაზე ლაპარაკობს? საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაარტყამ ნიჩაბს, ისტორიული კვალი ამოდის. ამიტომ ძეგლი უნდა შეისწავლონ და ამის მერე მოხდეს გზის გაყვანა. თორემ ყველაფრის შენარჩუნება შეუძლებელია, ასე არც ჟინვალის კაშხალი იქნებოდა და არც არაფერი. კონკრეტულად, შეუძლებელია, რომ საყდრისი უბრალოდ შეისწავლო და მერე გადაიტანო. რაც შეეხება ნაციონალების დროს „მადნეულის“ მიერ მაშვერას ხეობის დაბინძურებას, საგამოძიებო კომისია იქმნება კონკრეტულ ფაქტზე და არა ისტორიულ ექსკურსებზე, თორემ ჩვენ ციხეების თუ ეკოლოგიური ამბების შესწავლის წინააღმდეგნი არასდროს ვყოფილვართ. მოწყვეტით ნუ შევისწავლით 2003-2012 წლებს, ვნახოთ, მანამდე რა ხდებოდა და ისეთი რამ ხომ არ ხდებოდა, დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, ისინი იყვნენ პასუხისმგებლები? შესწავლა მოხდეს საპარლამენტო მონაწილეობით და არა ივანიშვილ-ღარიბაშვილის პროკურორთა მიერ. ამ კომისიაში ჩვენც უნდა გვქონდეს მონაწილეობის საშუალება“.