თბილისის პანორამაში ოფშორული კომპანია გამოჩნდა

თბილისის პანორამაში ოფშორული კომპანია გამოჩნდა

„პანორამა-თბილისს“ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია განახორციელებს. პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა დედაქალაქის რამდენიმე ზონას სტატუსი შეეცვალოს. ბევრი რამ შეიძლება ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში გადაწყდეს.

როგორც საკრებულოს უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადეს, პანორამის აგების მსურვლი კომპანია „ოლდ სითი დეველოპმენტი“ დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფუძნებული.

„ჩვენთან შემოიტანა კომპანია „ოლდ სითი დეველოპმენტმა“ მის კუთვნილ ტერიტორიაზე სტატუსის მცირედით კორექტირებასთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც საბჭოზე განიხილეს და რეკომენდაცია გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს. ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა. ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ პროცესს არ უნდა მოჰყვეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სჭირდება თბილისს, თბილისელებს, დასაქმების, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის, ეკონომიკური ზრდის და საინვესტიციო თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აბესაძის ინფორმაციით კი, კომპანია „ოლდ სითი დეველოპმენტი“ ითხოვს მესამე ობიექტისთვის ლანდშაფტური ზონის გაუქმებას, რათა შესაძლებელი იყოს ბეტონის ნაგებობების აშენება.

მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით საკრებულოში სპეციალური სხდომა მართლაც გაიმართა. ამ მოთხოვნით საკრებულოს პროექტ „პანორამა თბილისის“ წარმომადგენლებმა მიმართეს. განხილვაში მონაწილეობას დეპუტატები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იღებდნენ.

„პანორამა თბილისის“ წარმომადგენლების განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს განაშენიანებას, რაც გეგმაშიც არის ასახული. მათი თქმით, საფრთხე, რაზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, სიმართლეს არ შეესაბამება: „პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწა, ბევრად უფრო კარგი გახდა და ამას აღიარებენ სპეციალისტებიც“, - განაცხადა „პანორამა თბილისის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ.

სოლოლაკის ზონისთვის სტატუსის შეცვლა საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა თამაზ მალაღურაძემ აღნიშინა, იმისთვის, რომ პროექტი „პანორამა თბილისი“ განხორციელდეს, აუცილებელია ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონისთვის სტატუსის შეცვლა.

„ეს საჭიროა, რომ შემდგომში მოხდეს მუშაობა პროექტირებაზე და სხვა საკითხებზე. ყველა ის დასკვნა იყო წარმოდგენილი, რომელიც საჭიროა პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის“, - განაცხადა მალაღურაძემ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილის აზრით, ყველა უნდა ეცადოს, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტი განხორციელდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ამასთან, ყველამ უნდა დაივიწყოს თუ ვინ დგას პროექტის უკან და რეალურად საუბარი უნდა მიდიოდეს მის სწორ განხორციელებაზე.

„ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, ოღონდ უნდა განხორციელდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ეს იქნება ძალიან კარგი და გარშემო ქალაქის განვითარებას ინფრასტრუქტურულად ძალიან შეუწყობს ხელს. ყველამ უნდა ვცადოთ, ბიძინა ივანიშვილი დავარწმუნოთ, რომ პროექტი განხორციელდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

მტკვრის მარცხენა სანაპირო იქნება ძალიან კარგი ამ პროექტის განსახორციელებლად, მარჯვენა სანაპიროს კი ის უფრო დაამძიმებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლანდშაფტური ზონების გაუქმებას უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას.

სოლოლაკის ქედისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლას საკრებულოს უმცირესობასთან ერთად ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელიც აპროტესტებს. მისი თქმით, „ქედისთვის სტატუსის შეცვლით მივალთ იქამდე, რომ გადახდის შემთხვევაში ინვესტორს ყველაფრის აშენების უფლება ექნება. თანაც არ არის წარმოდგენილი ისეთი დასაბუთება, რომელიც დამარწმუნებს პროექტის ისეთ მნიშვნელობაში, რომ ჩვენ დავუშვათ სოლოლაკის ქედის განადგურება“. ამაშუკელის თქმით, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი.

მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს „პარტიზანული მებაღეობაც“ აპროტესტებს. როგორც ორგანიზაციის აქტივისტებმა განუცხადეს, საუბარია სოლოლაკის მთისთვის სტატუსის შეცვლაზე და ლანდშაფტურ რეკრიაციული ზონის სტატუსიდან ისეთ სტატუსზე გადაყვანაზე, რომლის მიხედვითაც იქ მასშტაბური სამუშაოების ჩატარება იქნება შესაძლებელი.