კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარლამენტში არ გამოცხადდა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გიორგაძის მისვლა 29 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მინისტრმა შეხვედრის გადადება მოუცლელობის გამო ითხოვა.
„კულტურის მინისტრმა გვაცნობა, რომ ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდა ახალი წლის წინ და გვთხოვა, ახალი წლის შემდეგ გადაგვეტანა საკომიტეტო მოსმენა. ჯერჯერობით შეხვედრის თარიღი არ განმისაზღვრავს, ეს მინისტრის გარდა კომიტეტის წევრებსაც უნდა შევუთანხმო“,- აცხადებს ივანე კიღურაძე.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საკომიტეტო მოსმენის მიზანი საყდრისის საკითხზე პოზიციების შეჯერებაა.
„საკომიტეტო მოსმენაზე დაბარებული და მოწვეული იქნება როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ასევე მეცნიერები, ისინიც, ვინც მიიჩნევენ, რომ საყდრისი არის მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი და ისინიც, ვისაც ცოტა სხვა შეხედულება აქვს ამ საკითხზე. მშვიდად და წყნარად, აკადემიურ ვითარებაში უნდა მოვისმინოთ ეს საკითხი. პიარადად მე, საყდრისის პრობლემის პოლიტიზების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ არის ეს პოლიტიკური პრობლემა. ეს არის მეცნიერების, კომპეტენტური სპეციალისტების გადასაწყვეტი საკითხი. გულახდილად რომ გითხრათ, მე მაღიზიანებს, როცა ადამიანები, რომლებსაც წარმოადგენა არ აქვთ პრობლემის არსზე, ხმამაღლა გამოთქვამენ შეხედულებებს საყდრისის საკითხზე“, - აცხადებს ივანე კიღურაძე.
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრთა ნაწილი კი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო პარლამენტის მიერ კომიტეტზე მიწვევას უარყოფს და ამის შესახებ მათ ინფორმაცია, სწორედ, სამინისტროდან მიაწოდეს.
„გამოდის, ან მინისტრი იტყუება, ან - პარლამენტი“,- აცხადებს კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ირაკლი მამალაძე. იგი ფიქრობს, რომ კულტურის მინისტრი ცდილობს, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცეს.
„საყდრისის თემა დღეს ერთ-ერთი გამოკვეთილი თემაა, და მინისტრი რომ ამ თემაზე სასაუბროდ პარლამენტში ვერ მიდის, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან გაქცევაა, მას არ აქვს პასუხები კითხვებზე, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში და არაერთხელ ვნახეთ, რომ ისინი დამრცხდნენ იმ მოედანზე, სადაც ამ საკითხზე დებატები იმართებოდა. პრემიერის პოზიციაც გავიგეთ უკვე, რომ ის არ აპირებს გადახედოს საყდრისის საკითხს და მხარს უჭერს ცალსახად, რომ ძეგლი განადგურდეს, ოღონდ, ადამიანები დასაქმდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მამალაძე და ინტერესდება, თუ რა ბედი ელის საყდრისში აღმოჩენილ არტეფაქტებს.
„დარწმუნებული ვარ, არავითარ მუზეუმს არ მოაწყობენ, ისინი ცდილობენ, კიდევ ერთხელ გაექცნენ პასუხისმგებლობას. ჩემი ინფორმაციით, ეროვნულ მუზეუმთან არანაირი შეთანხმება არ ხდება. მათი საბოლოო მიზანი არის ის, რომ უძველესი ოქროს მაღარო არა მხოლოდ ფიზიკურად განადგურდეს, არამედ, საბოლოოდ განადგურდეს საყდრისი იდეაც. სათქმელი რომ ჰქონოდა რამე, პარლამენტში მივიდოდა კულტურის მინისტრი, მაგრამ არ არსებობს არავითარი კონცეფცია მუზეუმის საკითხზეც, ეს არის ბლეფი“,- აცხადებს მამალაძე.
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრთა ნაწილს კულტურის მინისტრის გარდა ეჭვი პარლამენტის თავმჯდომარის გულწრფელობაშიც ეპარება. მათი განმარტებით, მართალია, დავით უსუფაშვილმა მხარი დაუჭირა საყდრისის საკითხზე პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნის საკითხს, მაგრამ ასეთი კომისის პარლამენტში, დიდი ალბათობით, საერთოდ არ შეიქმნება.