საყდრისის შემდეგ... ბერი კლდეები

საყდრისის შემდეგ... ბერი კლდეები

ურუქი - ძველი შუმერული და მოგვიანებით უკვე ბაბილონური ქალაქი, რომელიც, სავარაუდოდ, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარეობდა. ურუქს (უნუგ) ძლევამოსილი მეფე გილგამეში მართავდა, რომლის შესახებაც შეიქმნა ლეგენდების მთელი სერია და ცნობილი ეპოსი „გილგამეშიანი“.

ბერი კლდეები - შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს შესართავთან მდებარე უნიკალური ტერიტორია, რომლის ყორღანებშიც სწორედ ზემოთნახსენები ურუქის კულტურის ნიშნებია. ბერ კლდეებს საყდრისზე არანაკლები ისტორიული მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევენ, თუმცა ჩინურმა კომპანიამ, რომელიც იქ ავტობანს აკეთებს, უკვე „მოახერხა“ და ბერი კლდეების ზონაში არსებული ყორღანები ისე გაანადგურა, რომ ტერიტორია არქეოლოგებს არ შეუსწავლიათ. 4-მეტრიანი ბორცვიდან ბრინჯაოს ხანის უნიკალური არქეოლოგიური ნივთები გადმოცვივდა. ზოგიერთი ჭურჭელი დაზიანებას სასწაულებრივად გადაურჩა, კიდევ უფრო ძველი ნივთები კი დამსხვრეულია.

კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბერი კლდეების ტერიტორიაზე ლიცენზია უკანონოდ გაიცა, რადგან ჯერ არქეოლოგიურად უნდა შეესწავლათ ტერიტორია და შემდეგ კულტურის სამინისტროს უნდა მიეცა დასკვნა. ნაცვლად ამისა, უკვე ცნობილია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა ბერი კლდეების გათხრის ლიცენზია.

განადგურებული ისტორია - ასეთი შეფასება მიეცა ბერი კლდეების ხელყოფის ფაქტს. არქეოლოგი იულონ გაგოშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უშუალოდ გახდა იმის მოწმე, თუ როგორ ანადგურებდნენ ბულდოზერები და ექსკავატორები საქართველოს ისტორიას.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონით, მე-14 მუხლით, კარიერებზე ნებართვის გაცემის დროს აუცილებლად უნდა იყოს კულტურის მინისტრის თანხმობა, რასაც არქეოლოგიური დასკვნაც უნდა ახლდეს, რაც არ ყოფილა. ჯერ კიდევ ზაფხულში კულტურის მინისტრს მივწერე და შევატყობინე, რომ მის დაუკითხავად ანგრევდნენ ყორღანებს. ამაზე ზომების მიღება იყო საჭირო, მაგრამ არ მიიღეს ზომები. ვინ არის დამნაშავე, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ“, - აცხადებს იულონ გაგოშიძე.

რაც შეეხება ბერი კლდეების მნიშვნელობას, არქეოლოგი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩნდა ძალზე თავისებური კულტურა, მდიდრული სამარხი, რომელიც 1901-02 წლებში რუსმა არქეოლოგმა -როსტოვცევმა მესოპოტამიურ კულტურას, შუამდინარეთს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ეს კულტურა აუცილებლად აღმოჩნდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ე.ი. საქართველოში. წინასწარმეტყველება თითქმის ასი წლის შემდეგ გამართლდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში 1980-დან 1990 წლამდე ბერ კლდეებზე გათხრებს აწარმოებდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია, ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

„აღნიშნულმა ექსპედიციამ გათხარა კულტურული დაფენება, სტრატიგრაფიულად შეისწავლა ტერიტორია და მტკვარ-არაქსის ნამოსახლარის ქვეშ აღმოჩნდა ალიზით ნაგები ძველი ტაძარი, რომლის მასალაც მსგავსი იყო მაიკოპის (ჩრდილოეთ კავკასია) მდიდრულ ყორღანში აღმოჩენილი მასალის. ეს იგივე კულტურაა. დღესდღეობით 30-ზე მეტი ამავე ტიპის ძეგლი, ნამოსახლარი და სამარხი გაითხარა აზერბაიჯანში. ამის მიუხედავად, მიმდინარე წლის ზაფხულში ბერი კლდეების გვერდით, იქვე მდებარე ტერიტორიაზე კარიერი ნებართვის გარეშე გახსნა ჩინურმა კომპანიამ. მათ სჭირდებოდათ ინერტული მასალა გზის დასაგებად. ეს მაშინ, როცა ეს ადგილი მოხსენიებულია ჩემს მიერ შედგენილ დასკვნაში 2011 წელს, როცა კეთდებოდა ავტომაგისტრალის- რუისი-აგარა მონაკვეთის პროექტი, ვაჩვენე ადგილები, სადაც აუცილებლად გათხრები წინასწარ უნდა ჩატარებულიყო ტრასაზე. 153 სამარხი გავთხარეთ ზუსტად ტრასაზე. ახლაც მიკვირს, მაგრამ დასკვნაში აღვნიშნე, რომ გვერდით არის ბერი კლდეების ნამოსახლარი, სადაც არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარდეს. ამ ზაფხულს მათ დაანგრიეს დოღლაურის სამაროვნის დიდი ნაწილი, რამდენიმე ასი სამარხი და ნამოსახლარი, უფრო ადრე ამ ბერ კლდეებთან კარიერი გახსნეს. მაშინაც წავასწარი მუშაობის დროს და აღმოვაჩინე, რომ სამი ყორღანი ჰქონდათ მოთხრილი. რა იყო ამ ყორღანში, არავინ იცის. ავტეხე ერთი ამბავი და მაგათ დაფინანსება მოვთხოვე, დაფინანსებას არ მოგცემთ, მაგრამ არ გვჭირდება ეს ადგილი, აქ აღარ ვიმუშავებთო და შეწყვიტეს მუშაობა. დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ მართლაც შეწყდა მუშაობა. 21 ოქტომბერს წერილი მაინც გავგზავნე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. ჩემი წერილი გადააგზავნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან და მორჩა. თითქმის თვეზე მეტი გავიდა. დროულად რომ მიეღოთ ზომები, ეს არ მოხდებოდა, რადგან კარიერის მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო განახლებული“.

ამის შემდეგ იულონ გაგოშიძე ტელევიზიის ჟურნალისტთან ერთად გაემართა სადავო ტერიტორიაზე, უნდა ეჩვენებინა ის ადგილები, კარიერები, რომლებზეც უკანონოდ იყო გაცემული ნებართვა, თუმცა ელდა ეცა, რადგან შეჩერებული სამუშაოების და დანგრეული ყორღანების ნაცვლად, გამალებული მუშაობა მიმდინარეობდა. აფართოებდნენ კარიერს, ძველ განათხარზე კი სხვა ადგილიდან მიტანილ მიწას ყრიან, ანუ კვალს სპობენ.

„არანორმალურს ვგავდი, რადგან ჩვენს თვალწინ დაინგრა შუა ბრინჯაოს პერიოდის ყორღანი, თრიალეთის ყორღანული კულტურის თანადროული ყორღანი. საბედნიეროდ, ჭურჭელი მთელი გადარჩა, რადგან ამოვარდა და არ დაიმტვრა, მაგრამ დაიმტვრა სხვა ჭურჭელი. კიდევ უფრო ადრე იქ დიდი ფილებისგან შეკრული სხვა სამარხი დაინგრა, რომელიც უფრო ღრმად იყო. როგორც ჩანს, სამარხი ხალკოლითს, ურუქის კულტურას უკავშირდება. ეს მესოპოტამიური, შუამდინარული კულტურა ვრცელდებოდა მთელ კავკასიაში და ჩრდილოეთ კავკასიაშიც. ეს არის შუმერის ცივილიზაციაზე (მესამე ათასწლეული) ათასი წლით უფრო ძველი. მთელი მასალა დაანგრია ბულდოზერმა. შეიძლება, ეს ერთადერთი სამარხიც იყო და მეტი აღარც იყოს. ამაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ტყუილად გვაბრალებენ არქეოლოგებს, თითქოს არქეოლოგიური ობიექტის ნგრევას ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ, ობიექტი აუცილებლად უნდა შევისწავლოთ და ამის შემდეგ გადაწყდეს, დავანგრიოთ თუ შევინახოთ. შესწავლამდე დანგრევა კი დანაშაულია“.

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წიაღის შესახებ კანონის თანახმად, კვლევა უნდა შეჩერდეს, როცა რაიმე აღმოჩნდება. ნინო ჩხობაძის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრო 2005 წლამდე არასდროს არ გასცემდა ლიცენზიას ძებნა-ძიების გარეშე, ანუ ჯერ მიმდინარეობდა არქეოლოგიური ძებნა-ძიება, მარაგების დადგენა და შემდეგ შეიძლებოდა ლიცენზიის გაცემა. 2005 წლის შემდეგ კი ძებნა-ძიების ლიცენზია გაუქმებულია და პრაქტიკულად აუქციონით ხდება პირდაპირი ლიცენზიის გაცემა, რაც უკანონობაა.

„ამ შემთხვევაში, ჩინური კომპანია არ უფრთხილდება არაფერს, არ აინტერესებს ჩვენი ისტორია. შესაძლოა, ქართული კომპანია რომ ყოფილიყო, შეეჩერებინა სამუშაოები. პრობლემის გადაწყვეტა არ ხდება აფეთქებებით. მე ვთვლი, რომ საყდრისისა და ბერი კლდეების შემთხვევაში უხეში დარღვევა იყო ჩადენილი“.

ცნობისთვის, საქმეში უკვე ჩაერთო კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც დაადგენს, რამდენად დაზიანებულია არქეოლოგიური ძეგლი და რატომ განადგურდა უნიკალური არქეოლოგიური მასალა და სამარხები.