შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეუერთდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, თავის თანამშრომლებთან ერთად, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს, ასევე, ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრებს წინასაახალწლოდ ესტუმრნენ.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ბათუმში მცხოვრებ მარტოხელა დედას – მაია ბოლქვაძეს, ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში მცხოვრებ, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას – ზეინაბ მიქელაძეს და ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში, ხუთი შვილის მამას – ზვიად ქათამაძეს პლაზმური ტელევიზორები, პერსონალური კომპიუტერები, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტები, სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს. სამართალდამცველები ბათუმში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ნაირა ცინცაძესაც ესტუმრნენ, რომელიც 6 მზუნველობამოკლებული ბავშვის აღმზრდელი და დედობილია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ პლაზმური ტელევიზორი, პროდუქტები და საახალწლო ნობათი გადასცეს.

აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში არსებულ, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელები პლაზმური ტელევიზორითა და საახალწლო ნობათით გაახარეს. ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს კი პირადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.