შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1982 წელს დაბადებული ბესიკ მ. ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებული და მისი მეგობარი უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ კლუბში მყოფ პირებს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბესიკ ბ. არის თანმხლები იმ პირისა, რომელმაც იმავე საღამოს კლუბში სასიკვდილოდ დაჭრა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროსი ინსპექტორი თარაშ მ. რომელიც იმ საღამოს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ბრალდებული აღიარებს ჩადელ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც არღვევს უხეშად საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).