ჩხუბში მონაწილეთა რაოდენობამაც იმატა, ტემპმაც და გაშმაგებამაც. ძნელი სათქმელია, სადამდე მივიდოდა საქმე, საკნის კარი რომ არ გაღებულიყო და ზედამხედველს არ დაეძახა: „ტარასტა, აბეეედ!“ ბალანდა მოგვიტანეს. ვფიცავ სინდისს, დაუყოვნებლივ და იმწამსვე, მყისვე და ერთბაშად დამთავრდა ყველაფერი. ქურდებისა და დათას ბრძოლაც კი დამთავრდა, რადგან ზედამხედველს იქით ამანათების დამტარებლის მსუქანი სიფათი გამოჩნდა და ამას კიდევ ერთ დაძახება მოყვა: „პერედაჩები მოვიდა, ტარასტააა!“ ქურდებმა ყურები ცქვიტეს, დათას დაეხსნენ. სპარაპეტამ თქვა, - მეეშვით, გიჟიაო, და თავისი კუთხისკენ გაიკრიფნენ. საკანი დაცხრა. ახლაღა გავიგონე, რომ მთელი ციხე, უკლებლივ ყველა კორპუსი და საკანი ღრიალებდა: „ქურდებსა სცემენ!!!“
(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)
ბალანდისა და პერედაჩის მოლოდინში კიდევ ერთი წელი გავიდა და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქართველები მართლაც ღვთის რჩეული ერი ვართ. ყოველვარი სარკაზმისა და ირონიის გარეშე ვამბობ - ჩვენ ვართ ღმერთის რჩეულები, იღბლიანები. ჩვენ ნარდის იმ მოთამაშეს ვგავართ, თითებით რომ ითვლის, პირველ შაში-ბეშზე დიდხანს რომ ფიქრობს, ყველაზე საჭირო დუ-იაქეზე დიდხანს რომ წუწუნებს, მოკლედ - თამაში არ იცის და... მაინც იგებს. იგებს და ვერ ხვდება, რომ უმართლებს, ძალიან უმართლებს. ჰგონია, რომ კარგად თამაშობს და მოგებას იმსახურებს და ასე გრძელდება, მაგრამ როდემდე?
არც ჩვენ ვიმსახურებთ მთას, ზღვას, ტყეს, ტბას, მდინარეს, ლაღიძეს, ცაბაძეს, კოსტავას, მამარდაშვილს, ჭილაძეს, დოჩანაშვილს, მესხს, ყიფიანს, ქვევრის ღვინოს, დედას პურს, გუდის ყველს... არ ვიმსახურებთ აჭარულს, მთიულურს, გურულ ხასანბეგურას, მეგრულ ნანას, რაჭულ რაშოვდას და, მრავალჟამიერს ხომ არ ვიმსახურებთ და არ ვიმსახურებთ!!!
დედამიწაზე რამდენიმე ათასი ეთნოსი ცხოვრობს, ათეულობით ათასი ენაა, მაგრამ სახელმწიფო ორასამდეა, ხოლო დამწერლობა - ათზე მეტი და თხუთმეტზე ნაკლები. საქართველო სახელმწიფოა, სახელმწიფო ენა - ქართული. არ ვიმსახურებთ, მაგრამ გვაქვს, და სადღაც, კოსმოსში, უსასრულობაში ჯერ კიდევ მიფრინავს „ჩაკრულო“ და ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვინმე დიდთვალება, დიდყურება, სასაცილოდ მწვანე კაცუნა მოუსმენს, აღფრთოვანდება და ჩვენს შესახებ კარგის მეტს არაფერს იფიქრებს.
მოხვალ დედამიწაზე, ამხანაგო ჭიპილია და სიტყვასიტყვით გაიმეორებ დიდი ზურაბ მარშანიას მიერ 2009 წელს, ლევან მიქელაძის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვებს: „ჩვენ არ ვიმსახურებთ არც გამსახურდიას, არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს. კობა ბექაური უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“.
ისე, ბატონო ზურაბ მარშანიავ, ბატონო დავით მარღანიავ, ბატონო დავით ზარდიაშვილო, ბატონო დავით ბეჟაშვილო, ბატონო ბესო საბაშვილო, ბატონო გოგიტა ქერქაძევ, ბატონო მალხაზ ჩემიავ, ბატონო ზვიად გელაშვილო, ბატონო გუგა სამხარაძევ, ბატონო ზურაბ დათუაშვილო, ბატონო თემურ დოლიძევ, ბატონო ბეჟან მესხელო, ბატონო გოჩა თერგიაშვილო, ბატონო კოტე მახარაშვილო, ბატონო ანდრიაძეებო, ბატონო...
ბატონებო, ზვიად სიჭინავას რას უწუნებთ?
ბატონო, ბატონებო? ვერა გავიგე. როგორ? თქვენ ვინ გეკითხებათ?! თქვენი აზრი ვის აინტერესებს?! თქვენი ხმა არ ისმის, არ ითვლება და არ იწონება?!
რა უნდა საკანში სასწორს? „ტარასტა, აბეეედ... პერედაჩები მოვიდა, ტარასტააა... ქურდებსა სცემენ“ - საკანში მხოლოდ ეს ისმის. ამიტომაც ქვია ამ საკანს კარანტინი, სადაც ყველაზე საპატიო ადგილი პარაშას აქვს მიჩენილი. პარაშა სახელად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
არა და არ დაადგა საშველი მაგ პარაშის გატანას, შემდეგ - საკნის დასუფთავებას, იატაკის დაგებას, ჭერის და კედლების შეთეთრებას, კარ-ფანჯრების ჩასმას (ზოგიერთი კარი საერთოდ არ იღება, ზოგიერთის გასაღები კი რჩეულ ერთეულთა ხელშია), ბავშვებისთვის სასწავლო კუთხის მოწყობას, ავეჯის დადგმას, სველ წერტილებს, სამზარეულოს, საკუჭნაოს, მაცივარში პროდუქტს, რაფებზე ყვავილებს, აივანზე დროშას, თავში ცოდნას, მკლავში ძალას გულში რწმენას, სიყვარულს, სიკეთეს, ერთგულებას, თავმდაბლობას, გაგებას...
კაცობაა მთავარი, თორემ წვერ-ულვაში კონჩიტასაც აქვს. ინ ქოლორ, ძმებო, ცვეტში.
პარაშის ადგილმდებარეობა კი უცვლელია. რა მნიშვნელობა აქვს, სად დადგამ, ცენტრში, მაღლა თუ კუთხეში, ის მაინც აქ არის, მყრალ და საშიშ სიახლოვეში, კოჰაბიტაციაში. არა და არ დაადგა საშველი. საერთოდ, დაადგა რამეს საშველი თუ წლის დასასრულს ისევ იქ ვართ, სადაც წლის დასაწყისში ვიყავით?
იანვარში ვწერდი: „იმ დღეს სოციალურ ქსელში ეწერა, პროკურატურიდან თეთრი კვამლი ჯერ არ ამოსულაო. გვპირდებიან, რომ მომავალ კვირაში ამოვა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც თეთრი კვამლი და არა ნაცრისფერი, რომელიც ზოგისთვის თეთრია და ზოგისთვის შავი. ვინმე შოთაძე, რომელიც, ზოგიერთის ინფორმაციით, ათი წლის წინ პროკურატურის სტაჟიორი იყო, ზოგი კი ირწმუნება, რომ გვიჩიანის საქმეს სწორედ ის იძიებდა... დავუშვათ და, სტაჟიორი იყო... სტაჟიორად დარჩა თუ დააწინაურეს? დააწინაურეს. ალბათ, დაიმსახურა და დააწინაურეს. არ მინდა, ბატონო, ადეიშვილის დაწინაურებულები და, საერთოდაც, გუშინდელ სტაჟიორებს და შემდეგ დაწინაურებულებს ისევ დღევანდელი სტაჟიორი მირჩევნია, რომელსაც ნაცების დროს უკადრებელი არ უკადრია და დაწინაურება არ დაუმსახურებია. ამას ზოგადად ვამბობ, შოთაძე არაფერ შუაშია. ახლა ხომ ასეა - ენჯეოებისგან შექმნიან საკონკურსო კომისიას და კონკურსში იმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტი დედიმისისა აქვს მირთმეული, ხოლო თუ მირთმეულის რაოდენობა თანაბარია, გამარჯვებულად ის ცხადდება, ვინც უფრო დიდი კოვზით ჭამდა“.
გასულ კვირაში კი, წლის ბოლოს, ირკვევა, რომ პროკურატურა რეფორმას საჭიროებს და რომ პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის ქონებრივ დავებს, დააბრუნებს წართმეულს, აღადგენს სამართლიანობას...
ამ ორი წლის განმავლობაში აღნიშნული დეპარტამენტის შექმნის აუცილებლობის შესახებ ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, ერთი წლის წინ კონფერენციაც ჩატარდა, მაგრამ ვერ ხარობს ეს ცერცვი კედელზე და შეეკითხე თუ გინდა. თუ გინდა, თუ გსურს, ვისაც გსურთ და სხვა.
პირველად იყო ნება სიტყვის წარმოთქმისა, შემდეგ ფიქრი და მხოლოდ ამის შემდეგ - სიტყვა. ჯერ იყო ნება.
პროკურატურასთან დაკავშირებით არ ყოფილა ნება, არც ბენზინის ფასებთან დაკავშირებით ყოფილა ნება, ხოლო საკადრო საკითხებზე იყო მხოლოდ სიტყვა - „სანთლით დავეძებთ“. ნების გარეშე კი სიტყვა მხოლოდ ჰაერია, სუნი, პარაშის სიახლოვეს რომ იგრძნობა. ბუასილის სანთლით თუ ეძებდნენ... მხოლოდ ბუასილის სანთლით და პარაშის სიახლოვეს თუ აღმოაჩენ ძალიან ბევრს, ისეთს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან.
ბევრჯერ გვინახავს, გავცნობივართ ასეთი ტიპის გამოკითხვებს - „რას ფიქრობთ ხელისუფლებაზე?“, „რომელი მინისტრის საქმიანობა მოგწონთ?“, „რომელი პოლიტიკოსი იწვევს თქვენში ნდობას?“... მაგრამ გავიხსენოთ, რომელიმე ხელისუფლების წევრებს შორის ერთხელ მაინც თუ ჩატარებულა გამოკითხვა, რომ გაგვეგო, თუ რას ფიქრობს ხალხზე თავად ხელისუფლება. თუმცა, ყოველგვარი გამოკითხვის გარეშეც, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები, საკუთარი ქცევით გვაგრძნობინებენ ხოლმე თუ რას ფიქრობენ სინამდვილეში მაშინ, როცა ხმამაღლა აცხადებენ, რომ „ხალხი ბრძენია“.
ფიქრობენ ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებზე, კაბინეტებზე, ავტომობილებზე, რომანტიულ მოგზაურობებზე, მრგვალად და ცივად მოხარშულ დედლებზე, ციკნებზე, გოჭებზე... ისე კი, მგონია და დარწმუნებულიც ვარ, რომ გოჭებზე მხოლოდ ღორები ფიქრობენ, მაგრამ რას ფიქრობს ჩინოვნიკი, როდესაც აცხადებს, რომ თანხა, რომელიც მას ხელფასთან ერთად დაერიცხა, არის არა პრემია, არამედ დანამატი? ის ფიქრობს, რომ ხალხი სულელია.
ბოლო მაგალითი - აიფონები, რომლებიც ხადურმა და მისმა ხელქვეითებმა იჩუქეს. ხადურმა განაცხადა, აღნიშნული ტექნიკა კონტრაბანდული გზით შემოჰქონდათ, მათში გადასახადების გადამხდელთა ფული არ არის გადახდილი და სრული უფლება გვაქვს, ჩვენთვის დავიტოვოთო. ისა და... ვინ უხდის ხელფასს იმ მებაჟეს, ვინც კონტრაბანდული საქონელი აღმოაჩინა?
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხადური, და სხვებიც, ბუასილის სანთლით არიან აღმოჩენილები იმ პარაშის სიახლოვეს, რომლის გატანაც აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ სახელმწიფო, რომელიც, ასე თუ ისე, გვაქვს, მაგრამ რომელიც არ დაგვიმსახურებია. ჯერ-ჯერობით ის დავიმსახურეთ, რომ ბესელიათი დაწყებული ვერულაშვილით გრძელდება, რაც ნამდვილად ჯდება ლოგიკაში. ჟანრის კანონია - თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, მესამე მოქმედებაში ის აუცილებლად გაისვრის; თუ პირველ მოქმედებაში კედელზე კიდია ცოცხი, მესამე მოქმედებაში მას ვიღაცას გაუყრიან; თუ პირველ მოქმედებაში სცენაზე პარაშა დგას და მეორე მოქმედებაშიც დგას, მაყურებელი დარბაზს მესამე მოქმედების დაწყებამდე ტოვებს.
და თუ პარაშის წინაშე თავის მართლებით ხარ დაკავებული და ამას ირაკლი სესიაშვილის პირით აკეთებ, პარაშა იმდენად თავხედდება, რომ ამბობს იმას, რაც ქლიბზე უქლიბესმა დავით ბაქრაძემ გასულ კვირაში თქვა - „პირველი ქვა იმან გვესროლოს, ვინც ჩვენზე უფრო უცოდველია“.
„გცემდი, მაგრამ ზარატუსტრა უფლებას არ მაძლევს“ - ოსტაპ ბენდერის ამ სიტყვებს სიამოვნებით გავუმეორებდი ბაქრაძეს და მთელ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ასოცირების ხელშერულება უფლებას არ მაძლევს. არ გვაძლევს უფლებას, რომ სიტყვაზე დავიჭიროთ და ჩავქოლოთ, თუნდაც იმის გამო რომ ყველანი მათზე ცოდვილები ჰგონიათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბაქრაძეს ეს ჩვენთვის არ უთქვამს, უთხრა მათ ვისაც ელაპარაკება და ელაპარაკება მხოლოდ მათ, ვისი მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერებიც კასპის ერთ დიდ კლდეში არა, მაგრამ აეროპორტის ტრასაზე მდებარე ბეტონის კანტორაში საიმედოდ აქვს გადანახული.
ყველაზე სამწუხარო კი ეს სიტყვაა - „საიმედოდ“. მაგათი იმედი ჩვენი სასოწარკვეთაა, ჩვენი ოცნება - ჩვენივე იმედგაცრუება.
ოცნება რომ ლადო სადღობელაშვილის დასაცავი გახდება, წამლების ფასის შემცირებაზე კახა ოქრიაშვილმა უნდა იზრუნოს, ადამიანის უფლებები გია ბარამიძემ უნდა დაიცვას, შეუსრულებელი დაპირებები ათთეთრიანმა ჯაბა სამუშიამ, ხუთთეთრიანმა გიორგი ახვლედიანმა და უფასო ინგა გრიგოლიამ უნდა შეგახსენონ და უნდა იყო გახედნილი, ვითარცა ცხენი და მორჩილი ვითარცა ცხვარი, ზვიად ქორიძის შესაწყალებელი რომ არ გახდე.
უნდა იყო გამჭვირვალე, უფერო და უსუნო, ვითარცა ბუნებრივი აირი და უნდა იყო არაბუნებრივად გულმავიწყი, თორემ მოვა ეკა გიგაური და თუ გონებაში უცაბედად წამოგიტივტივდება, რომ ეს ქალბატონი ერთ დროს სააკაშვილის ყველაზე დახურული უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, მოვა ძია რიჩარდიც, რომელსაც მხოლოდ ელგებეტე ცრემლების ჯერა.
ცხენი დასრულდა, ცხვრის გეშინოდეთ, ხალხო!!! - ეს ჟანრის კანონი არ გეგონოთ, ეს პარაშის კანონია და ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ.
ვ.დ.ვ (ვისხდეთ და ვიძახოთ) კურკალამ რომ დაინახა, აღარავინ რასმე მერჩისო, სასწრაფოდ წამოჯდა და ამის შემდეგ მთელი იმ ომის მანძილზე სულ ერთი და იგივე იძახა: „ვააა, ე რა ხდება, კაცო!..“ - ამას იტყოდა, დაბეგვილ ადგილებზე ხელს წაივლებდა, დააყოლებდა: „უჰ, უჰ, ვაი, ვაი!“ - და თავიდან იწყებდა: „ვააა, ე რა ხდება, კაცო!..“
(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)