1991 წლის მარტში, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარული არგენტინელი მოთამაშე დიეგო მარადონა 15 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. იმ პერიოდში დიეგო ნეაპოლის „ნაპოლიში“ ასპარეზობდა.
იტალიის სერია - A-ს ერთ-ერთ კალენდარულ შეხვედრაში ნეაპოლური გუნდი კლუბ „ბარის“ დაუპირისპირდა. მატჩის შემდეგ სახელგანთქმული მობურთალი დოპინგ კონტროლზე გამოიძახეს. მისდა სამწუხაროდ სისხლში კოკაინის კვალი აღმოუჩინეს...
1990 წლის ნოემბერში დიეგოს მოსკოვში ჩამოსვლა მოუწია. მოსკოვის „სპარტაკი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის განმეორებით შეხვედრაში „ნაპოლის“ უნდა დაპირისპირებოდა. ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ „ლუჟნიკების“ სტადიონზე გამართული შეხვედრაც უგოლოდ დამთავრდა. თერთმეტმეტრიან სერიაში გამარჯვებას რუსულმა გუნდმა მიაღწია.
იმ საინტერესო მატჩს სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია დაესწრო. უფრო მეტიც, სახელგანთქმულ მარადონასთან უშუალო კონტაქტიც ჰქონდა და მოგვიანებით ამ გამოჩენილ ფეხბურთელს ერთგვარი „არასახარბიელო დიაგნოზიც“ დაუსვა.
ბატონი თენგიზი დღეს ჩვენი სტუმარია და მოსკოვური სუსხიანი შემოდგომის იმ შეხვედრას ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ თენგიზ პაჭკორიას დაბადების დღეს მივულოცავ. (ჩემი უფროსი მეგობარი 55 წლის გახდა). ღვაწლმოსილი კოლეგა ჟურნალისტიკაში უკვე 33 წელია საქმიანობს. ერთსაც გეტყვით: სოხუმელ ადამიანს ჩვენი უცხოელი კოლეგები მოფერებით „შორეული ნაოსნობის“ ჟურნალისტს ეძახიან.
ალბათ დადგა დრო და სიტყვას თავად ბატონ თენგიზს გადავცემ.
„1990 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში საინტერესო საფეხბურთო შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო. ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში, ადგილობრივი „სპარტაკი“ იტალიურ „ნაპოლის“ უნდა დაპირისპირებულიყო.
მანამდე სოხუმის „ცხუმის“ მოთამაშემ, მართლაც რომ ნიჭიერმა ადამიანმა აშოტ კურგენიანმა დიეგო მარადონას პორტრეტი დახატა. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ რომ წინა საუკუნის 90-იან წლებში აშოტი საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა და დღესაც იქ ცხოვრობს.
რასაკვირველია მქონდა ინფორმაცია რომ აშოტს მარადონას პორტრეტი დასრულებული ჰქონდა. „ცხუმის“ მცველს ბინაში ვეწვიე და საინტერესო იდეა შევთავაზე: ჩემთან და რამდენიმე მეგობართან ერთად მოსკოვში გამოფრენილიყო, დიეგო პირადად ენახა და სურათი მისთვის პირადად ეჩუქებინა.
სოხუმის გუნდის იმდროინდელმა ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ მიპასუხა რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მოსკოვში ვერ წამოვიდოდა. „ცხუმი“ იმ დროს საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო. აშოტი და მისი კლუბი საქართველოს პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადებოდა და ამ მიზეზის გამო თანაგუნდელებს ვერ მიატოვებდა. კურგენიანმა მარადონასთვის გადასაცემად ნახატი გადმოგვცა, „ცხუმის“ პრეზიდენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და მსაჯმა, ბატონმა გურამ გაბესკირიამ კი დაამატა, რომ ნახატი არგენტინელისთვის აშოტისა და კლუბის სახელით გადამეცა, თავად მცველს კი ვერ გამოუშვებდა, რადგან კურგენიანი კლუბის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახლდათ.
1990 წლის 3 ნოემბერს ორ სოხუმელ მეგობართან ერთად მოსკოვში გავფრინდი. პირველი მათგანი დიეგოს ნიჭის დიდი დამფასებელი და „ფანი“ ფილიპ ტახმაზოვი გახლდათ, თარჯიმნად კი ვიქტორ ასატურიანი წამოგვყვა. ვიქტორი კარგად ფლობდა ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებს.
მოსკოვში ჩემმა ნათესავმა, წარსულში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, შემდეგ კი ცნობილმა ბიზნესმენმა, „ასოციაცია „21-ე საუკუნის“ პრეზიდენტმა ანზორ კიკალიშვილმა „სპარტაკი“ – „ნაპოლის“ შეხვედრაზე სამივე სოხუმელს სპეციალური აკრედიტაცია გაგვიკეთა. საინტერესოა რომ ჩვენ „ფოტოკორესპონდენტების“ რანგში, მთელი მატჩის განმავლობაში, „ლუჟნიკების“ სტადიონის სარბენ ბილიკებზე ყოფნა მოგვიწია.
იმ შეხვედრის წინ არავინ იცოდა დიეგო მარადონა მოსკოვში ჩამოფრინდებოდა თუ არა. როგორც კულუარებში ამბობდნენ, ბოლო დღეებში მხიარულად ერთობოდა და სათანადო სპორტულ ფორმაში არ იმყოფებოდა.
6 ნოემბერს მატჩისწინა, ტრადიციული პრეს-კონფერენცია გაიმართა. ამ ღონისძიებაზე იტალიური კლუბის წარმომადგენლებს აშოტ კურგენიანის ნახატი გადავეცით. ისინი დაგვპირდნენ რომ „ცხუმისა“ და აშოტის საჩუქარს არგენტინელს აუცილებლად გადასცემდნენ.
საბედნიეროდ მეორე დღეს, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დიეგო მარადონა მოსკოვში, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა.
ამ მატჩის დაწყების წინ, ბატონი ანზორ კიკალიშვილის რეკომენდაციით გავიცანით ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ევგენი მაიოროვი. ეს უკანასკნელი ადრე პოპულარული ჰოკეისტი გახლდათ და მრავალი წლის განმავლობაში სსრკ-ის ნაკრების ღირსებას იცავდა. მან უკვე იცოდა რომ დიეგო მარადონას სოხუმიდან სპეციალური საჩუქარი ჩამოვუტანეთ. მაიოროვი შეგვპირდა რომ ამ ფაქტის შესახებ საფეხბურთო მატჩის ტელერეპორტაჟის დროს მაყურებელს აუცილებლად გააცნობდა. კომენტატორმა მოცემული პირობა პირნათლად შეასრულა და შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აშოტ კურგენიანის ნახატის შესახებ სრულიად საბჭოთა კავშირის მოსახლეობას აცნობა. ამის გარდა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ისიც აღნიშნა რომ ამ ნახატის ავტორი, საფეხბურთო კლუბი, სოხუმის „ცხუმის“ წამყვანი მცველი გახლდათ.
იმ შეხვედრის ყველაზე საინტერესო მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. მოედანზე თვით დიეგო მარადონა გამოჩნდა. ვარსკვლავმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩემი აზრით გაცილებით მეტის ჩვენება შეეძლო. ყურადღება მივაქციე იმ ფაქტს რომ არგენტინელი მინდორზე დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა და მაღალი ტემპი მატჩის დასრულამდე სრულად შეინარჩუნა.
თამაშის დამთავრების შემდეგ მე, ფილიპი და ვიქტორი სარბენ ბილიკებზე მარადონას მივუახლოვდით. ფილიპმა ხმამაღლა წამოიყვირა: „ო, დიეგო“ და დაღლილ ფეხბურთელს გულახდილად გადაეხვია. მარადონა აშკარად დაბნეულად გამოიყურებოდა და ვერ მიმხვდარიყო ამ უცნობ „ფოტოკორესპონდენტებს“ მისგან რა უნდოდათ. ჩვენ „სიტუაციით“ ვისარგებლეთ, სამივემ მარადონას ხელი ჩამოვართვით და შემოვეხვიეთ. მე თარჯიმნის დახმარებით ვკითხე, საჩუქარი-პორტრეტი მიღებული თუ ჰქონდა? მარადონას კითხვა არ გაკვირვებია, გაგვიღიმა და სწრაფად გვიპასუხა, რომ „ნაპოლის“ წარმომადგენლებმა საჩუქარი გადასცეს და გულითადი მადლობა გადაგვიხადა.
შემდეგ დიეგო სხვა ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდა. მე არგენტინელს ყურადღებით ვაკვირდებოდი. მივაქციე ყურადღება რომ მარადონას თვალები საეჭვოდ „უბრწყინავდა“.
როდესაც სტადიონიდან გამოვედით ჩემს კოლეგებს ერთი პირადი ვარაუდი გავუზიარე: „ასი პროცენტით დარწმუნებული გახლავართ რომ მარადონა დოპინგს აქტიურად მოიხმარს. ნუთუ ის ნარკომანია?“
ჩემს ცხოვრებაში არაერთ ნარკომანს შევხვედრივარ და მათი ქცევის წესები კარგად მქონდა შესწავლილი. ვიცოდი მათი სპეციფიური ხელის მოძრაობა, თვალების უცნაურად დახამხამება და სიარულის განსაკუთრებული მანერა. ყოველივე ამ სიმპტომების გათვალისწინებით არგენტინელი დიეგო ტიპიური ნარკომანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
გადავწყვიტე, ეს ვარაუდი “სპარტაკი“ – „ნაპოლის“ ჩემს მიერ მომზადებულ რეპორტაჟებშიც გამომეთქვა.
„სპარტაკი“ – „ნაპოლის“ შეხვედრის ტექსტური რეპორტაჟი გაზეთ „ლელოსაც“ გადავეცი. იქვე მარადონასთან შეხვედრის საკუთარი მოსაზრებებიც აღვწერე. ანალოგიური მასალები რადიოსადგურ „მაიაკსა“ და გაზეთ „სოვეტსკი სპორტსაც“ მივაწოდე.
სამწუხაროდ ზემოთ დასახელებული მას-მედიის საშუალებების იმდროინდელმა მთავარმა რედაქტორებმა მარადონას შესაძლო ნარკომანობის შესახებ ჩემი ვარაუდები ამოჭრეს.
საინტერესოა რომ იმ დღეებში თბილისში, „ლელოს“ მთავარ რედაქტორს, ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძეს დავურეკე. ამ უკანასკნელმა შემდეგი სიტყვებით მომმართა:
„თენგო, ჩვენ ტექსტის ის ნაწილი ამოვიღეთ, სადაც მარადონას ნარკომანობაზეა საუბარი. ამ მოსაზრებას რასაკვირველია ვერ დავამტკიცებთ, დიეგოს კი ცილისწამებისთვის გაზეთისთვის სასამართლოში ჩივილი შეუძლია“.
ანალოგიურად მესაუბრა „სოვეტსკი სპორტის“ მთავარი რედაქტორი ოლეგ კუჩერენკოც, რომელმაც აგრეთვე ჩემს მიერ მომზადებული მასალიდან რამდენიმე წინადადება ტექსტიდან ამოიღო - ზუსტად ის ფრაზები მარადონაზე. მე ეს არ გამიკვირდა, რადგან იმ დროს მარადონას სახელი მსოფლიოში ქუხდა და ალბათ არცერთი გაზეთის რედაქტორი ამ სახის მოსაზრებას კატეგორიულად არ დაბეჭდავდა.
ამ შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარი წელი გავიდა და მსოფლიოს სხვადასახვა საინფორმაციო საშუალებებმა სენსაციური ცნობა გაავრცელეს.
ცნობილი გახდა რომ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დიეგო მარადონას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
იმ დროს სოხუმში ვცხოვრობდი. რასაკვირველია გავიფიქრე რომ თავის დროზე მართალი გახლდით და იმ მოსკოვური შეხვედრის შემდეგ მარადონას ნარკომანობის შესახებ სწორი დასკვნა გამომიტანია. ამავე დროს საკუთარ თავზეც გავბრაზდი, რადგან 1990 წლის ნოემბერში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მთავარი რედაქტორების ჩემს სიმართლეში დარწმუნება ვერ შევძელი.
კოლეგებზე ნაწყენი არ ვიყავი, რადგან ჩემი მოსაზრებები მხოლოდ პირად დაკვირვებებს ემყარებოდა და რაიმე ოფიციალური დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნდა.
იმ პერიოდში სოციალური ქსელი რომ ყოფილიყო ჩემს აზრებს იქ გავავრცელებდი და ეს გარკვეულწილად საინფორმაციო გარ%ღვევა აღმოჩნდებოდა“.
საინტერესოია რომ სოხუმელი თენგიზ პაჭკორია იყო იმ ჟურნალისტებს შორის რომლებმაც მარადონას ნარკომანობაზე ეჭვი, ფეხბურთელის „ოფიციალურ ჩავარდნაზე“ გაცილებით ადრე გამოიტანა. თუმცა რამდენიმე იტალიელი სპორტული ჟურნალისტისგან განსხვავებით, ბატონი თენგიზის ეს ვარაუდი იმდროინდელმა საბჭოთა მას-მედიამ არ დაბეჭდა.