ჩაწყობით დაწერილი „სამიანი“

ჩაწყობით დაწერილი „სამიანი“

ბატონი სოსო ჯაჭვლიანი თავისი ახალგაზრდობის ერთ შემთხვევას არაერთხელ იხსენებს.

„სულ ვამბობ, ამქვეყნად ყველაფერი ბედისწერის ბრალია, მაგრამ კაცმა შენც თუ არ გაანძრიე ხელ-ფეხი, ისე არაფერი გამოგივა და ქალაქის ორომტრიალში ისე დაიკარგები, ვერავინ შეამჩნევს შენს არსებობას-მეთქი. კაცს თუ დაბადებისას იღბალი დაგყვა, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერსად დაიკარგები. მეც შემთხვევის წყალობით გავხდი პოპულარული და სწორედ, ერთმა წამმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.

ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სპორტსმენის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გურამ საღარაძის დამსახურებით მოვხვდი. შემთხვევით მომკრა თვალი, არც სახელი იცოდა ჩემი, არც გვარი და სვანს მეძახდა.

მოკლედ, ინსტიტუტში ვაბარებდი. ფიზკულტურის ინსტიტუტში, მისაღებ გამოცდებზე, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ბარდებოდა. რისი ჩამბარებელი ვიყავი? ქიმიის გამოცდაზე გავედი და „ორიანი“ მივიღე. მართალია, შპარგალკებით ვიყავი შეიარაღებული, მაგრამ ვერ მიშველა. გამოვედი გარეთ, დედაჩემს ვუთხარი, წავიდეთ სახლში, „ორიანი“ მივიღე და ჩავიჭერი-მეთქი. ინსტიტუტის გვერდით ფალავანთა კლუბი იყო და იქით წავედი.

ამ დროს, შემოგრიალდა შავი, გასისინებული „ოცდაოთხი“, ანუ დღევანდელი „ლამბორჯინი“. უცებ მანქანიდან ვიღაცამ დამიძახა: ეი, შენ სვანო, მოდი აქო. მივედი, დავინახე, გურამ საღარაძე და ვახტანგ ბალავაძე სხედან მანქანაში. გურამმა უთხრა ვახტანგს, აი, ამ სტუდენტზე გესაუბრებოდი, ნახე, როგორი აღნაგობა აქვსო. ვუთხარი, სტუდენტი არ ვარ, ამწუთას გამოვედი გამოცდიდან და ჩავიჭერი-მეთქი.

გაოცდა. გადმოვიდა მანქანიდან, ამომყვა, შევიდა კომისიასთან და „სამიანი“ დააწერინა. ასე ჩავირიცხე ინსტიტუტში. წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ რომ, უცხო ადამიანი დაეხმაროს ახალგაზრდას, მხოლოდ ჩვენს ქალაქში ხდება.

თბილისი ის ადგილია, სადაც ადამიანისთვის ყოველი წამი გაწერილია, თითოეული წუთი ისეა გათვლილი, რომ შენი ცხოვრება შეცვალოს და კაცად გაქციოს, გზაზე დაგაყენოს. მთავარია, მის დინებას აჰყვე და ნაბიჯი ააყოლო. ამას, ამ ქალაქს ვერ დაუკარგავ“.