თენგიზის მამალი

თენგიზის მამალი

მრავალი ცნობილი მსახიობი გვყავს ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი ცხოვრების მუდმივი მეგზურები არიან და თაობათა ცვლის პროცესი არასოდეს ეხებათ. ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ყოველთვის ახლობლებად რჩებიან და მათზე მთელი თაობები აღიზარდნენ და იზრდებიან.

 

მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

 

ცნობილი ქართველი მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი იგონებდა:

 

“მარშლის ფორმაში გამოწყობილი ბოლთას ვცემ გადასაღები პავილიონის წინ და თან ჩიბუხს შევექცევი. უცებ საიდანღაც გაცრეცილ-მაზარიანი კაცი გამოჩნდა, ჩამივარდა ფეხებში და მომმართა – “იოსეფ ვესარიონოვიჩ, რა ბედნიერებაა, თქვენ რომ გხედავთო!” ავღელდი, ერთი რუსი მაინც ყოფილა სტალინის გულშემატკივარი – მეთქი. მოვეფერე, წამოვაყენე. უცებ რუსმა ხმა შეიცვალა და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა: “ ამხანაგო სტალინ, ჩემი დაწყევლილი ცოლი ჯამაგირს არ მაძლევს, მე კი სადაცაა თავი გამისკდება, ისეთ “პახმელიაზე” ვარ და სამი მანეთი არ გექნებათ?” სიტუაციის ასეთი მკვეთრი შემობრუნებისგან გაშტერებული დავრჩი, მაგრამ იმ თაღლითს ფული მაინც მივეცი”

 

ქართული კომედია “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” მრავალ ჩვენთაგანს აქვს ნანახი. ამ ფილმის რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა:

 

 “ამ სურათის შექმნა, მართლაც, თავიდან ბოლომდე კურიოზებით იყო სავსე. მახსოვს, შეხვედრაზე მჟავანაძემ იკითხა, რა ჰქვია ფილმსო და როგორი სათქმელი იყო – “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!”. ვზივარ ენაჩავარდნილი, ხმას არ ვიღებ. მჟავანაძე ახლა სხვებს მიუბრუნდა:

 

- მან არ იცის, რა ჰქვია მის ფილმს, მაშ როგორ გადაიღო?

 

- იცით, - ჩაერია კულტურის მინისტრი, - უბრალოდ, “ბოდიში”

 

- ბოდიშების დრო არა გვაქვს, - შეაწყვეტინა მჟავანაძემ.

 

- არა, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”

 

- მე, კაცო?! – სიტყვა აღარ დაამთავრებინა, ისე შეიცხადა ცკ-ის პირველმა მდივანმა.

 

ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ფილმის ჩვენება და, ვაიმე! არავინ იცინის. პირველი მდივანი არ იცინის და ვინ გაბედავს გაცინებას?! უყურებენ, უყურებენ. იპოლიტე რომ გამოჩნდა ეკრანზე – “ჰა, ჰა, ჰა”, - გაიცინა მჟავანაძემ. ახარხარდა დარბაზი და ამან გადამარჩინა.”

 

1964 წელს მსახიობი დოდო აბაშიძე დაჯილდოვდა მედლით “წყალწაღებულის გადარჩენისათვის”. ამის შესახებ ბატონი გიზო ნიშნიანიძე წერდა:

 

“გაზეთ “იზვესტიაში” სათაურით – გენერალური რეპეტიცია – დაიბეჭდა ინფორმაცია, რომელმაც მსოფლიოს ერთ მეექვსედს აუწყა, რომ მაისის წყალდიდობით გადარეულ მტკვარში, არა კინოვარსკვლავის დუბლიორ-კასკადიორი, არა კინოობიექტივის თვალის მოსატყუებლად, არამედ რეალური როლისა და კაცური ვალის აღსასრულებლად ვერის ხიდიდან გადაეშვა ვერის არწივი და მისთვის სრულიად ჩვეული საქმე ქმნა – ადამიანი გადაარჩინა.

 

- რამ გიბიძგათ, ამ გადარეულ მტკვარში გადახტომა, ეს ხომ სიკვდილის ტოლი იყო, - შეეკითხა რუსი კორესპონდენტი.

 

- სამაგიეროდ, ფასი ჰქონდა სიცოცხლეს, - უპასუხა და ღიმილიც ზედ დააყოლა, - ეს არ დაწეროთ, თქვით, რომ ეს იყო გენერალური რეპეტიცია “ზღვის შვილების” გადაღების წინ, სადაც კეთილი მეზღვაურის როლს მაკისრებენ. სცენარით, ამ მეზღვაურმა ზღვაში კაცი უნდა იხსნას და ამაზე ნაღდი გენერალური რეპეტიცია რა უნდა იყოს”.

 

მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე იგონებდა:

 

 “როდესაც თენგიზ არჩვაძე სადღეგრძელოს ამბობს, ვერ იტანს, თუ ვინმე ლაპარაკობს. ერთხელ რაჭაში ვართ. ქეიფსა და ერთმანეთის სიყვარულში ალიონიც წამოგვეპარა. თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს და ყველას უხარია – ხესაც, კავკასიონსაც, ზემოდან რომ დაგვცქერის. ასეთი განწყობა ახლავს თენგიზის სადღეგრძელოს და ამ დროს მამალმა არ დაიყივლა? თენგიზი გაჩერდა, მამალიც გაჩერდა. თენგიზმა განაგრძო სადღეგრძელო და ბიჭოს, მამალმა ისევ დაიყივლა. თენგიზი ისევ გაჩერდა, მაგრამ მესამედაც იგივე რომ განმეორდა, გაგულისებული წამოდგა და ხის ტოტი შეირხა. მამალი ტოტიდან კი აფრინდა, მაგრამ თენგიზს შემოაჯდა მხარზე და ამჯერად ყურთან დაჰყივლა!

 

იმ მამალს “თენგიზის მამალი” დავარქვით. ვინც მაშინ რაჭაში ამ დიდი მსახიობის ნახვა ვერ მოახერხა, მამლის სანახავად მოდიოდა ხოლმე”.

 

ვასო გოძიაშვილი ერეკლე მეფეს თამაშობდა, სადაც არის ასეთი სცენა, როცა ერეკლე ამბობს: “ღმერთმა ხომ იცის, რომ...” ამ დროს მაღლა იყურება და ხელებს ცისკენ აღაპყრობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცოდა ჟორა შავგულიძემ, რომელიც სპექტაკლში საიათნოვას თამაშობდა, მაგრამ იმ პერიოდში თავისუფალი კულისებში იდგა. სცენის თავზე, მემანქანეებთან, ჩაიხადა შარვალი და ზედ ვასოს თავზე ჩაიცუცქა. “ღმერთმა ხომ იცის” – დაიწყო ვასომ, მაღლა აიხედა და დაიწყო, რაც უნდა ეთქვა.

 

- ვა, ტრაკი? – გაოცებულმა პაატა ბატონიშვილმა მაღლა აიხედა და...

 

- კი, ტრაკი, ეს ვისია? – მაგრამ დარბაზში აღარაფერი ისმოდა, სიცილი ანგრევდა კედლებს, მსახიობებს კი საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებად დაუჯდათ შავგულიძის ხუმრობა.

 

“აბეზარაზე” მუშაობისას ლეილა აბაშიძემ კარგად ისწავლა მანქანის მართვა. “მაია წყნეთელის” გადაღებისას ცურვა, ფარიკაობა, ცხენოსნობა, სროლა და სპორტის სხვა სახეობები აითვისა. ასე რომ, მას ყოველთვის დუბლიორის გარეშე იღებდნენ. სახიფათო ტრიუკების შესრულებისას, მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო შემთხვევა ყოფილა.

 

 “მაია წყნეთელში” ბატალური სცენების გადაღებისას მსახიობს არავინ ცვლიდა. მოძრაობის ტრაექტორია წინასწარ მონიშნული ყოფილა, მაგრამ ვიღაცას უცაბედად ცხენი ნაღმზე გადაუტარებია და აფეთქების ხმას “მაიას” ცხენი დაუფრთხია. არტახები გამწყდარა და მსახიობი უნაგირიანად ცხენის მუცლის ქვემოთ მოქცეულა. ფაფარს ჩაჭიდებულს უქროლია მცირე ხანს და უზანგში ჩაჭედილი ფეხის გათავისუფლებას ლამობდა, მაგრამ ახლა მეორე საფრთხე დაემუქრა. ცხენიდან გადმომხტარი შეიძლება სხვა მხედრებს გაეთელათ.

 

თავს იწყნარებდა, რომ გაწვრთნილი ცხენი არასოდეს გაგთელავს. როგორც იქნა, გაითავისუფლა თავი და ცხენიდან გადმოხტა. უკან მთელი ამალა მოჰყვებოდა. თუმცა, ლეილა აბაშიძეს არაფერი ახსოვს. როდესაც გონს მოვიდა, ნაბადში გახვეულს “მოასვენებდნენ”. ერთი კი გაუფიქრია, “თურმე როგორი ყოფილა სიკვდილიო?!”

 

არც “თბილისი-პარიზი-თბილისის” გადაღებებს ჩაუვლია ტრავმის გარეშე. როცა საჰაერო ბურთი მიწისკენ ეშვებოდა, ასე ათიოდე მეტრიღა იყო მიწამდე დარჩენილი და მსახიობს უფიქრია, ეს უკვე უსაფრთხო მანძილიაო და გადმომხტარა. ამ ნომრის შემდეგ დიდხანს ყოფილა საწოლს მიჯაჭვული.