საყდრისის დამცველი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ძეგლის ხელყოფა იმ გარდაცვლილი თუ ცოცხალი მეცნიერების ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომლებმაც საყდრისის მაღარო უძველეს სამთო ძეგლად გამოაცხადეს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში სამთო გეოლოგმა - თეიმურაზ მუჯირმა საყდრისის ძეგლის მნიშვნელობა დაადასტურა. იმ პერიოდში არც „არ ემ ჯი გოლდი“ იყო და არც კონკრეტულ პირთა დაინტერესება. ამდენად, თეიმურაზ მუჯირის დასკვნა ამ მხრივ უტყუარად ჩაითვლება. თუმცა მანამდე მეცნიერები იხსენებენ, რომ საყდრისთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი გვერდზე გადგა. ივანიშვილთან მეცნიერთა ჯგუფის პირველი შეხვედრისას, 2013 წლის სექტემბერში, მან ცალსახად „არ ემ ჯი“-ს დაუჭირა მხარი. მეცნიერთა თქმით, ივანიშვილს სიტყვა არ უთქვამს, რომ არქეოლოგებს შეესწავლათ, რამდენად ღირებული იყო საყდრისის მაღარო.
For.ge საყდრისი-ყაჩაღიანის სამეცნიერო ექსპედიციის წევრს, არქეოლოგ გიორგი გოგოჭურს ესაუბრა.
წლების წინ მეცნიერმა, თეიმურაზ მუჯირმა საყდრისის ძეგლის მნიშვნელობა დაადასტურა. კონკრეტულად, რა ეწერა თეიმურაზ მუჯირის კვლევაში?
- იმ პერიოდში სამთო-გეოლოგიური კვლევები ყველა რეგიონში ტარდებოდა - სვანეთში, რაჭაში, აფხაზეთში, ჭოროხის ხეობაში, აჭარაში, კახეთში. 70-იანი წლების დასაწყისში აღნიშნულ რეგიონში, ბოლნისის რაიონში „მადნეულმა“ დაიწყო თავისი საქმიანობა. „მადნეულის“ მთავარი მიზანი იყო, მოეპოვებინა სპილენძის მადანი. ეს ცნობილი ფაქტი გახლდათ.
„მადნეული“ სპილენძს ეძებდა და არა -ოქროს?
- იცით, სუფთა სახით, ანუ ბაჯაღლოს სახით ოქრო ბუნებაში ძალზე იშვიათია. მით უმეტეს, იმ ქანებში, სადაც გამადნება მიმდინარეობს, ოქრო სხვადასხვა მინერალებთან ერთად არის. ამ შემთხვევაში, ოქრო მოიპოვება სპილენძის მადანთან, სპილენძის თანმდევია და არის ცალკეული შემთხვევა, როცა ისეთ ქანებში, ისეთ მინერალებშია ჩართული, სადაც ოქრო უფრო მეტია, ვიდრე სპილენძი ან სხვა რომელიმე მინერალი. კონკრეტულად, საყდრისი-ყაჩაღიანის ამ ზონაში, აღნიშნულ სამთო ძეგლზე ზედა ქანებში, ბორცვის ზედაპირიდან სადღაც 80-100 მეტრის სიღრმემდე კვარცის ძარღვებში მოიპოვება მხოლოდ ოქრო. ეს არის მთავარი და ეს განასხვავებს დანარჩენი მადნებისგან ამ კონკრეტულ საბადოს ამ ტერიტორიაზე. რაც შეეხება მეცნიერს, თეიმურაზ მუჯირს, მან, როგორც სამთო გეოლოგმა, 80-იან წლებში მონაწილეობა მიიღო საყდრისის ნამუშევრების კვლევაში. ეს კვლევები ძირითადად კულტურული კვალის ხნოვანების დადგენას ითვალისწინებდა და იმის დადგენას, თუ რა მადანს მოიპოვებდნენ პრეისტორიულ ხანაში. მეცნიერთა ამ ჯგუფის ანგარიში დაიდო 1987 წელს, იგი ნაბეჭდის სახითაა აკინძული და 130 გვერდამდეა. ავტორი თავის ანგარიშში ძეგლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მას მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრით ათარიღებს, როგორც ერთ-ერთ უძველეს მაღაროს საქართველოს ტერიტორიაზე. სამთო ინსტიტუტის იმდროინდელი დირექტორი ბატონი ლევან ჯაფარიძე მაშინვე გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ საქმე ჰქონდათ ოქროს და არა სპილენძის მაღაროებთან. ეს იყო მნიშვნელოვანი გეოლოგიური კვლევა. მოგვიანებით, 2004-2013 წლებში საყდრისის სამთო ძეგლზე არქეოლოგიური კვლევები ჩატარდა.
თქვენ ბრძანდებოდით ზუსტად ამ ქართულ- გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი, სადაც ქართულ მხარეს მეცნიერი ირინა ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა. თუ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ეს უძველესი მაღარო იყო, რადგან ბოლო პერიოდში კონტრარგუმენტები მოვისმინეთ, მეცნიერ დავით ლომიტაშვილს ირინა ღამბაშიძის კვლევები კითხვებს უჩენს. ის ამბობს, ერთი ნივთი მაინც დამისახელონ ამ მეცნიერებმა, რომელიც ამ მაღაროში აღმოაჩინესო.
- მოგეხსენებთ, რომ საყდრის- ყაჩაღიანის უძველეს სამთო ძეგლზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აწარმოებდა ქართულ- გერმანული ექსპედიცია. წამყვანი ძირითადად გერმანული მხარე იყო. ამ პროექტს ეწოდებოდა- „უძველესი ოქრო საქართველოში“. მაღაროებიდან აღებული ნიმუშების (ნახშირი, მადანი) ანალიზები გაკეთდა გერმანიისა და შვეიცარიის სამეცნიერო ლაბორატორიებში - ბოხუმში, ჰაიდელბერგსა და ციურიხში. ანალიზებმა მოგვცა მაღაროების აბსოლუტური თარიღები და განისაზღვრა მადნის სახეობა.
რაც შეეხება დავით ლომიტაშვილს, ის გახლავთ სპეციალისტი, რომელიც მანამდე თანამშრომლობდა „არ ემ ჯი გოლდ“-თან. ამ კომპანიისგან მოდიოდა დაკვეთა, როგორ უნდა გაექარწყლებინათ ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ მიღებული შედეგები. ეს ხდებოდა 2013 წლის დასაწყისში. ლომიტაშვილმა დაკვეთა მიიღო. ის დაიქირავეს როგორც ექსპერტი, მაგრამ იგი არ გახლავთ იმ პერიოდის სპეციალისტი. ერთი ნივთი მაინც დამისახელონო, ეს არ არის არგუმენტი. შეიძლება, ეჭვი გამოთქვას სპეციალისტმა და ჩვენ ვერავის დავუშლით ოპონირებას, მაგრამ აქ მეცნიერის კეთილსინდისიერებაზეა საქმე, რამდენად არის მისი მეცნიერული დაინტერესება უტყუარი? როცა შენ ეყრდნობი იმ გეოლოგების მოსაზრებებს, როგორებიც არიან ქუცნაშვილი, თვალჭრელიძე, შოთა ადამია, ისინი ხომ „არ ემ ჯი გოლდი“-ს უშუალო კონტრაქტორები იყვნენ, ამ კომპანიისგან იღებდნენ ხელფასებს. ხოლო, რაც შეეხება ნივთებს, არქეოლოგიურ არტეფაქტებს, მაღაროებსა და გადანაყარ ფუჭ ქანებში ნაპოვნია 10 000-ზე მეტი ქვის იარაღი: უროები, ამბოსები, საფხვნელ-სასრესები, 1000-დე ერთეული თიხის ჭურჭლის ნატეხი, მათ შორის, 600-ზე მეტი ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის კუთვნილებაა. მტკვარ-არაქსის კულტურის არსებობის ხანაში იწყება საყდრისში ოქროს მადნის ამოღება.
თვალჭრელიძეს, ქუცნაშვილს და ადამიას ეს არ უნდა შეშლოდათ, მათ დამალეს სიმართლე. როდესაც არქეოლოგი (ვგულისხმობ ლომიტაშვილს) 2004-დან 2012 წლამდე ესწრები სიმპოზიუმებს, სესიებს, ვორქშოპებს, ხარ თანამშრომელი და არ გამოთქვამ შენს მოსაზრებას, ოპონირებას არ ახდენ და უცებ 2013 წელს საყდრისს უძველეს ოქროს მაღაროდ აღარ აღიარებ, ეს იწვევს კითხვებს. მით უმეტეს, უკვე ცნობილია და დავით ლომიტაშვილი თვითონვე წერს, რომ 2013 წლის 26 მარტს რომელიღაც საშუამავლო ფირმამ დაუკვეთა, შეესწავლა საყდრისი-ყაჩაღიანის სამთო ძეგლის პრობლემები და ხასიათი. მაისში იგი უკვე ხვდება კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილ 11-კაციან კომისიაში, რომელშიც ასევე, იყო ლიჩელი და სხვები. არ დაგებადებათ ეჭვი, რომ ისინი ტყუიან? თუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, დავინახავთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, როცა „არ ემ ჯი გოლდისთვის“ ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება გახდა აქტუალური, ეს კომპანია ყველაფერზე მიდიოდა. თვითონ „არ ემ ჯი გოლდის“ ხელმძღვანელობა ავალებდა, აიძულებდა თავის გეოლოგებს, როგორი ტყუილი უნდა ეთქვათ უცხოელი ექსპერტებისთვის, რომლებიც „არ ემ ჯის“ ინიციატივით ჩამოიყვანა სააგენტომ.
„არ ემ ჯი გოლდის“ გეოლოგების მიერ ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების შედეგებში წერია, რომ საყდრისის ამ ბორცვის ქვეშ არის მხოლოდ და მხოლოდ ოქრო მიწის ზედაპირიდან 80-100 მეტრის სიღრმეზე, კვარცის ძარღვებში და ეს შემადგენლობა 95%-ია, მხოლოდ 5%-ია იქ სპილენძი. ეს რომ გავასაჯაროეთ და არქეოლოგები ამას ვამბობდით ჩვენს საჯარო გამოსვლებში, მერე უკვე შეცვალეს პოზიცია, იმავე დავით ლომიტაშვილმა, მათთან დაკავშირებულმა სხვა არქეოლოგებმაც, „არ ემ ჯი გოლდი“-ს გეოლოგებმაც და დაიწყეს საუბარი, კი, მანდ მართლაც არის ოქრო, მაგრამ უძველესი მაღარო არ არისო. ქრონოლოგიურად რომ მიყვეთ, მიხვდებით, რომ რაღაცას ცუღლუტობენ და სწორ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. ასე რომ, დავალება ჰქონდათ, უნდა გაქარწყლებულიყო სიმართლე. მაშინ, როდესაც არსებობს ამ მაღაროებიდან ამოღებული 200-მდე ნიმუში.
ნახშირის ნიმუშებზეა საუბარი?
- არა მარტო ნახშირის ნიმუშებზე. კვარცის ძარღვებს რომ ფხვნიდნენ და ოქრო ამოჰქონდათ ძველ მაღაროელებს, ძველ სამთოელებს, იქ ხდებოდა ოქროს ჩაშლა იმ ღრმულებში. ეს კვალი შერჩენილია. აი, ამ მადნის ნარჩენების 200-დე ნიმუში გერმანიაში წაიღეს და ბოხუმის სამთო მუზეუმის ლაბორატორიაში გაკეთდა ანალიზები, რითაც დამტკიცდა, რომ საყდრისის მაღაროებში პრეისტორულ ხანაში მოიპოვებდნენ ოქროს. ყველა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გამოაგზავნა ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ისინი აღნიშავენ, რომ ანალიზების შედეგებზე და მათ სიზუსტეზე პასუხს აგებენ. ეს დოკუმენტები მოითხოვა სამინისტროში შექმნილმა 11 კაციანმა კომისიამ. კომისიამ ფაქტობრივად, უნდობლობა გამოუცხადა ევროპელი მეცნიერების კვლევების შედეგებს. ამ ქმედებით თავი მოიჭრეს იმ მეცნიერებმა, ვინც ამ კომისიაში იყო და ამის გამო საერთაშორისო სკანდალი ატყდა.
პრემიერმა საზოგადოებას მიმართა, არჩევანი გააკეთონ, რა ურჩევნიათ- 3000 ოჯახის კეთილდღეობა, თუ სტერილური არქეოლოგიური ობიექტი? საინტერესოა, რამდენ ხანს ეყოფა ეს ოქრო იმ 3000 ოჯახს, ეს მადანი სამუდამო ხომ არ იქნება?
- არ არის სწორი დამოკიდებულება კულტურის სამინისტროს, სააგენტოს და მთავრობის მხრიდან. მათგან კეთილი ნება არ არის, დაიცვან ის ფასეულობები, რაც დასაცავია. არ ეკონტაქტებიან იმ არქეოლოგებს, ვინც იქ მუშაობდა, მათ შორის, - გერმანულ მხარეს, რომელიც ხარჯავდა ამაში ფულს და ეს არ იყო მარტო ექსპედიცია ექსპედიციისთვის, არამედ იყო სასწავლო-სამეცნიერო პროექტი, სადაც ჩართულია სტუდენტობა, მაგისტრანტები, დოქტორანტები ჩვენი და გერმანული მხრიდან. ამ პროექტის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ სტუდენტობა, ახალგაზრდობა უნდა ყოფილიყო ჩართული ამ პროექტში, 4 თუ 5 სადოქტორო დისერტაცია მომზადდა, აქედან ორი უკვე დაცულია. რაც შეეხება პრემიერის მიერ ნახსენებ 3000 ოჯახის კეთილდღეობას, მათ სოციალურ პრობლემებს, 1500 კვადრატული კილომეტრი აქვს „არ ემ ჯი“-ს სალიცენზიოდ აღებული, იქ სხვადასხვა ადგილებზეცაა მოძიებული ოქროს საბადოები. „არ-ემ-ჯი” -ს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ საყდრისის ბორცვში, კონკრეტულად, მაგ ადგილზე არის ყველაზე მაღალი შემცველობის, ანუ მაღალი სინჯის ოქრო. 3-4 წელიწადში მაგ ტერიტორიაზე დარჩება ქვაბული. არავინ ამბობს, რომ „არ ემ ჯი გოლდი“ გაჩერდეს და ეს ხალხი მშიერი დარჩეს. უბრალოდ, „არ ემ ჯი“-ს ეკონომიურობაზე აქვს გათვლა, არ სურს, ზარალი ნახოს, რადგან სხვა ადგილებში გზა უნდა მიიყვანოს, ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს და არ სჭირდებათ დანაკარგები. გარდა ამისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა იქ? ვინ არის იქაურობის დამცველი? იქ ხალხის ჯანმრთელობის პრობლემაა, წლების განმავლობაში ეს ხალხი იწამლება და ჩვენც ვიწამლებით, რადგან დედაქალაქს ეგ რეგიონი ამარაგებს ძირითადად.
თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი არგუმენტი ისიცაა, რომ საყდრისის კვარცის ძარღვებში ისეა ჩაწინწკლული ოქრო, რომ ჩვენი წინაპრები მას ვერ ამოიღებდნენ.
- ახლა იმათ რა დაინახეს და რა ვერა, ჩვენთვის არგუმენტი არ გახლავთ. ლომიტაშვილის თვალებმა და ჩემმა თვალებმა შეიძლება ვერ დაინახონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს არტეფაქტები, რომლეზეც უკვე მოგახსენეთ. არტეფაქტები ამოღებული 35-38 მეტრის სიღრმიდან, რა ვუყოთ ამ არტეფაქტებს, იგნორირება გავუკეთოთ? ეს არტეფაქტები დათარიღებულია მეოთხე ათასწლეულის ბოლოთი და მესამე ათასწლეულის დასაწყისით.
მათი თქმით, ბულგარეთში ქრისტემდე 1700 წლის წინანდელ ოქროს მაღაროში- ადა თეპეში აღმოჩენილმა არტეფაქტებმა გადაინაცვლა მუზეუმში. არადა, ადა თეპეს მაღარო საყდრის შემდეგ რიგით მეორე უძველეს ძეგლად ითვლება.
- სინამდვილეში, ადა თეპე არ დანგრეულა, ადა თეპე დღესაც დგას. არანაირი ნგრევა იქ არ ყოფილა.
მაშინ რატომ ამბობენ, რომ ადა თეპემ მუზეუმში გადაინაცვლა?
- ტყუიან. ადა თეპე არსად არ გადასულა, გადავიდა იქ მოძიებული არტეფაქტები. ბოლნისში მუზეუმის აშენებას გვპირდებიან კულტურის მინისტრი და სააგენტოს დირექტორიც. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლნისში სამთო-გეოლოგიური მუზეუმის აშენება გერმანული მხარის მიერ შემოთავაზებული სამომავლო პერსპექტივა იყო. ესენიც ამბობენ, მუზეუმი ავაშენოთ და იქ გადავიტანოთ არტეფაქტებიო. აქ საკითხისადმი მიდგომაა სხვანაირი. გერმანულ მხარეს უნდოდა, საქართველოს დახმარებოდა და ამ რეგიონში აეშენებინა ბოხუმის ტიპის სამთო მუზეუმი. სამთო მუზეუმი არა მარტო სამთო ძეგლების კვლევას ნიშნავს, არამედ - თვითონ იმ ნივთების კვლევასა და ანალიზს, რომელიც არქეოლოგიური გათხრების დროს არის მოპოვებული. ბოხუმის მუზეუმის ლაბორატორიაში ნივთებსაც იკვლევენ. ბოლნისის სამთო-გეოლოგიური მუზეუმი უნდა მომსახურებოდა ამიერკავკასიას და მის მეზობელ სახელმწიფოებს. ეს მუზეუმი გაუძღვებოდა სამთო კვლევებს კავკასიის რეგიონში. თვალჭრელიძე, ქუცნაშვილი, ადამია ამბობდნენ, რომ აქ არის სპილენძის მადანი და საყდრისიდან სპილენძია გამოღებულიო. თუკი სპილენძი იყო გამოღებული, მაშინ სპილენძის მაღაროებთან აუცილებლად უნდა არსებულიყო წიდების გროვები. ამ დროს საერთოდ იქ წიდები არ არსებობდა. ამით აშკარაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერები პირდაპირ დაინტერესებულნი იყვნენ, ეთქვათ ტყუილი. წიდის გროვები ადვილი შესამჩნევია, წიდის ადგილას მიწა ფუჭი ხდება და იქ საუკუნეების განმავლობაში მცენარეულობა აღარ ამოდის. თუ საყდრისის მაღარო სპილენძის მაღაროა, როგორც ეს მეცნიერები „ამტკიცებდნენ“, მაშინ სპილენძის მადნის მაღაროებს ძეგლის სტატუსი არ სჭირდებოდა და თავისუფლად შეიძლებოდა მისი მოხსნა, რადგან საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც გვაქვს სპილენძის მაღაროები (სვანეთში, აფხაზეთში, რაჭაში). თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სპილენძის ასეთი ძველი გამონამუშევრები საქართველოში არსად არ გვაქვს.
კიდევ ერთი კონტრარგუმენტი - იმ უჰაერო სივრცეში, საყდრისის ვიწრო ნაპრალებში, სადაც სიგარეტის მოკიდებაც კი შეუძლებელია, როგორ ჩავიდოდნენ პრეისტორიული ადამიანები?
- რას ნიშნავს, იქ ვერ ეტეოდნენ? იქ არის ტექტონიკური ბზარები და შესაძლოა, ესეც უწყობდა ხელს მაღაროების ჰაერიზაციას. არქეოლოგების მიერ იწმინდებოდა ეს გვირაბები, იქ არის არა მარტო დაღმავალი, არამედ ჰორიზონტალური, სხვადასხვა მხრისკენ მიმავალი განშტოებები. იქ ჩადის მუშა, ჩადის არქეოლოგი, ითხრება, იწმინდება მაღაროები, მიმდინარეობს ფოტო გადაღებები, აზომვები, ესენი კიდევ გაიძახიან, რომ იქ ადამიანი ვერ ჩაეტეოდაო... სადაა აქ ლოგიკაა? ჯერჯერობით 38 მეტრამდე იყო სიღრმე, რაც გაიწმინდა. ეს არ არის ბოლომდე შესწავლილი, მხოლოდ 1/3-ია გათხრილი და 2/3-ია დარჩენილი. როცა წმენდნენ, ის იყო მაშინდელი კულტურული ნარჩენებით შევსებული. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კულტურის სამინისტრო და კულტურის სააგენტო საყდრისის სახით ანადგურებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას.
2006 წელს თუკი არ იყო საყდრისი ძეგლის სტატუსის პრეტენდენტი, მაშინ მეცნიერ ირინა ღამბაშიძის მოთხოვნით კულტურის სამინისტრო ასე იოლად ტყუილად მიანიჭებდა საყდრისს ძეგლის სტატუსს?
- საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ამა თუ იმ კულტურული ობიექტის სააღრიცხვო ბარათი უნდა შედგეს. უნდა დადგინდეს, სად მდებარეობს ეს ობიექტი, როგორია მისი დაცულობა, მისი ისტორიული მნიშვნელობა, ეს გრაფები უნდა შეივსოს, ასევე, დადგინდეს, მისი სამეცნიერო ღირებულება. ეს ყველაფერი ირინა ღამბაშიძემ 2006 წელს შეაგროვა და ამის შემდეგ მოხდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება. ჯერ კომისია განიხილავს საბუთებს და გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, კულტურის მინისტრის გადაწვეტილებით, ობიექტს ენიჭება უძრავი ძეგლის სტატუსი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტი. აქ არავითარი დაინტერესება არ ყოფილა. ერთადერთი იყო ის, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი აღმოჩნდა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოსთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის სამთო ძეგლია, რადგან ამ ასაკის, ამ დროის ოქროს მაღაროები არსად არ ყოფილა დღემდე მიკვლეული. რაც შეეხება დავით ლომიტაშვილის და მავანთა კითხვებს თუ სკეპტიციზმს, რომ ამ დროის ოქროს ნივთები არ არსებობს, ჩვენ გვაქვს რადიოკარბონული თარიღები, ანუ თარიღები ნახშირის ანალიზისგანაა მიღებული, დაახლოებით 12-14 თარიღია და ეს ანალიზები ციურიხში, შვეიცარიაშია გაკეთებული, ასევე, ჰაიდელბერგის, გერმანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. საყდრისის მაღაროს ყველაზე ადრეული თარიღის (ძვ. წ. 3330 წ.) თანადროული ოქროს ნივთები მართლაც არ არის ნაპოვნი საქართველოში, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ აზერბაიჯანის საზღვართან მეოთხე ათასწლეულის პირველი ნახევრის სამარხებში ოქროს ნივთებია აღმოჩენილი. ეს ფაქტი არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოშიც აღმოჩნდეს ადრეული ოქროს ნივთებიც. სავსებით შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანის ადრეული ნივთები დამზადებული იყოს საყდრისის საბადოდან გატანილი ოქროთი. ეს საკითხი ოქროს ნივთებისა და საყდრისის ოქროს მადნის ანალიზების ურთიერთ შედარებით უნდა გადაიჭრას. ამ პრობლემების კვლევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევში, თუ საბოლოოდ არ მოსპობენ საყდრისს. რა თქმა უნდა, ჰიპოთეზაა, რომ შუმერული, ხეთური, ასურული და ურარტული ოქროს ნივთებიც საყდრისის ოქროსგანაა დამზადებული. იგივე ითქმის კავკასიის მასშტაბით არსებულ ოქროს ნაკეთობებზე. ამ ყველაფრის დამტკიცებას კვლევა სჭირდება, კვლევებისათვის კი აუცილებელია საყდრისის გადარჩენა. ჩვენთან სხვადასხვა ნივთები შუმერიდანაც შემოდიოდა, ანუ ურთიერთობა არსებობდა. საყდრისის ადრეულ ეტაპზე, როგორც ჩანს, ჩვენთან არ მოიხმარდნენ ოქროს, არამედ როგორც დღესაა, ჩვენიდან უცხოეთში გაჰქონდათ. შესაძლოა, მოგვიანო ხანაში (ძვ. წ. 28-27 სს.) ადრეული ყორღანების გამოჩენიდან საყდრისის ოქროთი ამზადებდნენ ოქროს სამკაულებს. ამ დროიდან ოქროს ნაკეთობები ინტენსიურად იწყებს გამოჩენას. ყველა მადანს აქვს თავისი ნიშანი, მახასიათებლები. სპილენძის მადანი თავისი მინარევებით განსხვავდება კარპატების ან თუნდაც ეგვიპტის სპილენძის მადნისგან. შეიძლება, არ განსხვავდებოდეს მდინარეული ოქრო, რადგან ის კარგავს მინარევებს და ბაჯაღლო ოქროს წარმომავლობას ვეღარ დაადგენ, ვერ გაარკვევ, ოქროს ნაკეთობა საბერძნეთშია დამზადებული თუ საქართველოში, მაგრამ სამთო მადნის წარმომავლობის დადგენა უფრო იოლია. ამიტომაცაა აუცილებელი საყდრისის დაცვა და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება.
როგორი იყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში?
- ბიძინა ივანიშვილის როლზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, ის იყოს ერთ-ერთი დაინტერესებული პირი საყდრისის საქმეში.