რა ბრალდებას უყენებენ ერთმანეთს ექსპერტები და სახალხო დამცველის აპარატი

რა ბრალდებას უყენებენ ერთმანეთს ექსპერტები და სახალხო დამცველის აპარატი

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ 6 ექსპერტი პროტესტის ნიშნად ტოვებს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს.

„ემპათიაში“ სახალხო დამცველის მხრიდან პირად შეურაცხყოფაზე საუბრობენ და ეჭვობენ, რომ ეროვნულ პრევენციული ჯგუფის საქმიანობაში აღარ შედის წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება. უბრალოდ, სახალხო დამცველის აპარატს ეს თემა აღარ აინტერესებს.

For.ge ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტ მარიამ ჯიშკარიანს ესაუბრა.

„სახალხო დამცველის აგრესიული ქცევა მოჰყვა ჩემს განცხადებას 2014 წლის 12 ნოემბერს N8-ე დაწესებულებაში პატიმართა წამების ფაქტის შესახებ, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა მხოლოდ 2014 წლის 19 ნოემბერს გაახმიანა. არაადეკვატური იყო სახალო დამცველის რეაქცია. საერთოდ, უარი ეთქვათ ჩვენს ექსპერტებს დოკუმენტირებაში. აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი გადაცემული აქვს მართლმსაჯულების დეპარტამენტს, რომლის ექსპერტი მე არ გახლდით და ამ თემებზე სასაუბროდ 22 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ, პრაქტიკულად, შეხვედრას  ბრალდების, საქმის გარჩევის სახე ჰქონდა სახალხო დამცველის და მისი მოადგილის, ბელქაძის მხრიდან. ამაში აქტიურად მონაწილეობდა მათთან შეკრული რამდენიმე ექსპერტი, ასევე, მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კაციტაძე, რომელიც იმ შეხვედრაზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. მათი კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ, რომ მდუმარებაში უნდა ყოფილიყო ყველა ექსპერტი და თურმე, ჩვენ ასეთ საკითხზე კომენტარი არ უნდა გაგვეკეთებინა. მე მგონი, მათ თვითონაც არ იციან, რა შედის ეროვნული პრევენციული მექანიზმის საქმიანობაში, არ აინტერესებთ ეს თემა. რა ხდება ციხეთა სისტემაში, გაუგებარია. მე ჩვეული არ ვარ ასეთ მიდგომას. მათ კარგად იციან, რომ ამის მომთმენი არ ვარ“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა და ლუსტრაციის კანონის შემოღება მოითხოვა.

ამის საპასუხოდ, სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს, სიტუაციის არასწორად წარმოჩენას, თითქოს, პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. თუმცა ჯიშკარიანი ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და კვლავაც სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან გამოვლებილ თავდასხმასა და აგრესიაზე საუბრობს.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად აქტიური იყო „ემპათიას“ მოღვაწეობა ციხეებში ნაციონალების დროს, როცა  წამება უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი, რაზეც ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ცენტრი „ემპათია“ გახლდათ ერთ-ერთი (ერთადერთი თუ არა) „ენჯეო“, რომელიც წამების ფაქტების დოკუმენტირებას ახდენდა და ევროსასამართლოს მრავალ ქეისში, რომელიც მოგებული აქვთ წამების მსხვერპლებს, ფიგურირებს მათი დასკვნები. ეს იმ ფონზე ხდებოდა, როცა მათ ავიწროებდა სასჯელაღსრულების სამინისტრო და ცდილობდნენ, შეტევა განეხორციელებინათ მათ ექსპერტებზე, ნაციონალებმა პროექტის შეჩერებაც მოითხოვეს და 9 წლის განმავლობაში იუსტიციის ხუთი მინისტრი გადაყვა „ემპათიასთან“ ბრძოლას. თუმცა დღეს ისევ საკითხავია, რატომ არ ხდება წამების მაშინდელი ფაქტების გამოძიება და რატომ არ ითხოვს ამას სახალხო დამცველი?!

„მაშინდელი წამების 500 მსხვერპლზე ქეისებიც არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 9 წლის მანძილზე ნაცმოძრაობამ მხოლოდ 500 ადამიანი აწამა. ცხრა წლის განმავლობაში 500-სს კი არა, 5 ათას ადამიანს მაინც მოვემსახურეთ. ახალი ხელისუფლების პერიოდში კი ციხეთა მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ რამდენია ნაწამებ პირთა რაოდენობა, ამის დოკუმენტირება რთულია. ჩვენს ცენტრს 6-მა ადამიანმა მომართა, რომელიც წამების მსხვერპლია ორი წლის განმავლობაში, აქედან სამმა შემდგომში უარი განაცხადა წამების ქეისის გავრცელებაზე, რა ვითარებაში მოხდა უარის თქმა, არ ვიცით. სამი დასკვნა ახლა გვაქვს დასაწერი, არის ასევე, სამედიცინო მომსახურებაზე მომართვიანობა და „ვეითინგ ლისტში“ გვყავს კიდევ პატიმრები, მაგრამ მათთან შეღწევა და სიტუაციის დოკუმენტირება რთულია, რადგან მიმოწერის რეჟიმში ვიმყოფებით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, თუმცა ინდივიდუალურ ქეისებზე სასჯელაღსრულების სამინისტრო წვდომას გვაძლევს“.

ნაციონალების დროს ციხეებში სუიციდის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მარიამ ჯიშკარიანი ვერ აკონკრეტებს, ციხეებში რამდენმა ადამიანმა „მოიკლა“ თავი სხვების დახმარებით, თუმცა აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში სუიციდის ხუთი ფაქტი დაფიქსირდა და რომელიმე მათგანი თუ გამოიძიეს?

„იმ დროს ხომ საშინელება ხდებოდა, მაგრამ ახლა არც ის ფაქტებია გამოძიებული, რაც მაშინ ხდებოდა და ისევ ის სპეცსაშუალებებია, რასაც ნაციონალები იმ პერიოდში იყენებდნენ“,_ასეთია მისი ბრალდებები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, For.ge სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, თუმცა იქ გვითხრეს, რომ დღის ბოლოს ინფორმაციას გაავრცელებდნენ.

მთლიანობაში, ომბუდსმენის ოფისს მიაჩნია, რომ ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების შერჩევა სხვადასხვა თემატური მონიტორინგის განსახორციელებლად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ოფისის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მკაფიო განმარტებისა, რამდენიმე ექსპერტის მოთხოვნა შეუსაბამო იყო პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ექსპერტების საქმიანობის საწყის ეტაპზე შეთანხმებულ ძირითად წესებთან და პირობებთან.

 „სახალხო დამცველი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებას და მიაჩნია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროა. სამწუხაროა ისიც, რომ ზოგიერთი ექსპერტი ვერ ავლებს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე პრევენციის ეროვნული მექანიზმის ქცევის კოდექსით დადგენილ პრინციპებს შორის“, - აცხადებს სახალხო დამცველი და განმარტავს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის ახალი წევრების ასარჩევად ახალ კონკურსს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.