რატომ ასაიდუმლოებს შსს „დელტა კომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას?

რატომ ასაიდუმლოებს შსს „დელტა კომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას?

2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რა რაოდენობის თანხებს უხდის შსს შპს „დელტა-კომს“, აგრეთვე სხვა კომპანიებს მომსახურებისთვის ყოველთვიურად, ამ ინფორმაციას უკვე სასამართლოს გზით ითხოვენ ადვოკატები. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებმა ამ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

დაცვის მხარემ ორჯერ მიმართა შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს და მოითხოვეს შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: აქვს თუ არა შსს-ს შპს „დელტა-კომთან“, აგრეთვე სხვა კომპანიებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურეობის შესახებ, დადებით შემთხვევაში ეცნობებინათ თუ რა რაოდენობის თანხებს უხდის შსს შპს „დელტა-კომს“, აგრეთვე სხვა კომპანიებს მომსახურებისთვის ყოველთვიურად.

მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვადებისა, შს სამინისტრომ დაცვის მხარეს არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ პირველად დაცვის მხარემ შს მინისტრს 2014 წლის 26 ნოემბერს მიმართა, ხოლო მეორედ, 2014 წლის 15 დეკემბერს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. შესაბამისად, უცობია რატომ ასაიდუმლოებს შსს „დელტა კომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, სადაც ის საუბრობს, რომ შსს ამ მომსახურეობისთვის „დელტა კომს“ ყოველთვიურად ასეულ ათას ლარს უხდის.

ბატონო სოსო, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ შსს-დან საჯარო ინფორმაციის მიღება უზრუნველყოს სასამართლომ?

- არაერთხელ ვესაუბრეთ შსს-ს თანამშრომელს და მათი პასუხი იყო, რომ ისინი ამ საკითხს აზუსტებენ. ოფიციალურად ორჯერ მივმართეთ შს მინისტრს, მაგრამ შს სამინისტრო თავს არიდებს დაცვის მხარისთვის მტკიცებულების გადაცემას. დღეს მივმართეთ სასამართლოს, რომ სასამართლოს გზით გამოთხოვილი იქნას შსს-დან მტკიცებულება. ჩვენი შუამდგომლობა დასაბუთებულია და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს. როდესაც საკუთარი ძალებით ვერ ვახერხებთ მტკიცებულების მოპოვებას, გვაქვს უფლება, რომ ასეთ შემთხვევაში მტკიცებულება გამოვითხოვოთ სასამართლოს მეშვეობით.

ინფორმაცია რომელიც თქვენ მოითხოვეთ არის საჯარო, თუმცა  ამბობთ, რომ შსს ინფორმაციას არ გაძლევთ. რას ასახელებენ მოტივად და როგორ ხსნით შსს- გადაწყვეტილებას?

- რა თქმა უნდა, ამას უნდა ჰქონდეს ახსნა, მაგრამ შსს-ს ასეთი ახსნა არ წარმოუდგენია.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია მაღალი ალბათობით შეიცავს იმგვარ ფაქტებს, რომელიც პროკურატურის ბრალდებას ვერ გაამყარებს?

- ცხადია ამგვარი ეჭვის საფუძველი ჩნდება. მოთხოვნა არის ამგვარი - რა თანხას უხდის შსს კომპანია „დელტა კომს“ ან სხვა რომელიმე კომპანიას 2014 წლის 1 იანვრიდან, ვფიქრობ, რომ ძალზედ მარტივია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საინტერესო ის არის, რომ გამოძიებას თავში არ დაებადა, რომ ეს კითხვა დაუსვას „დელტა კომს“ ან შსს-ს. ეს კი, ბუნებრივია გარკვეული ეჭვის საფუძველს გვიქმნის. მინდა გითხრათ, რომ საქმეში არსებობს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, სადაც ის საუბრობს, რომ შსს ყოველთვიურად, რამდენიმე ასეულ ათას ლარს იხდის ამ მომსახურეობაში.

მაშინ რას ეფუძნებოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ შსს-მდელტა კომისმომსახურეობა უფასოდ მიიღო?

- როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა თანხას უხდის შსს 2014 წლის 1 ინავრიდან მოყოლებული დღემდე „დელტა კომს“.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვლმა როდესაც ეს განცხადება გააკეთა, მას არ ჰქონდა საქმის მასალები ნანახი. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა მან მთავარი პროკუროსრისა და მისი პირველი მოადგილისგან საქმის მასალები და მტკიცებულებები, მათ შორის შსს- და კომპანიადელტა კომსშორის დადებული ხელშეკრულება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქმეში სულ სხვა გარემოებები იკვეთებოდა, რასაც მოჰყვა საკამოდ დაძაბული საუბარი მთავარ პროკურორთან. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე ვიცი, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებული, ბრალდების მხარეს არ აქვს გამოკვეთილი მიზანი ბრალდებულთა ქმედებაში, არც მათი ურთიერთკავშირი და არც მოტივი. დანაშაულის სუბიექტური მხარე არ არსებობს და არც დანაშაული არსებობს. ვინაიდან, დანაშაულის სუბიექტური მხარის არარსებობის შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი,  არ შეიძლება საერთოდ არსებობდეს ბრალდება, მითუმეტს, რომ აღკვეთის სახე იყოს გამოყენებული.