ხელისუფლებაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ოპოზიციის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წევრთა განცხადებები 7 დეკემბერს „რუსთავი 2" -ის გადაცემა P.S.-ში გავიდა, სადაც ირმა ნადირაშვილი და გივი თარგამაძე ე.წ. „კახელების კლანსა" და ე.წ. „კორუფციულ სქემაზე" საუბრობდნენ. რეპორტაჟში ნახსენები იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ასევე სატენდერო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იოსებ ქადაგიშვილი. თარგამაძის განცხადებით, "ქადაგიშვილმა საკუთარი სიმამრის კომპანიას, თითქმის მილიონი ლარის ღირებულების, ოთხი ტენდერი მოაგებინა."
იოსებ ქადაგიშვილი გაზეთ "ვერსიასთან" საუბრისას ამბობს, რომ ე.წ." კახური კლანის" გამოგონება და მასში მისი მოხსენიება, პემიერ ღარიბაშვილის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. მისი თქმით, მისი სიმამრი, თემურ მამაცაშვილი 30 წელია მშენებელია და სხვადასხვა კომპანიებში საქმიანობს. იმ პერიოდში კომპანია "ფენიქსში" იყო დასაქმებული, თუმცა ქადაგიშვლის თქმით, კომპანია მის სიმამრს არ ეკუთვნის და 3 წლის წინ, დაქირავებული იყო მხოლოდ საქმის მწარმოებლად. რაც შეეხება მისი თარგამაძის ცილისწამებას, რომელიც ვითომდა მოგებულ ოთხ ტენდერს ეხებოდა, ქადაგიშვილი ბოდვას უწოდებს.
ქადაგიშვილი „სერპანტინზეც" საუბრობს და აცხადებს, რომ "სერპანტინი" ისევე, როგორც "ბლექ სი გრუპი", "ზიმო", "არქეოპოლისი", "კაუკასუს როად პროჯექტი" და სხვა წარმატებული კომპანიები იყვნენ. როგორც ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ასევე წარმატებულად განაგრძობენ საქმიანობას მოქმედი ხელისუფლების პერიოდშიც. მისივე თქმით, „სერპანტინს" გაცილებით მეტი ტენდერი აქვს მოგებული ნაციონალების დროს, ვიდრე ახლა.
"ელექტრონულ ტენდერში ვინ მოიგებს ამას არეგულირებს მხოლოდ ვაჭრობა. ზოგი კომპანია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ტენდერს ავტომატურად ეთიშება, რასაც კომისია წყვეტს და არა თავმჯდომარე". ქადაგიშვილი გაზეთ "ვერსიასთან" საუბრისას, მისი საქმიანობის დეტალებს აღწერს. მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილისთვის კარგად ცნობილია, რომ გარკვეული საგზაო და სამშენებლო კომპანიების უკან მოიაზრებოდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, გივი თარგამაძეც.
"კომპანიები იძულებულები ხდებოდნენ, მოგებული ტენდერებიდან მათთვის წილი გადაეცათ. ამჟამად კი წნეხსა დატერორისგან გათავისუფლებული კომპანიები, ყოფილ მაღალჩინოსნებს წილს აღარ უხდიან, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია" - ამბობს ქადაგიშვილი. მისივე თქმით, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები, ვისთანაც პირადი საუბარი ჰქონია, ყვებოდნენ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წინა ხელისუფლების პერიოდში. სატენდერო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მათ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება პრემიერმინისტრთან ნათესაურ კავშირს, იგი ნათესაურ კავშირს უარყოფს და განმარტავს, რომ ჯანყარაშვილის ჩამოცილება და ე.წ. "კახური კლანის" გამოგონება "ნაციონალური მოძრაობის" გეგმას წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა ღარიბაშვილისთვის რეპუტაციის შელახვას. მისი თქმით, სქემაში ნახსენები იყო გიორგი ზედელაშვილიც, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაშვილად დაასახელა. ქადაგიშვილის თქმით, ზვიად ჯანყარაშვილს მამიდა არ ჰყავს, ჯანყარაშვილმა და ზედელაშილმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნეს და ყოფილი ხელისუფელების წარმომადგენელთა მიერ გავცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. ქადაგიშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა PS-ს ინფორმაციის გადამოწმებას ურჩევს და აცხადებს, რომ სიუჟეტის მომზადებისას, მას არავინ დაკავშირებია. ის საზოგადოებას, ირმა ნადირაშვილთან დაკავშირებით ნეპოტიზმის სკანდალსაც ახსენებს და ამბობს, რომ ნადირაშილის ერთი და, "სოციალური მომსახურების სააგენტოში" იყო დასაქმებული, მეორე - "სურსათის ეროვნულ სააგენტოში", სიძე - "სამოქალაქო განვითარების სააგენტოში", მეუღლე - ეროვნულ ბანკში, შემდგომში კი თბილისის ერთერთი რაიონის გამგებელი გახდა. მისივე თქმით, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ირმა ნადირაშვილისა და მისი მეუღლის 2007-2013 წლების დეკლარაცია, რა დროსაც ქადაგიშვილის განმარტებით, მათმა მხოლოდ დეკლარირებულმა შემოსავალმა 600 000 ლარს მიაღწია. სატენდერო კომისიის თავმჯდომარე წუხილს გამოთქვამს საქართველოში ცილისწამების შესახებ კანონის არ არსებობის გამო და აცხადებს, რომ მსგავსი კანონის შემთხვევაში, თარგამაძე და ნადირაშვილი სიცრუის ტირაჟირებისთვის პასუხს აგებდნენ.