ე.წ. მაყურებელების სხვა მსჯავრდებულებისგან იზოლირება მოხდება – ეს გახლავთ რეფორმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაიწყო. ახალი რეფორმის შედეგად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ინდივიდუალურად დაგეგმავს, პატიმარმა სასჯელი რომელ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს. იმ შემთხვევაში, თუკი საბჭო ჩათვლის, რომ პატიმარი ქურდული მენტალიტეტის მატარებელია, ასეთ შემთხვევაში, მისი იზოლირება მკაცრი ტიპის დაწესებულებაში მოხდება.
for.ge-სთან საუბრისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, კახი კახიშვილი აცხადებს, რომ მკაცრი ტიპის დაწესებულება არ ითვალისწინებს პატიმრების უფლებების დარღვევას, ასეთ დაწესებულებაში მოხვედრილ მსჯავრდებულებს შეეზღუდებათ სატელეფონო ზარების განხორციელება და პაემნებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა ამისა, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე მსჯავრდებულებს არ ექნებათ საშუალება მიმართონ შეწყალების კომისიას ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით.
შეუწყობს თუ არა რეფორმის ახალი არსი ხელს ციხეში ქურდული აზროვნების შემცირებას, ამ საკითხებზე for.ge კახი კახიშვილს ესაუბრა.
რაში მდგომარეობს დაანონსებული რეფორმის არსი?
- ეს არის ძალიან გლობალური რეფორმა. ამხელა მასშტაბების რეფორმა ჯერჯერობით, არც ერთ უწყებაში არ ჩატარებულა. მინისტრმა რეფორმის პროექტი წარუდგინა საქართველოს მთავრობას. მთავრობამ მოიწონა პროექტი, უახლოეს დღეებში ეს პაკეტი განსახილველად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. რეფორმის ნაწილი ითვალისწინებს 39 კანონში ცვლილებას და პლუს, პროექტის სახით, გაწერილია ახალი კანონი სპეციალური პენიტენციალური სამსახურის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს სამინისტროში მომუშავე ადამიანების როგორც სოციალურ გარანტიებს, ასევე უფლებამოსილებას და კომპეტენციას. ამავდროულად, რეფორმის ნაწილი ითვალისწინებს მსჯავრდებულების რესოციალიზაციის გაღრმავებულ ეტაპებს.
დღეს გვაქვს საბჭოთა გადმონაშთი - კოლინიური სისტემები. დამეთანხმებით, რომ კოლონიურ სისტემაში წესრიგის უზრუნველყოფა ძალიან რთულია, სადაც ერთ დიდ სივრცეში ბარაკული ტიპის საძინებლებში თავმოყრილია 1200-მდე ადამიანი, რომლებიც სხვადსხვა დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულები. ამ 1200 ადამიანში ვიღაცას უჩნდება სურვილი, რომ უფრო მეტი გავლენის ბერკეტი იქონიოს სხვაზე.
მითუმეტეს, როდესაც აქ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც ქურდული ტრადიციის მიმდევრები არიან და ამ მენტალობის გაღრმავება სურთ. ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო პრობლემა, რამდენადაც დამნაშავეთა სამყარო ცდილობს მოიპოვოს მსოფლიოში გავლენები, ვინაიდან ეს გარკვეულწილად, დაკავშირებულია გავლენასთან და ფინანსებთან.
2004 წლამდე საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც, რეალურად ამ სისტემას თავიდან ბოლომდე მართავდნენ კანონიერი ქურდები, მაგრამ 2004 წლიდან 2014 წლამდე ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც სისტემის მმართველები გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც არანაკლებ დანაშაულებრივი გზით მართავდნენ პენიტენციალაურ სისტემას. მგონი, სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი არ იყო, რომელსაც არ სჩადიოდა პენიტენციური სისტემის ზოგიერთი თანამშრომელი ე.წ. მოჩვენებითი სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
რეფორმის პირობებში, როგორ მოხდება ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, ამავდროულად წესრიგის და სარეჟიმო პირობების შენარჩუნება?
- უცხოელებთან ერთად ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე, რომელსაც ჰქვია სასჯელის ინდივიდუალური ზომის შერჩევა და რისკების გათვლა. ჩვენ ვაპირებთ და იმედია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება შესაბამისი თანხები, რომ აშენდეს სხვადასხვა ტიპის არაკოლონიური, არამედ საკნის ტიპის დაწესებულებები, სადაც მსჯავრდებულს შესვლისთანავე შევთავაზებთ ორ გზას და, რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ მის არჩევანზე იქნება დამოკიდებული.
როდესაც ვსაუბრობ სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური, სარეჟიმო და უსაფრთხოების სამსახურებიდან შემდგარი კომისია, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მსჯავრდებულის, არა მხოლოდ განაჩენს, არამდეგ პიროვნებას, რომ შემდგომში მიიღოს გადაწყვეტილება რომელ დაწესებულებაში მოთავსდეს მსჯავრდებული, მენატალობიდან გამომდინარე. შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მათ შორის მკვლელობა, მაგრამ მენტალობით არ იყოს კრიმინალური მენტალობის მატარებელი.
ეს შეუწყობს ხელს ციხეში ქურდული აზროვნების შემცირებას?
- ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს იმ 10%-ის გავლენის ქვეშ, რომლებსაც ჰქვიათ ქურდები და ქურდული ტრადიციის მიმდევრები. ამ 10%-ს სურს კომფორტულად იცხოვროს დანარჩენი მსჯავრდებულების ხარჯზე და ამავდროულად, ევაჭრონ დაწესებულების ადმინისტრაციას სხვადსხვა საკითხებზე იმისთვის, რომ მეტი შეღავათი მიიღონ. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ტიპის დაწესებულების აშენებას და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა. პიროვნების მენტალობის შესწავლა უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მან ჩაიდინა დანაშაული, არამედ უნდა მოხდეს მისი წარსულის შესწავლა, რა მენტალობას მიეკუთვნება.
შეიძლება ადამიანმა მკვლელობა ჩაიდინოს, მაგრამ არ იყოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, თუმცა შეიძლება ადამინი მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებაზე შემოვიდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და, ამავდრულად, თავისი წარსულით და დღევანდელობით წარმოადგენდეს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე მსჯავრდებულს. ამიტომ მათი სელექცია უნდა მოხდეს. მათ შევთავაზებთ ორ გზას – ერთი იქნება მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, სადაც იქნება საკნის ტიპი, რომელიც დაკავშირებული იქნება ნაკლებ პაემანთან, ამავდროულად შეზღუდული სატელეფონო საუბრებით. ასეთი ტიპის დაწესებულებაში სასჯელმოხდილი პატიმრის მიმართ სხვანაირი განწყობა იქნება როგორც პირობით ვადაზე გათავისუფლების, ასევე შეწყალების საკითხებზე.
რაც შეეხება მეორე ტიპის დაწესებულებას, ეს იქნება ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც მკაცრი რეჟმის დაწესებულებიდან განსხვავებით, ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ უფრო მეტი ხანმოკლე პაემნები ჰქონდეთ, სატელეფო საუბრები და კომუნიკაცია ოჯახთან. მეტიც, უნდა ვიზრუნოთ მათ დასაქმებაზე და პროფესიების დაუფლებაზე. როდესაც ადამიანს მიგისჯიან 10 ან 15 წელს, ზიხარ უსაქმურად მთელი დღის განმავლობაში და ფიქრობ რა გააფუჭო, მაგრამ როდესაც ხარ დასაქმებული და შეგიძლია შენი ნამუშევარი ხელფასით ოჯახს დაეხმარო და არა პირიქით, ეს უფრო მეტ მსჯავრდებულს მოიზიდავს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მათზე გავლენა არ ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად ჰქონდათ პრეტენზია კრიმინალურ მენტალობაზე.
როდის გაიხსნება მკაცრი რეჟიმის დაწესებულება?
– რამდენიმე ხანში რუსთავში გაიხსნება მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, ასევე ლაითურში შენდება დაწესებულება. საჭიროა სპეციალური დაწესებულება, მათ შორის 18–დან 21 წლამდე. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებულის გადაყვანით დიდების დაწესებულებაში, შესაძლებელია ადამიანს მოუსპო მომავალი. ამიტომ, უნდა გაკეთდეს ცალკე დაწესებულება, რომ მაქსიმალურად იზოლირებული იყვნენ იმ ქურდული მენტალობისგან, რომელიც ცდილობს ხელში აიღოს მართვის ბერკეტები არა მარტო დაწესებულებაში, არამედ მსოფლიოში. ჩვენთან დღეს ფუნქციონირებს ღია ტიპის დაწესებულება, რომელსაც შეზღუდვების დაწესებულება ჰქვია, სადაც განთავსებულ მსაჯვრედებულებს საშუალება აქვთ შაბათ–კვირას წავიდნენ სახლში.
რა კატეგორიის მსჯავრდებულები არიან იქ განთავსებული?
– იქ გადაგვყავს ისეთი მსჯავრდებულები, რომლებიც კრიმინალურ ავტორიტეტებს არ წარმოადგენენ, ამავდროულად ასრულებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ფაქტობრივად, იქ ძალიან კარგი პირობებია - არის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები მუშაობენ და იღებენ ხელფასს. თუ ახალ წლამდე არა, იანვრაში გაიხსნება რუსთავის მე-16–ე დაწესებულება, სადაც იქნება აუცილებელი სწავლება და მუშაობა და იქ იქნებიან გადაყვანილი ისეთი მსჯავრდებულები, რომლებიც წარმოადგენენ ნაკლები რისკის ჯგუფს.
ე.წ. წესრიგის შენარჩუნება, რომელიც ნაცმოძრაობას ჰქონდა შენარჩუნებული, ამის გაკეთება 5 წუთში შეიძლება, მაგრამ ეს არის დანაშაული გზით ვირტუალური წესრიგი. ჩვენ ეს არ გვინდა.ზუსტად, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც არ დაარღვევს ადამიანების უფლებას და მათ შორის იმ ადამიანების უფლებას, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. მათი უფლებებიც უნდა იყოს გარანტირებული იმ დოზით, რა დოზით ეს გათვალისწინებულია კანონით. ასე უნდა მართო სისტემა.
რამდენად რთული იქნება რეფორმის პროცესი და რა წინააღმდეგობას ელოდებით იგივე კრიმილაური ავტორიტეტებისგან?
– ეს იქნება ურთულესი პროცესი. თვითონ კანონპროექტის მიღებას ალბათ დასჭირდება ერთი თვე, თვე-ნახევარი. პენიტენციალური სისტემის სახე, ეს არის სახელმწიფოს სახე. ამიტომაც, მთავრობის მეთაური მხარს უჭერს ამ რეფორმას და რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერაც იქნება იმისთვის, რომ შესაბამისი მხარდაჭერა გვქონდეს. საქართველში არ არსებობს არც ერთი დაწესებულება, რომელიც აშენებულია ევროსტანდარტებით, უსაფართხოების კუთხით.
უსაფრთხოებაში რას გულისხმობთ?
– ლატვიაში წელს აშენდა ციხე, რომელიც 70 მილიონი ევრო დაჯდა. უსაფრთხოების სტანდარტები, რომელიც ამ ციხეშია თავიდან ბოლომდე უთანაბრდება ევროპის მოთხოვნებს. ეს არის შიდა დერეფნები, იზოლირებულად პატიმრების გაყვანა, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთთან შეჯახება ერთი და იგივე დაწესებულებაში. ჩვენ გვაქვს გლდანის დაწესებულება, სადაც არანიარი უსაფრთხო დერეფნები არ არსებობს. პატიმარი რომელიც შედის ციხეზე, მას ხედავს თითქმის მთელი კორპუსი.
ხდება-ხოლმე, როდესაც კონფლიქტური პირები, რომლებიც თავისუფლების პირობებში იყვნენ კონფლიქტურ სიტუაციაში, შეიძლება ციხეში შემოყვანის შემთხვევაში თვალებით შეეჩეხონ ერთმანეთს და ამას მოჰყვება შემოძახილები და სხვა კონფლიქტური სიტუაციები. ამაზეც უნდა ვიფიქროთ.
სასჯელაღსრულების რეფორმაზე მუშაობდა მთელი იურიდიული დეპარტამენტი და მთელი სამინისტრო, რომ რეალურად მოგვეძებნა ის ოქროს შუალედი, რომ მეტ-ნაკლებად მიგვეღო კლასიკური მოდელი, რომელიც კარგად იმუშავედება საქართველოში იმის გათვალისწინებით, რა მენტალობაც ჩვენ გვაქვს და როგორი კონტიგენტიც გვყავს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.
რეფორმის კვალდაკვალ, ელოდებით თუ არა ქურდული მენტალობის პატიმრებისგან პრობლემების შექმნას?
– მათი მხრიდან ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაცა ტიპის წინააღმდეგობა. თუმცა, ქურდული სამყაროც ყოველდღიურად ახორციელებს რეფორმებს. გახსოვთ დრო, როდესაც ქურდებს ცოლის მოყვანის უფლებაც არ ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში მიიღეს გადაწყვეტილება,რომ ეს უფლება ჰქონოდათ. ბიზნესში ჩარევის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ზოგ–ზოგიერთმა მიაღწია იმას, რომ ბიზნესით დაკავდა. მეტიც, ახლა რეფორმა ჩაატარეს და შეუძლიათ საჩივარიც კი დაწერონ და მოწმეთაც კი გამოვიდნენ. ჩვენი ამოცანაა, იმდენად ეფექტური რეფორმა ჩავატაროთ, რომ ისინი ვერ დაგვეწიონ იმ რეფორმით, რომ ხელი შეგვიშალონ წესრიგის დამყარებაში.
ასე რომ, ორივე რეფორმის პროცესში ვართ და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი რეფორმა უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე მათი. ქურდების და ამ მენტალობის პრობლემა მარტო საქართველოს პრობლემა არაა, ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. ყველა თავისებურად ებრძვის ასეთი ტიპის დანაშაულს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ გარანტირებული დაცვის პირობებში, რომელიც გარანტირებულია როგორც საერთშორისო, ისე ადგილობრივი კანონით. ქურდი, რომ ქურდია, იმასაც თავისი უფლება და ღირსება აქვს. მისი ღირსების შელახვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს წესრიგის შენარჩუნება, არამედ - კანონის შესაბამისად. პატიმარს უნდა ჰქონდეს სამართლიანობის განცდა.