ციხეთა სისტემაში არსებული ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა - სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-თაა გაზრდილი; ანგარიშში ტუღუში ”სიკვდილის ექსპორტად” აფასებს იმას, რომ სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოებში ფაქტობრივად გარდაცვლილი პატიმრები გადაჰყავთ.
საპყრობილეებიდან პატიმრები უფლებადამცველებს წერილებს უგზავნიან, რომელშიც მათზე განხორციელებულ ცემა-წამების ფაქტებზე ღიად ჰყვებიან და ითხოვენ, ამის შესახებ საზოგადოებასაც შეატყობინონ. გარკვეული ადამიანები საჯაროდ საუბრობენ იმ ზეწოლაზე, რომელსაც საპყრობილეებში მათი ოჯახის წევრები განიცდიან. პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელზე დიდი რაოდენობის ადამიანი ღებულობს მონაწილეობას;
ჟურნალისტების მოთხოვნას, ციხეთა სისტემის ერთდღიანი მონიტორინგის შესახებ, ქართველი უფლებადამცველების გარდა უკვე ევროსაბჭოც იზიარებს - მას შემდეგ, რაც კალმახელიძის უწყებამ ეს მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ჟურნალისტთა გარკვეულმა ჯგუფმა დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის მიმართა. საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელი, საბრინა ბიუჰლერი, რომელიც არის მრჩეველი, ადამიანის უფლებათა საკითხებში, მიმართვის ავტორებს დაჰპირდა, რომ მათ თხოვნას სტრასბურგში ევროსაბჭოს ცენტრალურ ოფისს სიამოვნებით გადასცემს, ხოლო ჟურნალისტებს წერილობით პასუხს გაუგზავნის.
31 მარტს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში”, ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება ამავე მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ა/ო. ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ლიდერმა, ნანა კაკაბაძემ გაუწია. ამ ღონისძიებას დაესწრნენ: ევროსაბჭოს ელჩი, ევროკავშირის ელჩი, საფრანგეთის ელჩი, ჩეხეთის ელჩი, ნორვეგიის ელჩი... მათ უშუალოდ ადვოკატებისგან და უფლებადამცველებისგან მოისმინეს საპატიმროებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის დეტალები, პატიმრების ცემა-წამების და არასათანადო სამედიცინო დახმარების კონკრეტული ფაქტები.
აი, ამ ყველაფერის ფონზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე თავს უფლებას აძლევს და ტელე-კამერების თანდასწრებით უპასუხოდ ტოვებს ჟურნალისტების კითხვებს, ციხეებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ბოლო ერთი თვეა, რაც მინისტრის მსგავსად დუმს ამავე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა სუხიშვილი. აქამდე რაღაც კომენტარს (მართალია არაფრისმთქმელს, მაგრამ მაინც) თუ მაინც აკეთებდა, ახლა ნებისმიერ საკითხზე მისი კომენტარი ასეთია - ”წერილობით მომწერეთ და დაუყოვნებლივ გიპასუხებთ”. წერილობით არაერთი კითხვა გავუგზავნეთ, მაგრამ სუხიშვილს დღემდე არანაირი პასუხი არ მოუწერია. როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების სამინისტროს დადუმება იმითაა გამოწვეული, რომ სათქმელი აღარაფერი აქვთ.
საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი 519-გვერდიანი ანგარიშის განხილვა, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ძირითადად გასული წლის მონიტორინგის შედეგებია ასახული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ერთ–ერთ პრობლემატურ სფეროდ კვლავ სასჯელაღსრულების სისტემა რჩება.
4 აპრილს კინოს სახლთან ”წინააღმდეგობის მოძრაობისა” და მედია-კავშირ ”ობიექტივის” ინიციატივით იმართება რიგით მესამე აქცია, რომელიც ციხეებში შექმნილ მდგომარეობას ეხება. შეგახსენებთ, რომ წინა აქციას, რომელიც კალმახელიძის უწყებასთან 25 მარტს გაიმართა, პოლიციელთა მხრიდან, ნაცადი მეთოდების გამოყენებით პროვოკაცია, აქციის მონაწილეთა დარბევა და 7 ადამიანის დაკავება მოჰყვა, რომელთაგან სამს: მერაბ ჭიქაშვილს, გიორგი ხარაბაძეს და კახა ჩიქოვანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს (ჭიქაშვილსა და ხარაბაძეს 20-დღიანი, ხოლო ჩიქოვანს 10-დღიანი).
ისინი მესამე დღეა შიმშილობით აპროტესტებენ: მათ უკანონო დაკავებას; ზოგადად საპყრობილეებში შემქნილ მძიმე ვითარებას; წინასწარი დაკავების იზოლატორში არსებულ არაადამიანურ პირობებს და უშუალოდ მათ მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან გამოვლენილ დამოკიდებულებას - მათთან არ შეჰყავთ ექიმი, გაგზავნილი ამანათები ადრესატებამდე არ აღწევს.
რთულია პროგნოზის გაკეთება იმაზე, თუ როგორი რეაგირება მოჰყვება ციხეთა სისტემის გარშემო ატეხილ ხმაურს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც აქამდე მომხდარა, დამნაშავეების დასჯის იმედი ნაკლებად არსებობს. პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას და ”სიკვდილის ექსპორტს” კალმახელიძე შეიძლება ”გადააყოლონ” - რომელიმე ქვეყანაში ელჩად გაუშვან, ან სხვა უწყებაში გადაიყვანონ.
არც ისაა გამორიცხული, რომ პატიმართა ცემა-წამებით განთქმული საპყრობილეებში მორიგი საკადრო ”კარუსელი” დაატრიალონ. ასე მოხდა გასული წლის მეორე ნახევარში, როცა ”სიპიტის” ანგარიში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ”სიპიტი” არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს წევრ სახელმწიფოთა თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში, წამების და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით.
სწორედ ”სიპიტის” მიერ გამოქვეყნებული უმწვავესი დასკვნის გამოქვეყნებას მოჰყვა პატიმართა-ცემა-წამებითა განთქმული საპყრობილეების დირექტორების გათავისუფლება - გასული წლის 6 აგვისტოს თანამდებობები დაატოვებინეს: გლდანის №8 საპყრობილის დირექტორს, თამაზ მელაძეს; სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელს, გიორგი ბუთლიაშვილი და ქსნის დაწესებულების დირექტორს, რობერტ არაქელოვს, მაგრამ საკადრო ცვლილებებით ამ კონრეტულ საპატიმრო დაწესებულებებში, ისევე, როგორც ზოგადად ციხეთა სისტემაში, ვითარება არ გაუმჯობესებულა, რადგან პატიმრების ცემა-წამებისთვის დღემდე არავინ დაუსჯიათ.
”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” მედია-ომბუდსმენი, ირმა ინაშვილი, რომელიც ამავდროულად მედია-კავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელია, 18 მარტს, კინოს სახლთან გამართულ აქციაზე, რომელსაც დაახლოებით ორი ათასი ადამიანი ესწრებოდა, ღიად, ტელე-კამერების თანდასწრებით დაემუქრა იმათ, ვინც პატიმრებს ცემს და აწამებს - ”წინააღდეგობის მოძრაობა” მწამებლების სახლებთან საპროტესტო აქციების გამართვას უახლოეს მომავალში გეგმავს.