ლევან ყიფიანი - მაგიდის ჩოგბურთის მესაფლავე?

ლევან ყიფიანი - მაგიდის ჩოგბურთის მესაფლავე?

ხვალ მაგიდის ჩოგბურთის ყრილობა გაიმართება. წესით, ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტობაზე პრეტენზიას მოქმედი პრეზიდენტი, დავით სილაგავა აღარ აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ყრილობა უკვე დანიშნულია, გასაიდუმლოებულია მოწვეულ დელეგატთა  სია. მოქმედი წესდების თანახმად, დელეგატებმა მოწვევა უნდა მიიღონ ყრილობის გამართვამდე არა უგვიანეს 2 კვირისა. ყრილობამდე ერთი დღით ადრე, თბილისში და რეგიონებში მაგიდის ჩოგბურთში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქმის კურსში არ არის.

ოფიციალურად უცნობია პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა, შესაბამისად უცნობია, მომავალი პრეზიდენტის სამოქმედო პროგრამა. ცნობილია მხოლოდ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის განცხადება, რომ მომავალ კანდიდატს მხარს უჭერს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და მხოლოდ მას მისცემს ფულს სამინისტრო.

წესით, მაგიდის ჩოგბურთი ცალკე ფედერაციაა და არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია მინისტრს, რომ ვინმე დანიშნოს. მეტიც -  სამინისტროს წარმომადგენელს არ აქვს ხმის უფლება. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ სპოტრის მინისტრი ერეოდა ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებში, კალათბურთისა და ფეხბურთის საკიხებში. თუმცა, რაში გამოიხატება მინისტრის ჩარევა, ეს უკვე მკითხველმა განსაჯოს, ვინაიდან ქართული სპორტი ისევ ურთულესი პრობლემის წინაშე დგას და თუ ერთი წამით მივაპყრობთ ურადღებას, თუ რა პროცესები ვითარდება მაგიდის ჩოგბურთის კულუარებში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ ერევა სახელმწიფო და, კერძოდ - სპორტის სამინისტრო, ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა და ა.შ.

მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო წევრი, საქართველოს ნაკარების მწვრთნელი, ჯემალ მელაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ყრილობის ჩატარებას და თუ საჭირო გახდება, საერთაშორისო ფედერაციას ჩააყენებენ საქმის კურსში.

ჯემალ მელაძე: ყრილობა მესამედ არის ჩანიშნული, მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობას არ უნდა წასვლა. არც არაფრის გამკეთებლები არ არიან. იმიტომ რჩებიან, რომ გააფუჭონ ყველაფერი. ესენი არის ფედერაციის პრეზიდენტი დავით სილაგავა, ვიცე-პრეზიდენტები გიორგი მელაძე და ავთანდილ მენაბდე, აღმასკომის წევრები - დიმიტრი ქავთარაძე.

რამდენად ვიცი, ფედერაციის პრეზიდენტს დაწერილი ჰქონდა განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ დღემდე ისევ თანამდებობაზე რჩება. რა მოხდა რეალურად?

- ეს ყველაფრი მოჩვენებითი იყო. გვატყუებდნენ, რომ თითქოსდა აღმასკომის წევრებიდან 4 კაცი ვერ შეიკრიბა, რომ დაეკმაყოფილებინათ მისი განცხადება. ჩვენ გვყავს პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი, ალექსანდრე ალბინი, რომელიც ახლა უცხოეთში მოღვაწეობს. მისი დახმარებით არსებობს ამ დრომდე ნაკრები. სწორედ მისი დაფინანსებით დღეს დილით ერევანში გავამგზავრეთ საქართველოს ნაკრები. ამიტომ, სპეციალურად ჩანიშნეს ყრილობა, რადგან იცოდნენ, რომ მე უნდა გავყოლოდი გუნდს. მაგრამ, არ წავედი, რადგან არ მივცემ ფედერაციას იმის საშუალებას, რომ ისევ თავზე დაგვასხდნენ.

თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ არის ის კანდიდატი, რომელსაც ფედერაცია ლობირებს?

- არ ვიცი ვისი მოყვანა უნდათ. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ მოქმედ პრეზიდენტს სურდეს დარჩენა. ძირითადად, ყველაფერს აბრალებენ სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს. თითქოსდა, მომვალი პრეზიგენტი ყიფიანის კაცი უნდა იყოს, ყიფიანი მის გარდა ფულს არავის არ მისცემს და ხელს ნუ გვიშლითო.

ის, რომ ყიფიანი მის გარდა ფულს არავის არ მისცემს, ამას სილაგავა ამბობს?

- დიახ, ამას ამბობს სილაგავა.

თქვენ თუ გიცდიათ მინისტრთან შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მე შევხვდი მინისტრს, ყიფიანს, ავუხსენი ყველაფერი და გაუკვიდა. მითხრა, რომ თქვენი ფედერაცია საერთოდ არ არსებობსო, ეს სილაგავა ვინ არის, არ ვიცი და არც ვიცნობო. თქვა, არაფერს შევპირებივარო. მინისტრმა პირდაპირ მითხრა, თუ თქვენ სილაგავას მოიცილებთ, მერე მოდით და დაგეხმარებითო. ამ დროს, ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყიფიანმა ასე გვითხრა, რომ ან თქვენ მოგცემთ ფულს, ან თქვენს კანდიდატსო.

მინისტრთან შეხვედრა მოხდა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წასვლის წინ. იტალიაში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი, ბილეთები გამოყო საერთაშორისო ფედერაციამ. სასტუმროში  3 ათასი ევრო იყო გადასახდელი, ფედერაციის პრეზიდენტი შეპირებული იყო, რომ ამ თანხას გადაიხდიდა. გამგაზვრების წინა დღეს გვითხრა, ფული ვერ ვიშოვეო. ისევ ალექსანდრე ალბინის დახმარებით მოხდა ნაკრების გამგზავრება.

ალექსანდრე ალბინი რომ არ ეხმარებოდეს საქართველოს ნაკრებს, ჯგუფი დაიშლებოდა. მოქმედი ფედერაცია ხელს უშლის ბავშვების გაზრდას. ევროპის ჩემპიონატის წინ რამდენიმე ტურნირი მაინც უნდა ეთამაშათ. მე და ალბინი მივედით სილაგავასთან, პირდაპირ უთხრა ბატონმა ალბინმა, რომ შენ თუ არ შეგიძლია დაფინანსება, მე გავაკეთებ. არაო, ფულის მეტი რა მაქვსო, გავუშვებო ნაკრებსო. მაგრამ, მოგვატყუა.

როგორ ფიქრობთ, რატომ არაა ფედერაციის ხელმძღვანელობა დაინტერესებული მაგიდის ჩოგბურთიში პრობლემების მოგვარებით?

- თურქეთში ჩატარდა ტურნირი. საქართველოს ნაკრები მიწვეული იყო ისე, რომ გზის ფულსაც ისინი იხდიდნენ. ის ბიჭები, რომლებიც თავის ასაკი უძლიერესები არიან, რომლებიც ტურნირზე უნდა წასულიყვნენ, დატოვეს, მე-7 და მე-8 ნომრები წაიყვანეს იმ ტურნირზე სათამაშოდ. ვერ ახსნიან, ასე რატომ გააკეთეს. არ უნდათ, ბავშვები რომ გაიზარდონ, რადგან კორუფციაა მაგიდის ჩოგბურთში.

რადგან სილაგავა ამბობს, რომ ყველაფერი მოგვარებული აქვს მინისტრ ყიფიანთან, ხომ არ ფიქრობთ, რომ რეალურად ეს შეიძლება მართალიც იყოს?

- არ გამოვრიცხავ, მაგრამ სილაგავამ და გია მელაძემ უკვე ორჯერ მოგვატყუეს. შარშან, სილაგავას რომ ვირჩევდით, გვითხრა, რომ ლევან ყიფიანი შეპირდა 400 ათას ლარს, მაგრამ, არაფერი მიუცია. ამიტომ, სილაგავას განცხადებების არ მჯერა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა მოხდება ყრილობაზე?

- წესით, 28 დელეგატი უნდა იყოს, აქიდან 21 დელეგატი მათი მოწინააღმდეგეა. 7 კაცს ეძახიან და ამით ხდება გაპრავება. თუმცა, მე ვგულისხმობ იმ დელეგატებს, რომლებიც, წესით და ამ სულელური წესდებითაც კი, ყრილობას უნდა ესწრებოდნენ, თუმცა ისინი ვერ დაესწრებიან - არ მოიწვიეს, არ შეატყობინეს.

სამაგიეროდ, მოიწვიეს აფხაზეთის წარმომდგენელი და მისცეს 5 ხმა. თქვენ წარმოიდგინეთ, ყრილობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც სპორტის სამინისტროში და არც ოლიმპიურ კომიტეტში. ჩუმად უნდათ ყრილობის ჩატარება, რადგან ძალიან ბევრი, ვისაც გადაწყვეტილებას მიაღებინებენ, შორს არის მაგიდის ჩოგბურთიდან. ბევრი მათგანი, შესაძლოა, მაგიდის ჩოგბურთს და ბილიარდს ვერ არჩევს ერთმანეთისგან... ასეთი ხალხით უნდათ ყრილობის ჩატარება. ნაციონალების ბუდეა მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია.

კატეგორიულად ვაცხადებ - გაჩერებას არ ვაპირებთ, საქმის კურსში ჩავაყენებთ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ დუმილი დანაშაულის ტოლფასია. ფეხბურთთან გავავლებ პარალელს - გახსოვთ, ფეხბურთის ფედერაციის ავადსახსენებელი  ყრილობა, ნემსაძის ნახევარსაათიანი პრეზიდენტობა, ნაციონალების მუქარები და გადადგომა. მას შემდეგ უკან წავიდა ქართული ფეხბურთი. ფიფა რომ ჩარეულიყო, დღეს ასეთი სავალალო მდგომარეობა არ გვექნებოდა.

მოკლედ, იქნება ყრილობა, არ იქნებიან დელეგატები. იქნება არჩევნები, მაგრამ არ იქნებიან ამომრჩევლები - ისინი, ვისაც სიტყვა ეთქმის და ვისაც არჩევა ხელეწიფება. ამ „ყრილობაზე“ გამოჩნდება, იქნება თუ არა საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი, იქნებიან თუ არა სპორტსმენები, გულშემატკივრები, ტურნირები... და თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ყველაზე პესიმისტურ პროგნოზებშია, პირადად მე პასუხისმგებლობას ლევან ყიფიანს დავაკისრებ!