ლონდონში, “სოთბის აუქციონზე“, გენიალური მხატვრის – პოლ გოგენის მიერ შექმნილი ქანდაკება “ახალგაზრდა ტაიტელი ქალი“ გავა. ხელოვნების ნიმუში 15 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მის გაყიდვას აუქციონი 3 მაისს შეეცდება.
25 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც უცნობი ქალის გამოსახულებას წარმოადგენს, ფრანგმა მხატვარმა 1891–1893 წლებში შექმნა, როდესაც ტაიტიზე პირველად იმყოფებოდა. გოგენმა საკუთარი ხელით შექმნა არა მხოლოდ ქანდაკება, არამედ მარჯნის სამკაული, რომელიც ქალს ამშვენებს. ქანდაკებას ყელზე ორი მელიის გამოსახულება აქვს, ამ ნიშანს გოგენი ხშირად იყენებდა. მელია სექსუალურობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ქანდაკება გოგენის ერთადერთ დასრულებულ ბიუსტადაა აღიარებული. “ახალი ტაიტელი ქალი“ მხატვარმა კოლექციონერისა და სამხატვრო კრიტიკოსის ჟან დოლენის 10 წლის ქალიშვილს აჩუქა. ბიუსტი გამოფენაზე 1961 წლის შემდეგ არ გამოუტანიათ. აპრილის განმავლობაში კი მას ჰონგკონგში, ლონდონსა და ნიუ–იორკში აჩვენებენ.