„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აიღოს თავის თავზე  ფილტრის ფუნქცია“

„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აიღოს თავის თავზე ფილტრის ფუნქცია“

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს სასამართლო „პატარა სტრასბურგი“ უნდა გახდეს, რომელიც იქნება ერთგვარი ფილტრი, დამაკავშირებელი რგოლი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის.

ტურავას აზრით, უნდა შეიქმნას მოდელი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო არა მხოლოდ საკანონმდებლო ნორმის კონსტიტუციურობის შემმოწმებელი იქნება, არამედ მისი მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების თაობაზე საკუთარი ხედვები ტურავამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გააცნო, სადაც მას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.

For.ge მერაბ ტურავას ესაუბრა.

თუკი საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სახით პატარა სტრასბურგი შეიქმნება, ეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრების რაოდენობას შეამცირებს და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში არ ელოდონ?

- ეს მოდელი ევროპის არაერთ სახელმწიფოშია, განსაკუთრებით, აღსანიშნავია ჩეხეთი, უნგრეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ამ ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლო ისეა მოწყობილი, რომ ის მთლიანად სასამართლო ხელისუფლების სათავეშია. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მოქალაქეები მიმართავენ საკონსტიტიციო სასამართლოს არა მხოლოდ სარჩელით, რომ შეამოწმოს მათ მიერ გამოყენებული კანონის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, არამედ, ასევე, როცა ყველა სასამართლოს ინსტანცია, ანუ საერთო სასამართლოების სისტემა მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ პიროვნება ჩათვლის, რომ მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, დაადგინოს დარღვევის კონკრეტული ფაქტი.

ვინაიდან სტრასბურგში სარჩელების რაოდენობა გაცილებით დიდია, ქვეყნის შიგნით უფრო მოკლე ვადებში მოხდება უფლების დარღვევის ფაქტის დადგენა და შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. აქამდე უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქართველები სტრასბურგს მიმართავდნენ, მაგრამ სტრასბურგი 47 სხვადასხვა ქვეყნიდან შესული ათასობით სარჩელით გადატვირთულია და უწევთ ლოდინი. ამიტომ ქვეყნის შიგნით უფრო ეფექტური სისტემა უნდა შეიქმნას.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ რამდენიმე წელიწადში მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი გვეყოლება, მანამდე, ჩვენს პირობებში, როცა მოსამართლეთა ნდობა ნაკლებია, რა გარანტიაა, რომ ისევ ამავე მოსამართლეებით დაკომპლექტებული საკონსტიტიციო სასამართლო საკუთარ თავზე ფილტრის ფუნქციას აიღებს?

- ქვეყანაში, სადაც საერთო სასამართლოების ნდობა დაბალია, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აიღოს თავის თავზე ამ ფილტრის ფუნქცია და საერთო სასამართლოების მიერ უფლების დარღვევაზე არასათანადო რეაგირება დროულად და ეფექტურად დაადგინოს. საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი რგოლი იქნება, რომელიც დაადგენს, რამდენად კონსტიტუციური იყო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

პრაქტიკულად, ჩვენ დღეს გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოების მხრიდან კანონების კონსტიტუციურობის შემოწმების ფუნქცია, მაგრამ, თუ ეს ახალი უფლებამოსილებაც დაემატა, მაშინ უკვე უფლებათა დაცვის მექანიზმი სრულყოფილი იქნება. მომჩივანი როცა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ამ შემთხვევაშიც უკმაყოფილოა. ის ამბობს, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ნორმის არაკონსტიტუციურობა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ამას მომჩივანის მიმართ არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან კანონიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აქვს უკუძალა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ერთადერთია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, იქაც ნორმა ისეა ჩამოყალიბებული, რომ მხოლოდ იშვიათად შეიძლება მიენიჭოს სისხლის სამართლის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებას უკუძალა.

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სულხან-საბას იგავ-არაკსუკან მიდევნებულ ლამპარსჰგავს, რადგან დაზარალებული შედეგს უშუალოდ ვერ იღებს. თუკი ამას უკუჩვენების ძალა არ აქვს, მაშინ რაღა აზრი აქვს მის გადაწყვეტილებას, რომ შემდგომში სხვამ ისარგებლოს და არა იმ კონკრეტულმა ადამიანმა?

- დიახ, საკონსტიტუციოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰგავს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანში“ ნათქვამ სიტყვებს - „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“. ასე რომ, ერთის მიერ გაკვალული გზით სხვა დაზარალებული სარგებლობს. მაინც ასე ვფიქრობ, რომ საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო წლების მანძილზე მეტი ავტორიტეტი დაუგროვდა, ვიდრე საერთო სასამართლოებს, რადგან ვინც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას იცნობს, ბოლო წლებში საკონსტიტუციომ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, საკონსტიტუციოს რომელი გადაწყვეტილება მოგეწონათ, რადგან თავის დროზე გიორგი პაპუაშვილის სახელი ნაციონალებთან ასოცირდებოდა? საკონსტიტუციოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიწების უცხოელების გასხვისებასთან დაკავშირებით მტკივნეულად აღიქვა ჩვენმა მოსახლეობამ. ასევე, საპატრიარქომაც გამოხატა პოზიცია, რომ არ შეიძლება მცირემიწიან ქვეყანაში მიწების ასე იოლად გასხვისება.

- საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი არ არის ცუდი. ისინი იყენებენ სტრასბურგის პრეცედენტებს, სხვა ქვეყნების სასამართლოთა გადაწყვეტილებებს, დოქტრინალურ შეხედულებებს. გეთანხმებით, საზოგადოება იმიტომ ვერ გრძნობს ამ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, რადგან ეს ნორმის, კონსტიტუციურობის კონტროლია, ადამიანებს კი აინტერესებთ კონკრეტული დარღვევის გამოსწორება, რაც კონკრეტული ადამიანის ბედს ეხება.

სპეციფიკურ საკითხებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. მაგალითად, ამ სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება ჯაშუშობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მაისაიას და სხვების მიმართ იყო გადაწყვეტილება გამოტანილი. პირობითად, საინტერესოა, ჯაშუშობად უნდა ჩაითვალოს, როცა პირი აგროვებს უცხოეთის ორგანიზაციისთვის რაღაც ინფორმაციას, თუ მაინცდამაინც უნდა იყოს უცხოეთის სადაზვერვოს წარმომადგენელი?

თავის დროზე, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, თეა წულუკიანმა სტრასბურგიდან გამოითხოვა არაერთი საქმე, თუმცა ამას არ მოჰყოლია მსვლელობა საქართველოში. ღირდა კი სტრასბურგიდან ამ საქმეების გამოტანა, როცა საქართველოში ვერ წყვეტენ ამ საკითხებს პოლიტიკური ნების არარსებობის გამო?

- როცა თეა წულუკიანმა საქმეები სტრასბურგიდან გამოითხოვა, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების ნება იყო, რომ იმ საქმეებზე, რაზეც სტრასბურგში უკვე დაწყებული იყო განხილვა და პიროვნება თანახმა იყო აქ ადგილზე ხელისუფლებასთან მორიგებით გადაეწყვიტა პრობლემა, საქმე აქ განეხილათ. თუმცა მე რასაც ვამბობ, ეს ეპიზოდური ცალკეული საქმეების წამოღება კი არ იქნება, არამედ საქართველოს შიგნით იქნება ისეთი ორგანო, რომელსაც ადამიანი მიმართავს ამა თუ იმ უფლების დარღვევის ფაქტზე. ეს გლობალური პრობლემაა.

ვთქვათ, ადამიანმა სამი ინსტანცია გაიარა და ვერ მიაგნო სამართალს. თუ აქამდე სტრასბურგს მიმართავდა, ამიერიდან საკონსტიტუციოს მიმართავს. ეს ხომ არ იქნება დამბლოკავი, რომ ადამიანმა სტრასბურგს არ მიმართოს და მაინცდამაინც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად იყოს?

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამ ფუნქციის მინიჭებას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ შემჭიდროებული ვადები დაწესდება მათი განხილვისთვის. აქ არ იქნება შვიდი და ათი წელი, როგორც ეს სტრასბურგის სასამართლოშია, მაქსიმუმ, ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

ანუ, საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანა ნებაყოფლობითი იქნება?

- სწორი კითხვა დამისვით, შეიძლება კანონში ისე ჩაიწეროს, რომ ეს იყოს სავალდებულო ფილტრი და სტრასბურგმა ისე არ მიიღოს საჩივარი, თუ პიროვნება საკონსტიტუციოს არ მიმართავს, მაგრამ თუ კანონი ჩაწერს, რომ ეს მოქალაქის სურვილზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ის საკონსტიტუციო სასამართლოს ან მიმართავს, ან -არა. თვითონ სტრასბურგია დაინტერესებული, რომ განიტვირთოს და ნაკლები საჩივრები შევიდეს წევრი სახელმწიფოებიდან, რადგან იძირებიან სარჩელების ზღვაში.

თავდაპირველად თქვენ ავითარებდით იდეას, რომ აუცილებელი იყო ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, მოგვიანებით თქვენი პოზიცია უფრო შერბილდა. რატომ?

- ეს ყველაფერი სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ბევრ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მაშინვე არ მომხდარა, ამას გარკვეული წლები დასჭირდა და მერე შეიქმნა სამართლებრივი მექანიზმები. ვფიქრობ, ხელისუფლებამ იმიტომაც შეიკავა თავი სამართლიანობის აღდგენის მექანიზმების შექმნისგან, რადგან ხედავდა, რომ სასამართლო ხელისუფლება ამისთვის მზად არ იყო. ამ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება მაინც საქართველოს უზენაეს სასამართლოს უნდა მიეღო. ამიტომ, შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ მოსამართლეთა პიროვნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ასეთი მექანიზმის შექმნას ჯერჯერობით აზრი არ ჰქონდა, რადგან იმავე მოსამართლეებთან მიდიოდა სარჩელები.

მაგრამ ქონების ჩამორთმევისა და პოლიტპატიმრების საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის ვადები გასულია.

- კი, მაგრამ ყველაფერი კანონმდებელზეა დამოკიდებული. თუ ის გადაწყვეტს სამართლიანობის აღდგენის მექანიზმის ამუშავებას, მას შეუძლია, ხანდაზმულობა და სხვა ბარიერები საკანონმდებლო დონეზე მოხსნას.

საკონსტიტუციო სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბრძანდებით, თუკი თქვენ მართლაც გახდებით მოსამართლე, რომელი საქმეები იქნება პრიორიტეტული-ქონების ჩამორთმევა, პოლიტპატიმრების საქმე? როგორ გესახებათ მოსამართლეთა ძველ კოჰორტასთან, .. კუბლაშვილის მოსამართლეებთან თანამშრომლობა, რომელთა შესახებაც აღარ განვმეორდები, როგორი განწყობაცაა საქართველოში.

- როგორც ვიცი, პირველ კოლეგიაში უნდა ვიყო წევრად, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაში ერთი ვაკანსიაა. რა კატეგორიის საქმეებსაც განვიხილავ, ეს დამოკიდებული იქნება სარჩელებზე. ვალდებული ვარ, ნებისმიერი სარჩელი განვიხილო. ნებისმიერი კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საქართველოში ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემოწმებას კონსტიტუციურობის კუთხით. შეიძლება, მთლიანად კანონი არ იყოს არაკონსტიტუციური, მაგრამ მისი არაკონსტიტუციურად ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არსებობდეს. რაც შეეხება კუბლაშვილს, საკონსიტუციო სასამართლოს მასთან შემხებლობა არ აქვს, ის ბათუმში მუშაობს და ვფიქრობ, ნებისმიერ სასამართლოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს იმის სამართლებრივი და ფაქტობრივი მექანიზმი, რომ არც წინა და არც მომდევნო ხელისუფლებას არ დაემორჩილოს. საკონსტიტუციოს მოსამართლეების უფლებამოსილებები განსხვავდებოდა საერთო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებისგან, მათ მიმართ პროკურატურის გავლენა და კრიტიკა ნაკლები იყო.