დღეს, 14 წლის ვირტუოზი ქართველი პიანისტი ირმა გიგანი ეროვნულ მუსიკალური ცენტრში სოლოკონცერტს გამართავს. ახლახან ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და “საქართველოს კონკურსების მუსიკალური ფონდის“ ინიციატივით ჩატარდა და მასში 8 კონკურსანტი მონაწილეობდა.
ამავე კონკურსზე, პირველი ადგილის გარდა, ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის, გიგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიწვევით კი, 2011 წლის ოქტომბერში 14 წლის ქართველი პიანისტი ვარშავაში კონცერტს გამართავს.
2010 წლის 19 ნოემბერს, აშშ-ში, ბროდვეიზე, ნიუ იორკის “art schiil“-ის დიდ დარბაზში ირმაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორი სანდრო ვახტანგოვია, რომელსაც ანალოგიური სურათები ლიანა ისაკაძეზე, ალექსანდრე კორსანტიასა და სხვა ცნობილ ქართველ მუსიკოსებზეც აქვს გადაღებული.
დოკუმენტურ ფილმში შესულია ყველა ის კონცერტი, გამოსვლა და მასტერ-კლასი, რომელიც ირმა გიგანს 5 წლის ასაკიდან დღემდე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაუმართავს. სანდრო ვახტანგოვის ფილმში მოხვდა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში დაბომბილ გორში გამართული ირმა გიგანის მშვიდობის მანიფესტიც.