„21-ე საუკუნის მონა = სტაჟიორი“ საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს

„21-ე საუკუნის მონა = სტაჟიორი“ საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელი თინათინ ნიბლოშვილი პარლამენტს სტაჟირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს წარუდგენს. იგი აცხადებს, რომ ცნება - „21-ე საუკუნის მონა = სტაჟიორი“ საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს.

For.ge-სთან საუბარში თინათინ ნიბლოშვილი განმარტავს, რომ მარტივი დაკვირვებითაც აშკარაა, საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს სტაჟიორის ცნებას შრომის ბაზარზე. ეს კი ნიშნავს, რომ იურიდიულად სტაჟიორი, როგორც შრომის პროცესის მონაწილე, საქართველოში არ არსებობს.

მისი თქმით, დედუქციის საფუძვლეზეც შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოში ე.წ. დროებით დასაქმებულთა უდიდესი წილი სწორედ სტაჟიორებზე მოდის. კერძოდ, სტაჟიორი მუშაკები შრომის ბაზარზე ყველა სფეროსა და თითქმის ყველა თანამდებობაზე აჰყავთ და სტაჟირების ვადები, ფინანსური ანგარიშწორების, სამუშაო გრაფიკის რეგულირება ინდივიდუალურ რეჟიმში ხდება.

ასე რომ, თუკი დამსაქმებელი შეძლებს და დაითანხმებს პირს კვირაში 7 დღითა და დღეში 10-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობაზე, დასაქმებულ პირს ასეთი არანორმირებული მუშაობისაგან შრომის კოდექსი რეალურად ვერ იცავს.

ასევე, არცერთი ნორმით არ არის რეგულირებული სტაჟირების დასრულების შემდეგ პირს რა სახის სერთიფიკატი ან რაიმე სახის სხვა საბუთი გადაეცეს. უფრო მეტიც, არსებობს უკიდურესი ალბათობაც, რომ დამსაქმებელმა, სტაჟიორის მიერ უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაოს მიუხედავად, პირს არ მისცეს მუშაობის დამადასტურებელი საბუთი. ეს მაშინ, როცა ნებისმიერ ანაზღაურებად სამსახურში მისაღებად, როგორც წესი, ერთ–ერთ მთავარ წინაპირობად მითითებულია სამუშაო გამოცდილება.

„სტაჟირება საქართველოს კანონმდებლობით საერთოდ არ არის განსაზღვრული, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სტაჟირება არ ითვლება სამუშაო გამოცდილებად. ტერმინი „სტაჟირება“ გვევლინება ე.წ. „მაგიურ სიტყვად“, რომელიც დასაქმებულს აიძულებს, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურების გარეშე და განუსაზღვრელი ვადით იმუშაოს რომელიმე კომპანიაში ან კერძო პირის დაქვემდებარების ქვეშ იმ იმედით, რომ ოდესმე აიყვანენ სამსახურში, ან სტაჟირების პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო გამოცდილებად. სტაჟირებაგავლილი პირი დამსაქმებლის კეთილი ნების იმედად უნდა იყოს, რომ მას განვლილ სტაჟირებას სამუშაო გამოცდილებად ჩაუთვლიან.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებად შეირჩნენ ჟურნალისტები და იურისტები, რადგანაც უმაღლეს დამთავრებულთა შორის 1/6 სწორედ ამ სპეციალობისაა. ამ პროფესიის ადამიანებზე შრომით ბაზარზე დაბალი მოთხოვნაა, კადრები კი უამრავია. სწორედ ამიტომ ხშირია მათი სტაჟიორებად არაერთგზის გამოყენების შემთხვევები. მოგეხსენებათ, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არსებობს მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერი, სადაც სტაჟიორის, როგორც შრომითი ხელშეკრულების მხარის, განსაზღვრა ხდება, რაც ბუნდოვანს ხდის სტაჟიორების სამართლებრივ მდგომარეობას. შრომითი ურთიერთობების მონაწილედ საქართველოს შრომის კოდექსი ცნობს მხოლოდ დამსაქმებელს, დასაქმებულსა და პრაქტიკანტს. სამსახურეობრივი გამოცდილებაც მხოლოდ ამ პირებს უგროვდებათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია შრომითი ურთიერთობის მონაწილედ კანონმა ცნოს სტაჟიორიც. ამით დასრულდებოდა ე.წ არალეგალური მონური მუშაობა და ჩამოყალიბდებოდა ლეგალური სამართლებრივი ურთიერთობები დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის. აქედან გამომდინარე, საქართველოს შრომის კოდექსში უნდა მოხდეს განსაზღვრა, თუ ვინ არის სტაჟიორი და რა უფლებები გააჩნია მას დამსაქმებელთან მიმართებაში“, - აცხადებს თინათინ ნიბლოშვილი.

მისივე თქმით, იმის გამოც, რომ რომ კერძო სექტორი მეტად აქტიურად იყენებს ასეთ „სერვისს“, ეს ქმნის საშიშროებას, რომ ამ ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა არ იქნება სათანადოდ დაცული. ამდენად, ნიბლოშვილი მიიჩნევს, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ძირითად არსს სამართლებრივი ვაკუუმის შევსება წარმოადგენს. ამასთან, იგი განმარტავს, რომ, თუკი საკანონმდებლო ორგანო ამ კანონპროექტს დაამტკიცებს, ეს ხელს შეუწყობს, ვოლუნტარიზმის დამკვიდრებას და მსურველთა რაოდენობის გაზრდას, რაც სამოქალაქო სექტორს ორი მიმართულებით განავითარებს: პირველი - ადმინისტრაციული რესურსი გაიზრდება ორგანიზაციებში და მეორე - ადამიანებს მოემატებათ კვალიფიკაცია, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების კუთხით აუცილებელია. ამდენად, სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.