13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დაღუპული სამხედროების სულების მოსახსენებელ ლოცვას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა. ეკლესიაში ასევე იმყოფებოდნენ, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.
„დღეს შედგა ჩვენი დაღუპული მებრძოლების, გმირების სულის მოსახსენიებელი წირვა და პარაკლისი. თითოეული ჩვენი მოქალაქის, მითუმეტეს, თითოეული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის ვალია გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც შეგვიძლია ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ მათ ოჯახებს და რა თქმა უნდა, ასეც მოვიქცევით. უახლოეს მომავალში შედგება ჩემი შეხვედრა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებთან. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით““. - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით შენდება.