„რეჟისორის შურისძიება“

„რეჟისორის შურისძიება“

ერთხელ, როდესაც დედა-შვილი-მედიკო ჩახავა და თემურ ჩხეიძე ერთად ცხოვრობდნენ, დილით მედიკომ საუზმე გაუმზადა. სხვებსაც მოემსახურა, მერე სუფრის ალაგება დაიწყო.

ამ დროს რეპეტიცია იწყებოდა და თემური აღარ დაელოდა, წავიდა. მედიკოს რამდენი წუთი დაგვიანებია. ჩუმად შეიპარა, შეყო თავი სარეპეტიციო დარბაზში და თემურმა რომ დაინახა, უთხრა, ქალბატონო დედა,თქვენ თავისუფალი ხართო და არ შეუშვა რეპეტიციაზე.

რას იზამდა მედიკო? გამობრუნდა, რეჟისორმა დასაჯა. თემურთან ასეთ დროს ხუმრობა არ შეიძლებოდა.

თემური დგამდა მიხეილ ჯავახიშვილის “ქალის ტვირთს”, სამი გმირი უნდა ყოფილიყო. ქეთოს გათხოვებამდე თამაშობდა მარინა ჯანაშია, გათხოვილი ქეთი, ავშაროვის მეუღლე – თათული დოლიძე იყო და ქვრივი ქეთო მედიკოს უნდა ეთამაშა. ის წერილი უნდა წაეკითხა, რომელსაც თვითმკვლელობამდე წერს ქეთო.

ასე იყო განაწილებული, მაგრამ როცა თემურმა სპექტაკლი აკინძა, აღმოჩნდა, რომ ის მესამე ნაწილი აღარ იყო საჭირო. ლიტერატურული ნაწარმოები სხვაა და სცენაზე რომ ნახავ– სხვა. ორი ნაწილით, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო სპექტაკლი და მერე უკვე იწელებოდა.

თემურმა, რა თქმა უნდა,მოჭრა ეს ნაწილი, რაც მედიკოს ალბათ ეწყინა, მაგრამ რას იზამდა? რუსლან მიქაბერიძემ თემურს დაუწერა ასეთი ფუნაგორია: “სწორი ხარ ჯანაშიასთან, მედიკო ჩანდა უმსხვილო, რა პრინციპული ყოფილხარ, როლიდან დედამოხსნილო”. მაშინ მთელ თბილისში ყვებოდნენ ამ სხარტი ფუნაგორიის შესახებ.