საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, უნდა გაიწვიონ თუ არა ქალები ჯარში. საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში უკვე მიიღო სარჩელი - „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც მოსარჩელე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მამაკაცების გაწვევას დისკრიმინაციულად მიიჩნევს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.
მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას, ასევე, მიუთითებს დამატებით უარყოფით შედეგზე. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე თვეში ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. შესაბამისად, განსხვავებით სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე ზოგადად ამავე კატეგორიის მამაკაცები ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. ამიტომ, კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა 18 დეკემბერს ჩაინიშნა.
ზოგადად, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება და ქვეყნის დაცვა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია.
For.ge-სთან საუბარში სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ ომი მამაკაცების ხვედრია, ეს ვაჟკაცები საქმეა და არა ქალების, მაგრამ თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ქალებმაც იმსახურონ არმიაში, იგი ამის წინააღმდეგი არ იქნება. მით უფრო, ამის პრეცედენტები არსებობს საქართველოს ისტორიაში და მამაკაცების გვერდით ქალებიც იბრძოდნენ.
აკია ბარბაქაძის თქმით, თუ სამხედრო ნიშნით დისკრიმინაციაზეა საუბარი, მაშინ ქალები და მამაკაცები თანაბარუფლებიანნი არც ისრაელის არმიაში არიან, რადგან ისრაელის არმიაში მამაკაცები ხუთი წლით მსახურობენ, ხოლო ქალები-სამი წლით. რაც შეეხება სამხედრო ნორმატივების სირთულეს, რომლის დაძლევაც ქართველ ქალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ, სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ არც ეს არის პრობლემა, რადგან, როგორც განსხვავებული ასაკობრივი ნორმატივები არსებობს, ისე შესაძლებელია, ქალისთვის სამხედრო სამსახური ნაკლებად დატვირთული იყოს. თუმცა, თუკი მანდილოსანს ამის სურვილი ექნება, მას შეუძლია, მამაკაცის დონეზეც დაიტვირთოს.
„თუ ქართველ ქალზე ვლაპარაკობთ, არც ოჯახის რჩენა იყო მხოლოდ მისი ფუნქცია, მაგრამ ეს ტვირთი ქართველმა ქალმა აიღო საკუთარ თავზე და კარგად გამოუვიდა. თუ დასჭირდათ, ქართველი ქალები უფრო მებრძოლები არიან. თუკი იმას ახერხებდა ქართველი დედა, რომ ბრძოლის ველიდან გამოქცეულ საკუთარ შვილს სახლში არ ღებულობდა, იმასაც შეძლებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავგანწირვის მაგალითი მისცეს მამაკაცებს. სხვა არაფერი არ არის ჯარი. ისრაელი მუდმივი საომარი მოქმედებების პირობებშია და აქედან გამომდინარეა, რომ ქალების სამხედრო სამსახურში გაწვევის მოდელი არსებობს. სხვათა შორის, როდესაც დასჭირდათ, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირსაც ჰყავდა ქალები წარმოდგენილი ომში და ნაცისტური გერმანიის ვერმახტსაც. ისინი არა მარტო მედდის ფუნქციას ასრულებდნენ, არამედ კავშირგაბმულობის ოფიცრებიც იყვნენ და სხვა. თანამედროვე არმიაში ეს შესაძლებელია, ეს ხომ არ არის შუასაუკუნეობრივი არმია, ხმლით და ფარით რომ იბრძოდა ხალხი. საკმაოდ არის სპეციალიზებები არმიაში, რომელიც თავისუფლად შეიძლება აითვისოს ქალმა. სხვათა შორის, იმისთვის, რომ უფრო გამრავალფეროვნდეს შეირაღებულ ძალებში მსახური, ცუდი არ იქნება, თუ იქ ქალებიც იქნებიან. მამაკაცებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ, საომარი ვითარებისას ვაჟკაცობა გამოამჟღავნონ“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე და აღნიშნული თემის პლუსებსა და მინუსებზე საუბრისას, მინუსად თვლის, რომ პირადად იგი მაინც ვერ იმეტებს ქართველ მანდილოსნებს ისეთი რთული პროფესიისთვის, როგორიცაა სამშობლოს დაცვა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და ის ამ დავაში შესვლას არ აპირებს, თუმცა პირადად იგი ქალბატონების სამხედრო სავალდებულო გაწვევას მხარს არ დაუჭერს. გამონაკლისი არიან ის მანდილოსნები, რომლებიც ნებაყოფლობით მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და გამოირჩევიან დიდი სიბეჯითით და მაღალი პროფესიონალიზმით. ამიტომ, იგი მიესალმება შეიარაღებულ ძალებში ქალების ნებაყოფლობით და არა-სავალდებულო სამსახურს.
„ქალბატონები მსახურობენ არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სამოქალაქო ნაწილშიც და ჩემი პრაქტიკის განმავლობაში ისინი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევიან მინდობილი საქმის მიმართ, ასევე, მენეჯერულ რგოლშიც ძალზე ეფექტურები არიან. ამიტომ მმართველობით რგოლში ქალების რიცხვმა უნდა მოიმატოს. ზოგადად, ნატოს წევრ ქვეყნებში ქალების ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური მხარდაჭერილია და გენდერულ საფუძველზე პრობლემების შესახებ არ მსმენია. ცალკეულ შემთხვევაში, მანდილოსნები სამხედრო ნორმატივების დროს ტოლს არ უდებენ მამაკაცებს. ეს კონკრეტული კვლევის სფეროა, მაგრამ როგორც ვიცი, განსაკუთრებით ეფეტურები არიან მფრინავი ქალები, ისინი დიდი სიზუსტით ასრულებენ დავალებებს“, - აღნიშნა დავით სიხარულიძემ.