მტკვარზე 16 ახალი ჰესი აშენდება

მტკვარზე 16 ახალი ჰესი აშენდება

მდინარე მტკვარზე 16 ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის აშენება იგეგმება, პერსპექტივაში კიდევ 5-ის აშენებაა ნავარაუდევი. როგორც ამბობენ, ახალი ჰესების მშენებლობა დააბალანსებს საქართველოში არათანაბრად გადანაწილებულ ჰიდროგენერაციას, რადგან ჩვენი ჰიდროგენერაციული ობიექტების უდიდესი ნაწილი დასავლეთ საქართველოშია განთავსებული, მაშინ, როცა აღმოსავლეთ საქართველოში ამის დაბალანსება შესაძლებელია.

კომპანია Anaklia IEP & Port-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ქარჩავა აცხადებს, რომ მტკვარზე ახალი ჰესების აშენებით საქართველოში უნიკალური პროექტი იწყება, რომელიც ქვეყანას 620 მილიონ დოლარის ინვესტიციას მოუტანს, ამის პრეცედენტი კი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, რაც მთავარია, პროექტის განხორციელების პერიოდში ათასობით ადამიანი დასაქმდება.

მისივე თქმით, შპს „მტკვარი–ენერგიამ“ მსოფლიოში უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია POWERCHINA-HYPEC-ის პრეზიდენტისა და წარმომადგენლების დელეგაციის საქართველოში ჩამოყვანა შეძლო. კომპანია POWERCHINA-HYPEC-ი, ამავე დროს, Anaklia IEP & Port-ის სტრატეგიული პარტნიორია და მან უკვე დაადასტურა ანაკლიის პორტის მშენებლობის სასტარტო დაფინანსება.

მტკვარზე ჰესების აშენებასთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ეს არ იქნება დიდი და გიგანტური ჰესები. ამიტომ უახლოეს წლებში მტკვრის ქვედა დინებაზე, კერძოდ, თბილისამდე კასკადების აშენება მტკვრის დაგუბებისა და დატბორვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ცაგარეიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ეკოლოგიური ფონი არ დაირღვეს ამ ტერიტორიებზე, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, ბიომრავალფეროვნების, თევზჭერის პრობლემაც, ამიტომ ეს ყველაფერი ჰიდროლოგებმა უნდა განიხილონ.

„ჩვენ გვჭირდება ენერგიის ახალი წყაროები, მაგრამ არა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფასურად“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მტკვარს შეუძლია ათზე მეტი ჰესი აიტანოს, რადგან საკმაოდ წყალუხვი მდინარეა, თუმცა ჰესების მშენებლობა უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნოლოგიით და არა დაგუბებით. ამიტომ პირადად მისთვის მთავარია პროექტი. კერძოდ, გასარკვევია, როგორ პროექტს გვთავაზობს ინვესტორი და გარემოზე ზემოქმედების შეფასება როგორი იქნება.

„წყლის ნაკლებობის გამო უკვე ორ მოქმედ ჰესს შეექმნა პრობლემა - ჩითახევს და რუსთავჰესს. ამიტომ მტკვრის რეჟიმთან დაკავშირებით თუ ყველაფერს არ დაითვლიან, ისე არაფერი გამოვა. ზოგადად, როცა საუბრობენ, რომ მტკვარზე 16 ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის მშენებლობა უნიკალური პროექტია, არა მგონია, რაიმე უნიკალური გაკეთდეს ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებით. რაც უკვე არსებობს, იმაზე უნიკალურს ვერაფერს გავაკეთებთ. თანაც, უმჯობესია, მთელი მსოფლიოს მსგავსად, მაღალ ტექნოლოგიებზე გადავიდეთ და ალტერნატიული ენერგია დავნერგოთ. ჰიდროელექტროსადგურები ევროპაში ნაკლებად საინტერესოა. იქ უკვე სხვა, ალტერნატიულ ენერგეტიკაზე საუბრობენ - ჰელიოზე, ნანო ენერგიებზე და ა.შ“.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ჰიდროენერგეტიკოსი პაატა ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფაქტობრივად, საქართველოში ენერგეტიკული თვალსაზრისით საინტერესო სამი მდინარე გვაქვს- ენგური, რიონი და მტკვარი. ცხადია, ამ მდინარეებზე ჰესების მშენებლობა აუცილებელია. რაც შეეხება თავად მტკვარს, იქ მხოლოდ ერთი ობიექტი შენდება და ისიც, ახალციხის ცოტა ზემოთ. თუმცა გაფორმებულია მემორანდუმი მტკვრის პოტენციალის შესწავლაზე, რაც გულისხმობს ათზე მეტი სადგურის აშენებას.

„ის, რომ თურქეთმა გადააგდო მდინარე მტკვრის წყალი ჭოროხის აუზში, ამის შესახებ მოარული ხმები ისმის. ამის გამო პრობლემები შეიქმნა სწორედ ასპინძა-ახალქალაქის მიდამოებში. როგორც ვიცი, საუბარია 5 კუბ წყალზე. ამიტომ ბორჯომამდე ტერიტორიაზე ეს უთუოდ გავლენას მოახდენს. ჰესი რომც არ აშენდეს, ამ მოცულობის წყალი მნიშვნელოვანი იყო ამ მონაკვეთისთვის და ამაზე ყურადღების მიუქცევლობა არაფრით არ შეიძლება. ამიტომ მტკვარი უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ მდებარეობას. უკვე ქვემოთ, თბილისამდე ეს დანაკარგი ნაკლებ გავლენას მოახდენს. თუმცა ამ 5 კუბის გადაგდების გამო თითოეული ახალი სადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრები გაუარესდება. თუ 20 მეგავატიანი სადგური იყო ნაგულისხმები, შეიძლება, ახლა გამოვიდეს არა 20, არამედ-  15 მეგავატიანი სადგური. ამის მიუხედავად, მსგავსი ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა არასწორი იქნება. მით უმეტეს, მტკვარი ერთ-ერთი წყალუხვი მდინარეა და ენერგეტიკული პოტენციალით მაღალია, ამ პოტენციალის ათვისება აუცილებელი და საჭიროა“, - აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

მანვე გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 80-იან წლებში მტკვარი ჰიდროენერგეტიკოსების მხედველობის სფეროში იყო. არსებობდა გეგმაც, რაც თბილისთან ახლოს რამდენიმე სადგურის პროექტს გულისხმობდა. საუბარია ფონიჭალაში ორი სადგურის მშენებლობაზე და, ასევე, დიღმის სადგურზე. ორივე სადგური დაახლოებით ორთაჭალჰესის ტიპის იყო, თავისი ხიდებით. თუმცა ჰიდროენერგეტიკოსისთვის ამჟამად უცნობია, მტკვარზე როგორი სადგურების აშენებას გეგმავენ. მისი აზრით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ასეთი ჰესების მშენებლობა დაუშვებელი იქნება, რადგან ეს ტერიტორია გამოცხადებულია ნაკრძალად.

„მტკვარზე აშენებული 16 ჰესი, მინიმუმ ალბათ, 300 მეგავატ ენერგიას მაინც გამოიმუშავებს, რაც დაახლოებით 80-90 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიციაა, თავისი სამუშაო ადგილებით, ინფრასტრუქტურით. დაახლოებით 1500 დოლარი რომ ვიანგარიშოთ ერთ კილოვატზე და მეგავატები გავამრავლოთ მილიონნახევარზე, სწორედ ამდენი მილიონ დოლარს მიიღებს საქართველო“.

„16 ჰესის საშუალებით ენერგეტიკული დეფიციტის შევსება შეგვიძლია“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, მცირე და საშუალო ჰესების აშენება ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობისთვის აუცილებელია, განსხვავებით, პრობლემატური დიდი ჰესებისგან, როგორიცაა ხუდონჰესი, რომელიც უზარმაზარი ტერიტორიების დატბორვას, ეკოლოგიურ და კუტურული მემკვიდრეობის განადგურების პრობლემებს იწვევს.

შეგახსენებთ, კომპანია „მტკვარი ენერგია“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შემდეგ პოტენციურ პროექტებზე ჩაატარებს: „ხაშური ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,5 მლნ კვტ.საათი. „ქვიშხეთი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 25,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,5 მლნ კვტ.საათი. „ოსიაური ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,9 მლნ კვტ.საათი. „გომი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 105,2 მლნ კვტ.საათი. „ახალსოფელი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 96,1 მლნ კვტ.საათი. „ქარელი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 74,7 მლნ კვტ.საათი. „ურბნისი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 19 მგვტ; წლიური გამომუშავება - 83,1 მლნ კვტ.საათი. „სკრა ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 75,8 მლნ კვტ.საათი. „უფლისციხე ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,1 მგვტ; წლიური გამომუშავება - 97,3 მლნ კვტ.საათი. „გრაკალი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,7 მგვტ; წლიური გამომუშავება - 111,7 მლნ კვტ.საათი. „კასპი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 108,6 მლნ კვტ.საათი. „ქსანი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 37,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 200,9 მლნ კვტ.საათი. „ფონიჭალა 3 ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 138,6 მლნ კვტ.საათი. „ფონიჭალა 4 ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 139,3 მლნ კვტ.საათი. „ნაგები ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 16,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 128,3 მლნ კვტ.საათი. „რუსთავი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 141,7 მლნ კვტ.საათი.