2014 წლის თბილისობის დღესასწაული თბილისის მერიისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მითვისება-გაფლანგვა - სწორედ ამ მიმართულებით, მთავარი პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვის კანონიერებას სწავლობს. გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მერია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მოხდება მერიის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა.
დავით ნარმანიას უწყებაში ადასტურებენ, რომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციას, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, მერიის პრესსამსახური არ ადასტურებს.
მერიაში განმარტავენ, რომ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად.
როგორც ირკვევა, ფინანსური ხარჯვების შესახებ დოკუმენტაცია, მთავარმა პროკურატურამ გამგეობიდან უკვე გამოითხოვა. ასევე ცნობილია, რომ რაიონებში „თბილისობისთვის“ დახარჯული საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერებას საკრებულოს სარეზერვო კომისია სწავლობს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე აცხადებს, დოკუმენტალური შემოწმების შედეგად გაირკვევა გამგეობების მხრიდან კონკრეტულად ვისზე იქნა ხელშეკრულებები გაფორმებული. რევიზია ასევე სწავლობს დოკუმენტების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც დადგინდება, შესრულდა თუ არა გამგეობების მიერ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
„დოკუმენტალური შემოწმება მოიცავს კონკრეტულად ვისზე იქნა ხელშეკრულება გაფორმებული, შესაბამისობაში არის თუ არა თანხები გაწეულ მომსახურეობასთან. არსებობს თუ არა მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულდა თუ არა კონკრეტულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - აცხადებს ნუგზარ მალაღურაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულზე, რაიონის ბიუჯეტიდან თანხების, ტენდერის გარეშე ხარჯვა გახდა გამოძიების დაწყების მიზეზი. ამ მიმართულებით კი, კითხვები არსებობს სამგორის გამგებლის მამუკა ჩოქურის საქმიანობასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩოქურმა თანხები გადაურიცხა ფირმას, რომლის ხელმძღვანელი, გივიკო რაზმაძე ჩოქურის მეუღლის სამოდელო სააგენტოს მოდელია და მან ფირმა თბილისობამდე რამდენიმე დღით ადრე დააარსა, შემდეგ კი გააუქა. ჩოქურთან ერთად შესაძლოა საბურთალოს გამგებლის ბექა მიქაუტაძის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს საკრებულოს უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე. მისივე განცხადებით, სამგორისა და საბურთალოს გამგეობებში დარღვევები აშკარაა და ამას არანაირი შესწავლა არ სჭირდება. აბესაძე ამბობს, რომ საბურთალოს გამგებელმა დაუკვეთა კლიპის გადაღება, კლიპი კი არავის უნახავს.
„ის, რომ დარღვევა სახეზეა, ამას არანაირი შესწავლა არ სჭირდება და ამ გამგებლების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს დღესვე. ვინაიდან, არავის არ უნდა ეპატიოს საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ ფირმებთან ასეთ გარიგებებში შესვლა. ვსაუბრობთ სამგორის გამგებელზე, ვსაუბრობთ საბურთალოს გამგებელზე, რომელმაც დაუკვეთა კლიპის გადაღება, გადაიხადა ფული და კლიპი არავის უნახავს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის საქმეზე, თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მისი თქმით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული ხარჯების შესწავლის თხოვნით პროკურატურაში დოკუმენტაცია მერიამ გადააგზავნა.
„პროკურატურას თბილისობის აღნიშვნასთან დაკავშირებული ხარჯების შესწავლა ვთხოვეთ, გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია და პროკურატურაში დაიწყეს შესწავლა. მინდა გითხრათ, რომ დარღვევა არ არის, მაგრამ ჩვენი მიდგომაა, რომ როდესაც საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, არ დავტოვოთ ეს კითხვები უპასუხოდ და არსებობდეს კვალიფიციური პასუხები. თუკი ვინმეს ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთა, დადგება მისი პასუხსიმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს ჩაშლილი ტენდერების საკითხით. მისი თქმით, ხელოვნურად ხდება ტენდერების ჩაშლა და ამის ნაცვლად, ხორციელდება გამარტივებული შესყიდვები, რაც მისი განცხადებით, კორუფციის წყაროა.
„გამარტივებული შესყიდვისთვის სად პოულობენ ამ ორგანიზაციებს, ვისთან დებენ ხელშეკრულებას, ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი, რადგან გამარტივებული შესყიდვები უკვე გახდა კორუფციის წყარო. როგორც ირკვევა, მთავარია პირადი ნაცნობობა. სამგორის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ გამგებლის მეუღლის ბიზნესპარტნიორთან დადეს ხელშეკრულება და გადაუხადეს თანხა. ეს ეწინააღმდეგება კანონს.
ასევე, ტენდენციად იქცა ახალდაარსებულ კომპანიებთან ხელშეკრულების დადების ფაქტები. ბუნებრივად ისმის კითხვა, ეს კომპანია თუ არსებობდა და მე თუ ტენდერი გამოვაცხადე, ტენდერში რატომ არ შემოიტანა განაცხადი? ხელოვნურად შლიან ტენდერებს და პირდაპირი შესყიდვით სასუველ კომპანიასთან დებენ ხელშეკრულებას. ძალიან დიდი თანხები არის არამიზნობრივად დახარჯული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სევდია უგრეხელიძე.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამგეობებში საბიუჯეტო თანხებში ხელს აფათურებენ და არასწორი გადარიცხვები ხორციელდებოდა.
„მეჩვენება, რომ ბოლო დროს ძალიან მოეშვა ხელისუფლება და მე მეჩვენება, რომ კორუფცია თანდათან ფეხს იდგამს. მე არ ვარ ოპერატიული მუშაკი, მაგრამ ხანდახან, ეს ყველაფერი პირდაპირ ხელისგულზეა. მაქვს განცდა, რომ სადღაც ბიუჯეტში ხელის ფათური დაიწყეს და კონტროლი და მეთვალყურეობა მოაკლდათ.
თუ პროკურატურა და სხვა საგამოძიებო სტრუქტურები მერიის და გამგეობების გადარიცხვა-გადმორიცხვებს ამოწმებენ, ამას ერთმნიშვნელოვნად მივესალმები. ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ახლა მათი დრო მოვიდა და მათთვის ფულის კეთების ასპარეზია. თუ მაკონტროლებლები შევიდნენ, ძალიან კარგია.
მივესალმები, რომ ყველა გამგეობა, მერიის ყველა სამსახური შეამოწმონ. ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება ბოლო დროს ამ ტენდერებთან დაკავშირებით. საკრებულოც სულ ფორსმაჟორებში ამტკიცებს ყველა შესყიდვებს, ტენდერებსაც არ აცხადებენ. ვისაც ამ საკითხის გარკვევა ევალება, მან კეთილი ინებოს და ამ ხალხს მკაცრად აგებინოს პასუხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ალექსანდრე ელისაშვილმა.