ინტერნეტის მაღალი ფასები და დაბალი სიჩქარე

ინტერნეტის მაღალი ფასები და დაბალი სიჩქარე

ინტერნეტის მაღალი ფასები და დაბალი სიჩქარე - ეს ქართული სინამდვილეა და ამის შესახებ მონაცემები უკვე Freedom House-ის ახალ ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. ისევე, როგორც წინა წელს, მიმდინარე ანგარიშშიც საქართველომ ჯამური 26 ქულა დააგროვა 100 შესაძლოდან. Freedom House-ს შკალაში 0 ქულა საუკეთესო შედეგია, ხოლო 100 - ყველაზე ცუდი. ანგარიშის თანხმად, 2013 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდში ინტერნეტზე წვდომა ქვეყნის მოსახლეობის 43 პროცენტს ჰქონდა.

რატომ არ არის საქართველოში ინტერნეტმომსახურება თავის ფასთან ადეკვატური? ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი ესაუბრა.

საქართველოში ინტერნეტისა და მობილური სერვისების აბონენტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მაღალი ფასები, არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე წინააღმდეგობად რჩება, განსაკუთრებით, იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ ან დაბალი შემოსავლები აქვთ. ინტერნეტის საშუალო ფასი 20 დოლარია, ხოლო DSL-ის 5 მბ/წმ-ის ყველაზე დაბალი ღირებულება თვეში 25 დოლარს შეადგენს და ამის შესახებ Freedom House-ს კვლევაშიცაა ნათქვამი.

- ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა თავისუფალ ქვეყანათა ჩამონათვალში. რაც შეეხება ფასს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც თავმოყრილია ორი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები. მაგალითად, საინტერესოა საერთაშორისო სატელეფონო კომუნიკაციების გაერთიანების (ITU) დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 121 ქვეყანას და ამ ქვეყნებს შორის საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობით და სიიაფით 21-ე ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ დაბალია ინტერნეტის ფასი დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. გარდა ამისა, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და იქაც ევროპის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინტერნეტის ფასი საშუალო და საშუალოზე დაბალია.

რაც შეეხება ინტერნეტის დაბალ სიჩქარეს?

- რაც შეეხება სიჩქარეს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არის გამოწვევები, ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა. ახლახანს ჩვენმა კომისიამ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების შესახებ აუქციონი გამოაცხადა, ანუ საუბარია 4G ინეტრნეტ მომსახურების უზრუნველყოფის დანერგვაზე საქართველოში. 29 დეკემბერს აუქციონი გაიმართება და უკვე გაზაფხულისთვის საქართველოს მსხვილ ქალაქებში ხელმისაწვდომი იქნება მეოთხე თაობის სწრაფი ინტერნეტი.

წინასწარი მონაცემებით, რა ეღირება ამ პაკეტის მომსახურება?

- პაკეტის ფასი ჩვენი კომისიის კომპეტენცია არ არის, ამას თავად ოპერატორები განსაზღვრავენ. სახელმწიფო სტრატეგიაა, რომ ათვისებულ იქნას ისეთი რეგიონები, სადაც არ არის ინტერნეტმომსახურების ინფრასტრუქტურა განვითარებული. იქნება სალიცენზიო ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულებას კომისია აუცილებლად გააკონტროლებს, რათა მსხვილი ქალაქების და ტერიტორიული ერთეულების უზრუნველყოფა მოხდეს, სადაც მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული. საუბარია ისეთ ტერიტორიულ ერთეულზე, სადაც მოსახლეობა 5 ათას ადამიანზეა ნაკლები.

ჩვენი ინტერნეტპროვაიდერები რით ხსნიან იტერნეტის დაბალ სიჩქარეს?

- პრობლემა კომპლექსურია. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია, თავად აბონენტამდე ინტერნეტი მიდიოდეს იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თუმცა თავად აბონენტის საცხოვრებელ სახლში იყოს პრობლემა, ან კიდევ, იმავე კომპიუტერს არ ჰქონდეს საშუალება, რაღაც სიჩქარეზე მეტი მიიღოს. ყველა ადამიანი ტექნიკოსი არ არის, საზოგადოება არ არის გათვითცნობიერებული კომპიუტერების ტექნიკურ შესაძლებლობებში, მივდივართ მაღაზიაში, ვიზუალურად მოგვწონს კომპიუტერი, იქ რაღაცას აგვიხსნიან, გვეტყვიან, რომ კარგი კომპიუტერია, მაგრამ ამ მოწყობილობას შესაძლოა, გარკვეულ სიჩქარეზე მეტის მიღების ტექნიკური საშუალება არ ჰქონდეს. გარდა ამისა, შესაძლოა, თვითონ სახლში შემავალი კაბელის პრობლემაც იყოს და ის არ იყოს გამტარუნარიანი ან დაზიანება იყოს თვითონ ბინაში.

გამორიცხავთ, რომ თავად ინტერნეტპროვაიდერები აწვდიდნენ მომხმარებელს ინტერნეტის არასაკმარის სიჩქარეს და ეს იყოს ფულის მახე?

- ამასაც არ გამოვრიცხავ. ამ თვალსაზრისითაც, კომისია გეგმავს ინტერნეტის ხარისხის შესწავლას, რომ ზუსტად ასეთი საკითხები გამოვლინდეს. კერძოდ, უნდა გაირკვეს, პრობლემა თვითონ ოპერატორის ინფრასტრუქტურაშია თუ აბონენტების ინფრასტრუქტურაში? კომისიის ინტერესებში არ არის ვინმეს სანქცირება, ამიტომ კომპლექსურად უნდა მოხდეს პრობლემის შესწავლა.

თუკი თავად ინტერნეტმიმწოდებელია დამნაშავე დაბალი სიჩქარის მიწოდებაში, ამ შემთხვევაში, რა ბერკეტები გაქვთ? ინტერნეტპროვაიდერს აჯარიმებთ?

- რა თქმა უნდა, ასეთი რამ მომხდარა კიდეც. კომისიასთან არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური და ამ სამსახურში მომართვის შემდეგ თავად ეს სამსახური ცდილობს, ჯერ თავად მოაგვაროს პრობლემა და, თუ ეს პრობლემაც არ მოგვარდება და ამ სამსახურმა მიიჩნია, რომ დაირღვა აბონენტის უფლება, შემდგომში უკვე მომართავს კომისიას, სადაც ხდება ასეთი საკითხების განხილვა. სულ ცოტა ხნის წინ კომისიამ მსგავსი საკითხი განიხილა და „კავკასუს ონლაინს“ IP-ტელევიზიის გადახვევით მომსახურებაზე სანქცია დააკისრა. პირველადი სანქცია არის წერილობითი გაფრთხილება და შემდგომი სანქცია უკვე დამოკიდებულია კომპანიის წლიურ შემოსავალზე. პირველი სანქცია არის წლიური შემოსავლის 0,5 %, მაგრამ არანაკლებ 9 ათასის და არა უმეტეს 50 ათასისა, შემდგომი სანქციები კი იზრდება.

დღეს საქართველოში ინტერნეტმომსახურებას დაახლოებით 130 კომპანია აწვდის, მათ შორის, - რეგიონებშიც და ძალზე მაღალია კონკურენცია ამ კომპანიებს შორის. ამიტომ თითოეული ოპერატორი ცდილობს, მიიზიდოს ახალი აბონენტი და შეინარჩუნოს არსებული. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საშუალო და და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 10%-ით ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების განვითარება მთლიანი შიდა პროდუქტის 1, 5%-იან ზრდას უწყობს ხელს. ეს აღიარებული მაჩვენებელია. ამიტომ მეოთხე თაობის ინტერნეტმომსახურების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვან გავლენას დაატყობს.

მაგრამ დასავლეთთან შედარებით ჩვენთან ინტერნეტის მიწოდების სიჩქარე დაბალია.

- ინტერნეტხარისხის მხრივ პრობლემები მარტო საქართველოში არ არის, განვითარებულ ქვეყნებშიც დგას და მუდმივად ხდება ამის კონტროლი. კომისიაც უახლოეს ხანში გეგმავს ამ საკითხის შესწავლას. როგორც საზღვარგარეთ არის ოპერატორი, რომელიც პაკეტის მიხედვით განსხვავებულ სიჩქარეს აწვდის და ეს დამოკიდებულია განსხვავებულ ფასზე, ასევეა საქართველოშიც.