დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ყველა სახელმწიფომ სწორად განსაზღვროს, როგორ უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, როგორ გადალახოს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები, როგორ დაძლიოს და შესაბამისად შექმნას ქვეყნის განვითარების ისეთი ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებას. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი კიდევ ერთი მძიმე გაკვეთილია იმისა, თუ რამხელა დარტყმის მიყენება შეუძლია ეკონომიკური პროცესების, ტენდენციების, მოვლენების არასწორად შეფასებას და როდესაც ქვეყანას არ გააჩნია ის “მეხამრიდები”, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური “ჩავარდნების” შედარებით რბილად გადატანა ქვეყნისათვის.
ეკონომიკური კრიზისი არის ეკონომიკური ციკლის შემადგენელი ფაზა ისევე, როგორც პიკი, ფსკერი და აღმავლობა. ეკონომიკური კრიზისების წარმოშობა ობიექტური კანონზომიერებაა და მისი გვერდის ავლა ეკონომიკური კვლავწარმოების პირობებში თითქმის შეუძლებელია. მსოფლიო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია მოხდეს კრიზისების სწორი და დროული პროგნოზირება, რათა წინასწარ შემუშავდეს ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული კრიზისების სიქრონულ, რბილად გადატანას. ეკონომიკური კრიზისი საბაზრო ეკონომიკის დამახსიათებელი თვისებაა და შეიძლება ითქვას, რომ - აუცილებელი ატრიბუტიც. ვინაიდან მას ზოგჯერ პოზიტიური ეფექტებიც აქვს. ეს არის ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური გაჯანსაღების, ინოვაციური პროცესების აუცილებელი დაჩქარების, მაკროეკონომიკური მართვის ახალი მეთოდების შემუშავების, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის და სამუშაო ადგილების შექმნის საბიუჯეტო სტიმულირების, მართვის ახალი ტექნოლოგიების შემუშავების, თავისუფალი ფასწარმოქმნისა და თავისუფალი კონკურენციის ხელშემწყობი პირობა. ხდება ეკონომიკური სუბიექტებისათვის რეალური ნიშნის დაკავება.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა სხვადასხვა ქვეყნის მიმართ განსხვავებულია. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ თითოეული ქვეყანა, რამდენად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში, რომელიც მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულებას ექსპორტ-იმპორტზე, ტრანსნაციონალური კომპანიების არსებობას, მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე მნიშვნელოვანია მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, აქვს თუ არა ხელისუფლებას შემუშავებული ეკონომიკური საფრთხის დამცავი მექანიზმები და ღონისძიებები. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის არსებული დონის და სტადიის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებლებია: მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპი, ინფლაციისა და უმუშევრობის დონე, საფინანსო - საბანკო სისტემის ნდობა, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა და მისგან მიღებული მოგების პროცენტი, მოსახლეობის სოციალური დაცულობა, განათლების დონე, სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების ხარისხი და სხვა. იმ შემთხვევაში თუ ამ მაჩვენებლების დაცემას აქვს ხანგრძლივი ხასიათი (ზედიზედ 2 კვარტალი) მაშინ ეკონომიკის ასეთ მდგომარეობას ეწოდება რეცესია, ხოლო თუ ეს პროცესი უფრო ხანგრძლივია შემდეგ ყალიბდება დეპრესია.
ეკონომიკური კრიზისები XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს და ის პირველ ეტაპზე მეორდებოდა რვა–ათ წელიწადში ერთხელ. ხოლო XX საუკუნეში მისი გამოვლინების პერიოდები შედარებით ხანგრძლივია. ეკონომიკის დინამიკური განვითარების თეორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი ციკლური განვითარების თეორია, რომელიც ჯერ კიდევ 30-იან წლებში შემუშავებული იქნა ინგლისელი ეკონომისტის ჯონ მეინარდ კეინსის მიერ, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა კრიზისის ძირითადი მიზეზები. ეს არის მოგების ნორმის შემცირება, გაურკვეველი სიტუაცია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, მომავლისადმი რწმენის დაკარგვის სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები და სხვა.
მსოფლიო ეკონომიკისათვის პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო XX საუკუნის 30-ანი წლების ეკონომიკური კრიზისი. ამ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდა ეკონომიკურად წამყვან, განვითარებულ სახელმწიფოს. ეს იყო პერიოდი, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ცენტრმა ევროპიდან გადაინაცვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა, ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზები დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ფაქტორებისაგან განსხვავებული იყო და შედეგებიც უფრო მძიმე. კერძოდ მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარიანობის გამო წარმოებულ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად დაეცა მოთხოვნა, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით საქონლის გაუსაღებლობა, “ჩაწოლა”. ამას შედეგად მოჰყვა სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო კომპანიების და ასევე მსხვილი საბანკო სტრუქტურების მასობრივი გაკოტრება, ფასიანი ქაღალდების კატასტროფული გაუფასურება. 1932 წელს აშშ-ს სამრეწველო პროდუქციის მოცულობა თითქმის 50%-ით შემცირდა, ცალკეული სახეების მიხედვით უფრო მეტად 80%-ით შემცირდა ავტომობილების წარმოება. 1929-1933 წლებში კრახი განიცადა 135000-მა სავაჭრო, სამრეწველო და ფინანსურმა კომპანიამ, გაკოტრდა თითქმის ათასობით ბანკი, კორპორაციულმა დანაკარგებმა მარტო 1932 წელს შეადგინა 3 მლრდ-ზე დოლარზე მეტი, საგარეო ვაჭრობა შემცირდა 3-ჯერ და ქვეყნის ეკონომიკა დაეცა 1911 წლის დონეზე. უმუშევრობამ მოიცვა მოსახლეობის ნახევარი.
1929 წელს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი თვლიდა, რომ ეკონომიკური კრიზისი ავტომატურად გადაივლიდა და მხოლოდ შემოიფარგლა სავაჭრო პროტექციონიზმით. იმპორტზე მიღებული იქნა მაღალი საბაჟო ტარიფები, რამაც უფრო გააუარესა ქვეყნის არსებული მდგომარეობა. შემდგომი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტიც იძულებული იყო გამოეყენებინა სახელმწიფო სტიმულირების, რეგულირების და ეკონომიკის დაგეგმვის უფრო აქტიური მექანიზმები. მის მიერ შემუშავებული იქნა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ე.წ “ახალი კურსი”. ეს იყო ეკონომიკაში სახელმწიფო რეგულირების ცნობილი კეინსიანიზმის თეორიების რეალიზაცია.
ჯ.მ კეინსის თეორიის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საბაზრო მექანიზმი ვეღარ მოქმედებს ავტომატურად, ხელფასები და ფასები არ ხასიეთდება ისეთი მოქმედებით, როგორც ამას ნეოკლასიკოსები ასაბუთებენ. არ არის ცალსახა დამოკიდებულება დანაზოგებს, ინვესტიციებსა და პროცენტს შორის, ბუნებაში არ არსებობს სრულყოფილი კონკურენცია, რომ საბაზრო ეკონომიკის გამართული, მდგრადი ფუნქციონირება შეუძლებელია თუ არ მოხდა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში. კეინსმა ფაქტიურად დაასაბუთა, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში. მთავრობის ფუნქციების გაფართოება ერთადერთი საშუალებაა ეკონომიკური კრიზისების, დეპრესიის, უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად, რომ განვითარებული კაპიტალიზმის პირობებში ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა უნდა ვეძებოთ არა რესურსების მიწოდების სფეროში, არამედ მოთხოვნის სფეროში. სწორედ ეფექტიანი მოთხოვნა, მისი კომპონენტები, მოხმარება და დაგროვება არის ეკონომიკური ზრდისა და წონასწორობის მთავარი წყარო.
სწორედ აღნიშნული თეორია გახდა საფუძველი იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა აქტიური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და განახორციელა რადიკალური მარეგულირებელი, და იძულებითი ღონისძიებები. კერძოდ ამ მიზნით სახელმწიფომ დაიწყო საბანკო საფინანსო სისტემის გადარჩენაზე ზრუნვა. ამისთვის აიკრძალა ოქროს ექსპორტი. მოხდა საბანკო სისტემის ოპტიმიზაცია 25000-დან 15000-მდე. მოახდინეს დოლარის იძულებითი დევალვაცია. 1934 წელს ოქროს შემცველობა დოლარში შემცირდა 41%-ით. ამავე დროს სახელმწიფო ახორციელებდა ოქროს ფართომასშტაბიან შესყიდვას. 1933 წლის ბოლომდე შესყიდული იქნა 187 000 000 დოლარის ოქრო. ოქროს მარაგები მთლიანად გადაეცა ცენტრალურ ბანკს. იმდროინდელმა სახელმწიფომ ხელში მთლიანად აიღო ეროვნული ეკონომიკის რეგულირების ბერკეტები. შეიქმნა მარეგულირებელი სამსახურები სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში. ყოველივე ასეთმა კომპლექსურმა ღონისძიებებმა ქვეყანა გამოიყვანა კატასტროფული მდგომარეობიდან.
1939 წელს ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ რიჩარდ ხიკსმა მოახდინა კეინსური თეორიის ინტერპრეტაცია. მან თავის გამოქვეყნებულ სტატიაში “კეინსი და კლასიკოსები: შემოთავაზებული ინტერპრეტაცია” წამოაყენა პრობლემა კეინსური და ნეოკლასიკური თეორიების, ერთიან თეორიად გაერთიანების შესახებ. მან კეინსური მოდელი შეაფასა, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც ფულის მიწოდების ზრდა აღარ ზემოქმედებს პროცენტის ნორმაზე და ინვესტიციებზე. შემდგომში ნეოკლასიკური სინთეზი გახდა სახელმწიფო რეგულირების კეინსური პოლიტიკის საფუძველი, რომელმაც მოიცვა როგორც ფისკალური, ისე ფულად საკრედიტო პოლიტიკა. რეგულირების ინსტრუმენტად კი აღიარებული იქნა საბიუჯეტო პოლიტიკა.
ხიკსთან ერთად ამ თეორიების სინთეზის რეალიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის პ. სამუელსონს, ფ. მოდილიანს, ჯ. ტობინსს და სხვა. კერძოდ პ. სამოუელსონი აღნიშნავს, რომ საკრედიტო-ფულადი და ფისკალური პოლიტიკის გაერთიანება იძლევა ეკონომიკის მკვეთრი დაცემის თავიდან აცილების საშუალებას და საბოლოოდ სპობს მკვეთრ განსხვავებას მაკროეკონომიკასა და მიკროეკონომიკას შორის.
XX საუკუნის 70-ანი წლების ბოლოსთვის განვითარებულ ქვეყნებში გავრცელება დაიწყო სახელმწიფოს ნეოლიბერალურმა კრიტიკამ, რომლის მიხედვითაც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს, არსებული ბიუროკრატიული სახლემწიფოს სისტემა წარმოადგენდა. საერთაშორისო სპეციალურ ლიტერატურაში იგი ტეტჩერისა (თჰატცჰერისმ 1978 წლიდან) და რეიგანის (ღეაგონომიცს 1980 წლიდან) ეკონომიკურ პროგრამას უკავშირდება. რასაც სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა, ბიუროკრატიული აპარატის გადიდება, კანონების სიჭარბე და დეტალური რეგულირების ტენდენცია მოჰყვა. ყოველივე ამის შედეგად მოქალაქე და კერძო ბიზნესი ზარალდებოდა. მეწარმის თავისუფლება ზომაზე მეტად იზღუდებოდა და ის სახელმწიფო ბიუროკრატიაზე დამოკიდებული ხდებოდა.
აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი გახდა ის გარემოება, რომ სახელმწიფო სულ უფრო და უფრო მეტი ამოცანის შესრულებას იღებდა საკუთარ თავზე.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ძირითად მიზეზად მიჩნეულია ამერიკის უმსხვილესი იპოტეკური კომპანიების Fannie Mae-სა და Freddie Mac-ის გაუზრებელი, ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი მოქმედება, კერძოდ ობლიგაციების დიდი რაოდენობით გაყიდვა, მისი გაუმჭირვალობა, საკრედიტო და საინვესტიციო ფუნქციების შერწყმა-არევა, რამაც მომხმარებლისთვის იპოთეკური კრედიტების აღება გაამარტივა და მიმოქცევაში დოლარის მოცულობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამას მოჰყვა საბანკო სექტორის სრული კრახი. ამ პროცესს თან სდევდა საფონდო ბირჟის კრიზისი; ფინანსური ინსტრუმენტების (ფიუჩერსული გარიგებები, ოფციონი, სვოპი, ფორვარდი და სხვა.) არასწორად გამოყენება;
ნავთობის ფასების შესამჩნევი გაძვირება; საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების Standard&Poors, Fitch და Moody’s ხშირად არასწორი შეფასებები და რაც ყველაზე მთავარია აშშ-ს მარეგულირებელი სამსახურების (“ფედერალური რეზერვების სამსახური”) მიერ პროცესების იგნორირება, უმოქმედება, მათი გაუმართავი და უპასუხისმგებლო საქმიანობა. ასევე მსხვილი საინვესტიციო ბანკების - BerStearns, Goldman Sachs, Lehman Brothers, Merrill Lynch და Morgan Stanley-ს საკუთარი კაპიტალის მცირე მოცულობა მოზიდულ სახსრებთან შედარებით, როდესაც ერთ დოლარ საკუთარ სახსრებზე დაახლოებით 40 დოლარი აქტივი მოდიოდა. ექსპერტების გამოთვლით მათ ბალანსზე არსებული ზოგიერთი აქტივების გაუფასურებას 3%-თ შესაძლებელი იყო კომპანიის მთლიანი გაკოტრება გამოეწვია.
კრიზისამდე აშშ-ში იპოთეკური კრედიტები ძალიან იაფი იყო - წლიური 5%, თანაც ადგილობრივი კანონმდებლობით, იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვის შესაძლებლობა არსებობს. იპოთეკური პროგრამები სხვა მხრივაც ძალიან მოქნილი იყო. მაგალითად, მომხმარებელი პირველ წლებში ძალიან მცირე თანხას იხდიდა. ეს ყველაფერი მაცდურად გამოიყურებოდა მოსახლეობისათვის და რომ არა აშშ-ის იპოთეკური ობლიგაციები, რომელიც ქვეყნის მთავარი საფონდო და საიმედო ინსტრუმენტია, ეს კრიზისი შეიძლება, ასეთი კატასტროფული არ ყოფილიყო. სწორედ ეს ობლიგაციები იყიდეს უსმხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა და გავრცელდა არა მარტო ამერიკის კონტიგენტზე, არამედ ევროპაშიც, "დომინოს" პრინციპით. დიდი ფინანსური ზარალი მიიღეს ისეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორიცაა გერმანული ბანკი "IKB", საბანკო კონცერნი Commerzbank, საერთაშორისო ჰოლდინგი "Allianz". მათ მიჰყვნენ საქსონიის მიწების ბანკი და დუბლინის კომერციული ბანკი "Ormond Quay". დაზარალებულთა შორის აღმოჩნდენ მსოფლიოში უმსხვილესი ბანკები "Deutche Bank" და სხვა. ამ კრიზისში მთელი მსოფლიოს საბანკო სისტემა აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და ხალხმა თავისი ანაბრების დაბრუნება მასობრივად მოითხოვა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ კრიზისს გარკვეული ბიძგი ამერიკის მიერ 2000-2007 წლებში განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამაც მისცა. რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დღევანდელი კრიზისის გამომწვევი მიზეზი ნაწილობრივ სწორედ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2004 წელს ცნობილმა ეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუგმანმა თავის მონოგრაფიაში "დიდებული ტყუილი" პირდაპირ მიანიშნა, რომ ამერიკისთვის რთული იქნებოდა გაბერილი საპენსიო, სამედიცინო და სამხედრო პროგრამის მომსახურება, რომელიც ძირითადად საარჩევნო კამპანიის პიარ-პროგრამა იყო. მან მკაცრად გააკრიტიკა საშემოსავლო და მემკვიდრეობით გადაცემული ქონების გადასახადების შემცირება, რომელიც ძირითადად მაღალშემოსავლიან ფენას, ანუ მას შეეხო, ვისაც წელიწადში მინიმუმ, 200.000 აშშ დოლარი ჰქონდა, დაბალმა და საშუალო შემოსავლიანმა ოჯახებმა კი ეს შეღავათი ნაკლებად იგრძნეს. და ბოლოს, იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება, რომელიც შემდგომ შესყიდულ იქნა ევროპისა და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ, რითაც პროცესში ჩათრეულ იქნა მსოფლიო. სწორედ ამ მეცნიერმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკას ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანდა, შემდეგ კი მთელს მსოფლიოს მოედებოდა.
თუმცა, განსხვავებული შეხედულება აქვს ამერიკელ მეცნიერს, ნობელის პრემიის ლაურიატს ჯოზეფ სტიგლიცის, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანტიკრიზისულ ბიუროს, ის თვლის, რომ სწორედ გლობალიზაცია და ეროვნული ეკონომიკების ურთიერთგამჭოლობა გახდა დამატებითი ფაქტორი კრიზისის გაღრმავებისა. მის რეკომენდაციებს შორის, მნიშვნელოვანია რომ მსოფლიო, ეროვნული და კერძო ფინანსური ინსტიტუბი გახდეს მაქსიმალურად გამჭირვალე, დაცული იქნეს ერთიანი სტანდარტები ფინანსურ სექტორში, შეიქმნას ვალუტის ერთიანი, მსოფლიო რეზერვები.
კაპიტალის ბაზრების გლობალური ინტეგრაციის ზრდა ხელს უშლის ცალკეული ქვეყნების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას... ეკონომიკის კარგახსნილობას ურთიერთსაპირისპირო მოვლენები მოსდევს: ერთ მხრივ მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნების მეურნეობათა ინტეგრაცია, იქნება თავისუფალი ვაჭრობის ზონები, ხოლო მეორე მხრივ ცალკეული ქვეყნები ამჟღავნებენ მსოფლიო ბატონობის სურვილს.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის გაღრმავებამ თავისი ნეგატიური მხარეები მკაფიოდ გამოავლინა. კრიზისმა გადაინაცვლა თითქმის ყველა კონტინენტზე, შეირყა საბანკო სექტორები - აზიის უდიდეს ქვეყნებში ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, აგრეთვე მსხვილ ქვეყნებში ბრაზილიაში, რუსეთში, კანადაში. კრიზისის მასშტაბურობამ და გავრცელების სისწრაფემ მთავრობის დაბნეულობა გამოიწვია. თავიდან თითოეული სახლემწიფო ცდილობდა დამოუკიდებლად შებრძოლებოდა
კრიზისულ პროცესებს, მაგრამ შემდგომ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ავტონომიურ რეჟიმში კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ აუცილებელი გახდა მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შეთანხმებულად და სინქრონულად ემოქმედათ, დიდი ოცეულის სახით.
2009-2010 წლები იყო მცდელობა, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისთვის თავი დაეღწიათ, თუმცა ეს მცდელობა არცთუ ადვილი გამოდგა. ამ საკითხთან დაკავშირებით "დიდი ოცეულის" (სხვათა შორის, "დიდ ოცეულზე" მოდის მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 70%-მდე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90% და მსოფლიო ვაჭრობის 80%).
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს "დიდმა ოცეულმა" კრიზისის მძიმე შედეგების მაქსიმალურად შესარბილებლად გადამწყვეტი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი მიზნები და ამოცანები ჰქონდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც ერთიანი კონსენსუსით ხდებოდა, რაც ძირითადად კრიზისიდან გამოსავლის ძიების ყველა ეტაპზე შემდეგ მიმართულებებს მოიცავდა: ეკონომიკის სახელმწიფო სტიმულირება; საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგულირების გამკაცრება და მათი საქმიანობის გამჭვირვალეობის გაზრდა; პროტექციონიზმის მინიმიზაცია ვაჭრობისა და ეკონომიკის სხვა სექტორებში.
თანამედროვე გლობალური ეკონომიკური კრიზისის განვითარების ფონზე, მსოფლიომ გვერდი ვერ აუარა ისევ და ისევ “მივიწყებულ” კეინსის ეკონომიკურ თეორიას, ეკონომიკის რეგულირების აუცილებლობის შესახებ, ეკონომიკის სტაბილური ფუნქციონირებისათვის. მაგალითებიც უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა თავს იკავებდა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევაზე, მათ მაინც მოუწიათ იძულებითი ნაბიჯის გადადგმა. ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელიც არ აპირებდა მილიარდების ხარჯვას. პირველ ეტაპზე მათ ჰქონდათ ეკონომიკური სტიმულირების 31 მილიარდ ევროიანი გეგმა, რაც დაწუნებული იქნა მცირე მოცულობის გამო. შემდგომში წარადგინეს 50 მილიარდიანი სტიმულირების პაკეტი და პლუს 100 მილიარდიანი გარანტია სახელმწიფოს მხრიდან იმ ბანკებისათვის, რომლებიც გასცემდნენ კრედიტებს კერძო კომპანიების დასახმარებლად. ასევე გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 15,5%-დან - 14,9%-მდე, გადაწყვეტილია ორი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურისათვის გამოიყოს 18 მილიარდი ევრო, ყველა ოჯახი თითო ბავშვზე ერთჯერადად მიიღებს 100 ევროს, გაიზრდება კომპანიების სუფსიდირება რათა მათ შვებულებაში გაუშვან კრიზისის გამო დროებით დახურული საწარმოების მუშები. ყველა ვინც 9 წელზე მეტი ხნის ავტომობილს ახლით შეცვლის მიიღებს 2500 ევროს სახელმწიფოსაგან.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაბიჯები სახელმწიფოს კანცლერის მიერ ოდნავ მოგვიანებით იქნა გადადგმული მაინც ყოველივე ამან ხელი შეუწყო მისი რეიტინგის ამაღლებას რაც საბოლოო ჯამში არჩევნებში მისი გამარჯვებით დადასტურდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 800 მლრდ-მდე დოლარი მოითხოვა. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებდა შემდეგ ღონისძიებებს: საფინანსო - საბანკო სისტემის მოწესრიგებას, მსხვილი საავტომობილო კომპანიების დახმარებას, 4 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, არალიკვიდური აქტივების ყიდვას, გარკვეული კონტინენტის მოქალაქეებისათვის საბანკო საპროცენტო ტარიფების შემცირებას. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით უმუშევრობამ აშშ - ში შეადგინა 9,4%, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში არასდროს არ იყო 5%-ზე მეტი.
აღნიშნულ ქვეყნებს, მიუხედავად თავისი ლიბერალური ეკონომიკისა, არც იაპონიის სახელმწიფო ჩამორჩა. მან 270 მილიარდი გამოყო ბანკებისთვის მოსახლეობის და კომპანიების მიერ აღებული კრედიტების ვადის გაგრძელებისათვის, ხოლო 20 მილიარდი ერთჯერადი დახმარება საშუალო და დაბალ შემოსავლიან ოჯახებზე. თითქმის ანალოგიური-ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებები გაატარეს სხვა სახელმწიფოებმაც.
მსოფლიოში განხორციელებულმა ასეთმა მასტიმულირებელმა საინვესტიციო პოლიტიკამ უდაოდ ხელი შეუწყო ეკონომიკის გამოცოცხლებას და შედარებით შეამსუბუქეს კრიზისების გავლენა მსოფლიოზე, ეს უდაოდ პოზიტიური იყო, თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომელიც ზოგადად ეკონომიკურ თეორიაშიაც კი ინვესტიციების განხორციელების თანმდევია და რომელიც გარკვეულად ხელს უწყობს ინფლაციურ პროცესებს. ასეთი მოვლენა მსოფლიოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა, როდესაც გასული საუკუნის 40-50-ან წლებში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის როლი ეკონომიკაში სრულიად იგნორირებული იქნა და გავრცელდა შეხედულება, რომ ივნესტიციებსა და ფულის მასას შორის არის მხოლოდ ძალზე სუსტი კავშირი. გამომდინარე აქედან ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამებში მთავარი მნიშვნელობა მიენიჭა ინვესტიციების საბიუჯეტო სტიმულირებას, რამაც თანდათან დააგროვა ინფლაციური პოტენციალი, რომელიც შემდეგ რეალურად გამოვლინდა 70-ან 80-ან წლებში _ დიდი ინფლაციით. ე.ი ასეთი დიდი ინექციების შეშვება, ერთდროულად, დიდი დოზით რათქმა უნდა ერთის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებას, უმუშევრობის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ ინფლაციური პროცესების მასტიმულირებელია, რომელიც დღესაც სახეზეა. მსოფლიოს მრავალწლიანი გამოცდილება მოწმობს, რომ უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი საშუალებებით, ხშირად მთავრდება ინფლაციის გაზრდით, შრომის მწარმოებლურობის შემცირებით, ბაზრის მოქნილობის შესუსტებით, რასაც საბოლოო ანგარიშით მივყევართ უმუშევრობის გაზრდასთან.
აღსანიშნავია, რომ კრიზისმა ხელი შეუწყო ცალკეული რეგიონების დაახლოებას და უკვე არსებული გაერთიანებების მჭიდროდ თანამშრომლობას და ერთიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითად ოპეკის ქვეყნები რომლებიც მსოფლიო სანავთობო მარაგის 70%-ზე მეტს აკონტროლებენ (ირანი, ერაყი, ყატარი, ალჟირი, ანგოლა, ვენესუელა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და სხვა) ცდილობენ თავიანთ რიგებში გააერთიანონ მექსიკა, რუსეთი და სხვა... ასევე გამოიკვეთა მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შექმნა, მაგალითად შანხაის ორგანიზაციას (რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი) აქვს სურვილი ევროპასთან ერთად შექმნას ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი.
საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა შედარებით ნაკლებად იგრძნობა, რაც ძირითადად გამოწვეულია ქვეყნის ეკონომიკის შედარებით დაბალი ინტეგრირულობით მსოფლიო ეკონომიკაში. მსოფლიო ბაზარზე საქართველო, წარმოდგენილია როგორც იმპორტიორი ქვეყანა ვინაიდან იმპორტი თითქმის 5-ჯერ აჭარბებს ექსპორტს და არც ჩვენს საექსპორტო პროდუქციას აქვს მაინცდამაინც სასიცოცხლო მნიშვნელობა სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ დიდი ოდენობით დახმარება 4,5 მილიარდი დოლარი, მივიღეთ საერთაშორისო თანამეგობრობიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან, რამაც საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა ლარის კურსი და გარკვეულად ეკონომიკური სტაბილურობა. სწორედ ბრიუსელში გამართულმა კონფერენციამ გადაარჩინა ქვეყანა, რომლის დროსაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებმა გამოთქვა სურვილი, დახმარებოდა ომის შედეგად დაზარალებულ საქართველოს.
ძირითადი ეკონომიკური პრობლემები ქვეყანას უფრო აგვისტოს საომარი მოქმედებებისგან შეექმნა ვიდრე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან. 2004 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინა 499 მილიონი დოლარი; 2005 წელს - 450 მილიონი დოლარი (გარკვეული კლება წინა წელთან შედარებით გამოწვეული იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დამთავრებით); 2006 წელს – 1190 მლნ დოლარი; 2007 წელს – 2014 მლნ დოლარი. 2008 წელს საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა 1 564 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ წინა წელთან შედარებით 600 მლნ-თ ნაკლები, რაც გამოწვეული იყო აგვისტოს საომარი მოქმედებებით. 2009 და 2010 წლებს შემოსული ინვესტიციებს ოდენობამ საგრძნობლად მოიკლო და შესაბამისად 658 მლნ - 500 მლნ დოლარი შეადგინა. ეს გამომდინარე იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან, ვინაიდან უცხოური ინვესტიციები მთელს მსოფლიოში 30%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წელს საქართველოში ეკონომიკის სტიმულირებისათვის განხორციელდა თითქმის 1,5 მლრდ ლარის სტიმულირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო 2011 წელს განსაზღვრულია თითქმის ამდენივე. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია დედაქალაქის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძველი თბილისის რეაბილიტაციას, სამშენებლო კომპანიების სტიმულირებას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, საბანკო სექტორის ჩართვას ამ საქმეში და ა.შ. ინსტიტუციურად ბიუჯეტიდან აღნიშნული სტიმულირების განხორციელება, არ არის კლასიკური ფორმა და შესაძლებელია საკამათო იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქვეყანა იმყოფება რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დროულად დაძლეული იქნას კრიზისის შედეგები და დაიწყოს ეკონომიკური ზრდა.
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2010 წელს გაიზარდა 145-მდე, ხოლო წლიურმა ინფლაციამ გადააჭარბა 11%-ს. პირველ რიგში მოსახლეობისათვის ყველაზე მძიმეა ის, რომ გაძვირდა სასურსათო პროდუქტზე ფასები კერძოდ პურზე ფასმა მოიმატა დაახლოებით 15%-ით, ზეთზე - დაახლოებით 32%, კარტოფილზე – 30-35%-ით, ხახვი თითქმის 50%-ით, ასევე ნავთობპროდუქცია, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება. ყოვლად გაუგებარი რამ ხდება, როცა ბარელი ნავთობი თითქმის 150 დოლარიდან 50 დოლარამდე დაეცა, ჩვენ ეს არ გვიგვრძნია და ფასების კლება მხოლოდ მინიმალური იყო, ხოლო ახლა, როცა მსოფლიოში ფასის ზრდის ტენდენციაა, საქართველოშიც მნიშვნელოვნად იზრდება. რაც ყველაზე სავალალოა მედიკამენტებიც გაძვირდა კატასტროფულად, რომლის გამომწვევ მიზეზებზეც არაერთხელ თქმულა, რომ ეს არის პროტექციონისტული მონოპოლიების ბრალი, როდესაც სამედიცინო ბაზარი ჩაკეტილი ციკლია დაწყებული სამედიცინო პრეპარატების წარმოებიდან, რეალიზაციის, სამედიცინო მომსახურების ქსელის და სადაზღვეო კომპანიების ჩათვლით, ამიტომ პირველ რიგში გარკვეული სექტორების მუდმივი დემონოპოლიზაციაა საჭირო, რათა ფასები დარეგულირდეს და არ ვიყოთ “შეთქმულების” მსხვერპლი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე მხოლოდ 3000 დოლარია, რომელიც მსოფლიო დონის საშუალო მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება, ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უფრო ძლიერ გრძნობს და განიცდის ამ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში ხდება. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ შემოსავლების დიფერენციაციის დეცილური კოეფიციენტი შეადგენს 16/1 მაშინ, როდესაც უკრაინაში არის 6/1, ესტონეთში - 10/1, ხოლო რუსეთში - 11/1.
დღესდღეობით ქვეყანა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე საუბარი მაქვს სასურსათო პროდუქციაზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც მიმდინარე წელსაც გამოყოფილი აქვს თითქმის მილიარდ ლარზე მეტი რათქმა უნდა კარგია, მაგრამ მიუღებელია, როცა სოფლის მეურნეობას გამოყოფილი აქვს მხოლოდ 60 მილიონი ლარი. ხოლო გასულ წელს მხოლოდ 15 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. როგორ შეიძლება ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა იმპორტის სახით შემოქონდეს ხახვი, პამიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი. მდგომარეობის გაუმჯობესება დამოკიდებულია მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებზე: კრედიტების გაცემა, თესლის და წარმოების საშუალებების შესაძენად... წარმოების, მიწოდებისა და გასაღების ორგანიზაციების შექმნა, შენახვის პირობების გაუმჯობესება, პროდუქციის რეალიზაციისათვის (მარკეტინგი) ხელშეწყობა”. სწორედ ეს არის მიმართულება, სადაც უნდა იქნეს გამოყენებული კრეატიული, მაღალ-ტექნოლოგიური და სხვა განვითარებულ ქვეყნებში უკვე აპრობირებული მეთოდები, ამ მხრივ კარგი მაგალითია თურქეთი და ისრაელი. სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი რათქმა უნდა ინვესტორებისათვის ნაკლებად მიმზიდველია, იმიტომ რომ მათთვის მაღალ მომგებიანი, მხოლოდ კომუნიკაციები და ენერგოსფეროა, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მხარდაჭერა ამ დარგისათვის, რომ ყველა ფერმერს, გლეხს, გაუჩნდეს ამ სფეროში ჩართვის სურვილი. მაგალითად ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ბელგია, ნორვეგია, ავსტრია, კანადა, აშშ ხშირ შემთხვევაში ბიუჯეტიდან პირდაპირ აფინანსებენ სოფლის მეურნეობას თან საკმაოდ დიდი დოზით. ევროკავშირმა მარტო 2008 წელს 60 მილიარდი დოლარი გამოყო სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, რომელსაც 15 წლიანი ისტორია აქვს, დღეისათვის ეკონომიკისათვის არ წარმოადგენს ხელისშემშლელ პრობლემას. მიუხედავად მისი სეზონური რყევებისა, საქართველოს ეროვნული ბანკი მაინც ახერხებს მის რეგულირებას. ქვეყნის ეროვნულ ბანკს გააჩნია ის რეზერვები, რომელიც აუცილებელია ქართული ვალუტის მდგრადობის შესანარჩუნებლად. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური კრიზისი გარკვეულად ბიძგს მისცემს სახელმწიფოს მიერ ახალი საბიუჯეტო სტიმულების განხორციელებას, რაც გამოიხატება ინოვაციური პროცესების ხელშესწყობასა და რეალიზებაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური კრიზისის პოზიტიური ბუნებაც, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების აუცილებელ და სრულ დემოკრატიზაციას, პროგრესისაკენ სვლას, ეკონომიკის მართვის ახალი ტექნოლოგიების ძიებას, ეკონომიკური სუბიექტებისათვის შესაფერისი ადგილის მიჩენას, რასაც თავისუფალი ფასწარმოქმნა და თავისუფალი კონკურენცია განსაზღვრავს. ხელს შეუწყობს ზოგიერთ დარგში არსებულ მონოპოლიზირებული მდგომარეობის დემონოპოლიზაციას. ეს კრიზისები გამოავლენენ, ერთ მხრივ - ეკონომიკური სისტემის სუსტ ადგილებს, მანკიერებებს, იმას რაც ხელს უშლის ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას და განვითარებას. მეორე მხრივ - ისინი “გამოაფხიზლებენ” სისტემის მთვლემარე ჯანსაღ ძალებს, კარს უღებენ მოქმედებისათვის შინაგან სოციალურ ენერგიას... ეკონომიკური კრიზისი ხდება განახლების, მომავალი წინსვლის პირობა.
საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ანტიკრიზისული პროგრამა, როგორც პრევენცია, მოსალოდნელი კრიზისებისა და, აქედან გამომდინარე, მისი ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად. ანტიკრიზისულ პროგრამაში მთავარი ადგილი უნდა დაეთმოს ეროვნული წარმოების განვითარებას და იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივი საქონლით. აუცილებელია შემუშავებული იქნას ისეთი ფულად - საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მინიმალური საბანკო საპროცენტო ტარიფების არსებობას, რათა სტიმული მიეცეს ბიზნესის განვითარებას და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღევანდელი საბანკო საპროცენტო განაკვეთები თითქმის 8-10-ჯერ აღემატება მოწინავე ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს, რაც აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საჭიროა შემუშავდეს ისეთი ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია, პროგრამა, ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც გაითვალისწინებს, როგორც არსებულ რეალობებს, ისე მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებს, როგორც რეგიონალურ ჭრილში, ასევე მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში.
საქართველოს უნდა გააჩნდეს ანტიკრიზისული მართვის შემუშავებული მოდელი, რომლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ეკონომიკური კრიზისების თავიდან აცილება, ხოლო მისი არსებობისას რაც შეიძლება სწრაფად და მცირე სოციალური დანაკარგებით დაძლევა. იგი ყოველთვის სტრუქტურული, ინვესტიციური, ინოვაციური, მენეჯმენტის ღონისძიებებთან ინტეგრალურად უნდა ხორციელდებოდეს. ანტიკრიზისული მართვა უნდა გულისხმობდეს: ეკონომიკური კრიზისების ტიპოლოგიას, მიზეზების დადგენას, თვითონ სახელმწიფო მართვის კრიზისის დაძლევას, საწარმოთა რესტუქტურიზაციას, ინოვაციური და ინვესტიციური პოლიტიკის გატარებას, პერსონალის ანტიკრიზისულ მართვას.
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს, ეკონომიკის მართვის ძირეული ტრანსფორმაცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკის მოდერნიზაცია პირველ რიგში სახელმწიფო მართვისა და საწარმოების მართვის ეფექტიანობას გულისხმობს. ძალზე მნიშვნელოვანია განხორციელდეს ეკონომიკის კომპლექსური მართვა, რომელიც გულისხმობს მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური მართვის ინტეგრაციას. სამომავლო მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.