რექტორები ხაზინის წინააღმდეგ

რექტორები ხაზინის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით 8 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ხელმოწერით მიმართვა მიიღეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელები შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს.

2015 წლიდან სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს უფლება ექნებათ, დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, იქონიონ ანგარიშები კომერციულ ბანკებში, რომელზეც საკუთარი გადაწყვეტილებისებრ გადაიტანენ ხაზინაში აკუმულირებულ ჭარბ ფულს. ამ ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები იქნება მათი შემოსავალი და ისინი ამ თანხას საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგავენ.

„საქართველოს პარლამენტი განიხილავს საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების, შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა.

დაგეგმილი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპთან. ასევე ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, რომელსაც საქართველო 2005 წელს მიუერთდა ბერგენის სამიტზე. ბოლონიის დეკლარაცია, ისევე როგორც ბოლონიის პროცესის ამის შემდეგ მიღებული თითქმის ყველა კომუნიკე, ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად დასახული მიზნების მიღწევისათვის აუცილებელ პირობად აღიარებს საგნამანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობას. უნივერსიტეტების ავტონომიურობის ეს პრინციპი ასახულია საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“:

მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი: „ავტონომია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა“;

მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი: “ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას”.

ჩვენი ერთსულოვანი პოზიციაა, რომ აღნიშნული საკანომდებლო ცვლილებები არ უნდა გავრცელდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზუსტად ისევე, როგორც, კანონპროექტის მიხედვით, ისინი არ ვრცელდება მარეგულირებელ ორგანოებზე. როგორც მარეგულირებელი ორგანოების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში ამ ინსტიტუტებისათვის დასახული მიზნების მიღწევისა და მათი განვითარების საფუძველს წარმოადგენს ავტონომიურობა, რაც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამიტომ გამონაკლისი, დაშვებული ერთ შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მეორე შემთხვევაზეც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით იქნება უზრუნველყოფილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია საკანონმდებლო დონეზე“, - ნათქვამია რექტორების მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორები.

ხაზინის მეშვეობით საბიუჯეტო თანხების მოძრაობის გაკონტროლების ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს წამოაყენა. მისი ინფორმაციით, 2015 წლის პირველი იანვრიდან ყველა დონის ბიუჯეტი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები სახაზინო მომსახურებაზე გადავიდოდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ორგანიზაციებს ანგარიში არა კომერციულ ბანკებში, არამედ ხაზინაში ექნებოდათ და მომსახურებასაც სწორედ ხაზინა გაუწევდა.

სხვათა შორის, ამგვარი გადაწყვეტილება მთავრობას ექსპერტებმა იმთავითვე მოუწონეს. სსიპ-ების ფულის ხაზინის მეშვეობით მართვას დადებითი მოვლენა უწოდა კონტროლის პალატის ყოფილა მოხელემ, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.

„ახალი ცვლილება სულაც არ ნიშნავს ამ სსიპ-ეის ხარჯვით ნაწილსა თუ ავტონომიურობაში ჩარევას. ამით საჯარო ფინანსების კონსოლიდირება მოხდება“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

პარლამენტი უმაღლესი სასწავლებლების საკითხის გარკვევაში ჩაერთვება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ხაზინის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

„უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშები ხაზინაში გადადის, თუმცა კომერციული ბანკებით სარგებლობის უფლება ეძლევათ. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ეს აღრიცხვიანობისა და კონტროლისთვის არის განსაზღვრული. შევთანხმდით, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საკითხში კიდევ ერთხელ ჩაიხედვას. უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდებიან ხაზინას, რათა ტექნიკურ დონეზე დაინახონ, თუ რა შესაძლო შეფერხებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ჩვენც ცალკე შევხვდებით ხაზინის ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები არ უნდა წარმოიქმნას, რადგან არავის აქვს უფლება, უნივერსიტეტის თანხები თვითნებურად ან სხვაგვარად გამოიყენოს. კომიტეტი შეეცდება, დაბალანსებული კანონი მივიღოთ, სადაც ყველა მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.