ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები უახლოეს პერიოდში გეგმავენ გაასაჩივრონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეჭვმიტანილებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების საკითხი. ვინაიდან, როგორც დაცვის მხარე ამბობს, პროკურატურის მიერ მათთვის გადაცემულ დოკუმენტებში ბრალის არანაირი მტკიცებულება წარმოადგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები - გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე და დავით წიფურია დააკავა. საგამოძიებო უწყება მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო პროცესი 10 თებერვალამდე გადაიდო.
ბრალდებულების ადვოკატების განცხადებას მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე დემაგოგიას უწოდებს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რითაც პასუხისგებაში მიცემული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება.
„საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება იმ პიროვნებების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლებიც დღესდღეობით სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულები. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ დემაგოგია და სპეკულაციები. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს მტკიცებულებები საკმარისი, ამას გაარკვევს სასამართლო, რომელიც ამ საქმეზე აუცილებლად ჩატარდება და პროკურატურა ყველა მტკიცებულებას, რაც საქმეზეა მოპოვებული, აუცილებლად წარადგენს სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილეს დღესვე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომლის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურა აგრძელებს იყოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, მაგრამ ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული.
„ადვოკატებს რადგან მიეცათ სამუშაო, ჩემთვის მთავარია, უკვე, სასამართლოში გაცხადდეს სიმართლე. ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურა აგრძელებს იყოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, მაგრამ ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და მე დარწმუნებული ვარ, რომ სრული სიცხადე შევა ყველა საქმეში და ეს უდანაშაულო ბიჭები დატოვებენ საპყრობილეს, ხოლო ის ვინც პოლიტიკური დაკვეთა მისცა და შემდეგ შეასრულა, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ირაკლი ალანიამ.
ადვოკატი, ლევან სამუშია ირაკლი შოთაძეს ურჩევს, უმჯობესი იქნებოდა, საქმის ზედამხედველი პროკურორის, ჯარჯი წიკლაუარის განცხადებაზე, რომ საქმეში ჯერჯერობით მოტივი და მიზანი არაა დადგენილი, სწორედ, ამ საკითხზე გაეკეთებინა განმარტებები.
for.ge ლევან სამუშიას ესაუბრა.
„დემაგოგია და სპეკულაცია“, - ასე შეფასა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დაცვის მხარის განცხადება, თითქოს, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. შოთაძის მტკიცებით, არის თუ არა ეს მტკიცებულებები საკმარისი, ამას გაარკვევს სასამართლო, მაგრამ რატომ არ აქვეყნებს ბრალდება მტკიცებულებას, რომლის საფუძველზე მოხდა 5 მაღალჩინოსანის დაკავება?
- პირველ რიგში, მინდა ვუპასუხო ბატონ შოთაძეს და ვუთხრა, ნაცვლად იმისა, რომ ადვოკატების განცხადებების კომენტირებას ახდენს, უმჯობესი იქნებოდა ამ შემთხვევაში, საქმის ზედამხედველი პროკურორის, ბატონი წიკლაურის განცხადებას გაუაკეთოს კომენტარი - როდესაც, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბატონმა წიკლაურმა განაცხადა, რომ საქმეში ჯერ-ჯერობით მოტივი და მიზანი არაა დადგენილი.
მინდა განვაცხადო, რომ დღესაც საუბარია განზრახ დანაშაულზე. განზრახი დანაშაული მოტივის გარეშე არ არსებობას და თუ კი, მოტივი არ არსებობს, არ შეიძლება პიროვნებას ბრალი წარუდგინონ და მითუმეტეს, პატიმრობაში იმყოფებოდეს. იქნებ, ბატონმა შოთაძემ ამაზე გააკეთოს განცხადება - რას ფიქრობს და ეთანხმება თუ არა საქმის ზედამხედველი პროკურორის და მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორის განცხადებას.
რაც შეეხება თვითონ საქმის გადაწევას, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა ბრალდებულების დაკავების მომენტიდან. საქმეზე გამოძიება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და თუ მათ რაიმე სახის მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა და შანსი ჰქონდათ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ისინი მოიპოვებდნენ ამ მტკიცებულებებს. მაგრამ, ისმის კითხვა, რატომ მოითხოვეს საქმის გადაწევა?
მიზეზად ბატონმა შოთაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მრავალეპიზოდიანი საქმე...
- არავითარი მრავალეპიზოდიანი საქმე ეს არაა. ამით არ შეიძლება საქმის გადაწევა იქნას გამართლებული. ამ საქმეს ვერ უშვებენ სასამართლოში განსახილველად და სწორედ ამიტომ ითხოვენ საქმის გადადებას. საქმე სასამართლოში რომ გაუშვან, რაიმე სახის მტკიცებულება უნდა ჰქონდეთ, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს. ვიმეორებ, რომ სისხლის სამართლის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს იმისა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა, რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინეს. მეტიც, ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურა იმაზე აპელირებდა, რომ 5 ტომისგან შემდგარი მასალა დაგვეზეპირებინა. უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე 20 ტომს აღწევს და ამ 20 ტომის დეტალური გაცნობის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს. საერთოდ, ტომების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხარისხი.
ერთია რას აცხადებს პროკურატურა და მეორეა, რა არის რეალობა. რეალობა არის ის, რაც არის საქმის მასალებში. საქმის მასალებში კი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მე ვეთანხმები შოთაძეს იმაში, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ სასამართლოზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოდნავი სამართლიანობის შემთხვევაშიც, ჩვენ სასამართლოზე დავადასტურებთ ჩვენს პოზიციას და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობას.
მაგარამ, საქმის რაღაც პროცენტი არის გრიფირებული, გამორიცხავთ, რომ ეს იყოს ბრალდების ხელში მთავარი მტკიცებულება?
- სამართლებლივ და კანონის ჩარჩოში ჩვენ ამ საქმეში სურპრიზს არ ველოდებით. იქიდან გამომდინარე, რომ საქმიდან უკვე ძალიან კარგად ჩანს და ვიცით რა და როგორ იყო. თუ პროკურატურის მხრიდან უკანონო ქმედებაზე იქნება საუბარი, ამის წინასწარ განჭვრეტა ჩვენ არ შეგვიძლია. სამართლებლივი კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურისთვის ეს საქმე სრულიად უპესპექტივოა. ამ საქმეს კანონთან და სამართლიანობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ბრალდებულებს არავინ არ ედავება ამ თანხის სახლში წაღებას, ან მითვისებას. ამ ადამიანებს ედავებიან თანხის გაფლანგვას.
გაფლაგვა არის განზრახი დანაშაული და თავისთავად მოითხოვს მოტივს, რატომ, ვის სასარგებლოდ გაფლანგეს და რა მოტივი ჰქოდათ? ამ შემთხვევაში პროკურატურა ამაზე არ საუბრობს და ვერც ისაუბრებს, იმიტომ, რომ მოტივი საქმეში არ არსებობს, რაც საქმის პროკურომა ჯარჯი წიკლაურმა დაადასტურა. მინდა მადლობა ვუთხრა მას ასეთი სამართლიანი და ობიექტური განცხადებისთვის. საქმეში, რომ მოტივი არ არსებობდა, ამაზე ჩვენ დაკავების დღიდან ვსაუბრობდით, მაგრამ რა მოტივი ამოძრავებდა პროკურატურას, იმედია ეს სასამართლოზე გამოჩნდება.
როდის აპირებთ მიმართოთ სასმართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე?
- აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ჩვენი შუამდგომლობა უახლეს დღეებში შევა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თუ კი პროკურატურა ვერ ადასტურებს ბრალდებას, გამორიცხავთ მოხდეს ამ ადამიანებზე გარკვეული სახის ზეწოლა, მითუმეტეს, იყო მცდელობა იმისა, როცა ბრალდებულებს შესთავაზეს სახაზინო ადვოკატები...
- არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, მაგრამ დღეის მდგომარეობით ამის დადასტურება არ შემიძლია.