რითი იცნეს სოსო ჯაჭვლიანი სიღნაღში

რითი იცნეს სოსო ჯაჭვლიანი სიღნაღში

დღეს კვირაა და სახალისო მოგონებები უნდა შემოგთავაზოთ. პირდაპირ გეტყვით, ერთი კარგი ადამიანის „ისტორიებს“ გაგაცნობთ. მაპატიეთ, მაგრამ წინა კვირის „ადგილობრივ“, ანუ ქართული პოლიტიკური ცხოვრების განსჯასა და „კომენტარს“ ვერ დაგიწერთ. აგერ გროზნოში ერთი ამბებია, ბატონი პუტინი კი თურმე იატაქვეშა ცხოვრებაზე გადადის. მეტი რა გითხრათ. წაიკითხეთ ქვემოთ მოძიებული საინტერესო ისტორიები და იხალისეთ.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ბატონი სოსო ჯაჭვლიანი ბრძანდება. რამდენიმე დღის წინ ბატონი ლუკა კურტანიძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ჭიდაობის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე ლუკა სოსომ დაიცვა. ისე, ჩვენს შორის დარჩეს და კურტანიძე არ უნდა გადამდგარიყო.

ნუ, დავანებოთ თავი პოლიტიკურ გარჩევებს და ბატონი სოსოს სამ სახალისო მოგონებას წარმოგიდგენთ.

„დავიბადე და გავიზარდე მესტიაში.

თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოვედი. ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ, კინოგადაღება მექცა პირველ დღესასწაულად.

დაუვიწყარი გედიას როლი იყო ჩემი დებიუტი კინოში. ფილმი „ნატვრის ხე“ ხომ აბულაძის მოვლენათა მოვლენაა.

წარმოიდგინეთ, როგორ განწყობაზე ვიქნებოდი გუშინდელი ბავშვი, რომელიც მიიწვიეს გადაღებაზე ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ეროსი... ლეგენდარული სესილია და კახი კავსაძე.

სიღნაღში ვიღებდით რამდენიმე ეპიზოდს. ყოველ შესვენებაზე რაიკომის სასადილოში ვსადილობდით.

მეორე სადილობაზე შევამჩნიე, რომ კახელი, ტალიკ-ტალიკი ბიჭების ზედახორა იყო სასადილოს კართან. მიხარია: მიყურებენ მე – კინომსახიობს, მაშასადამე, უკვე პოპულარული ვარ...

მოვრჩი სადილს, მივუახლოვდი კარს, რაღაცა ხომ უნდა ვუთხრა, ჩემით რომ ამაყობენ?

-გიყვარვართ, ჭინკებო? – შევეხუმრე.

– მაშა! – მიპასუხა შედარებით გაბედულმა, – ძია, აი იმასა, – მანიშნა მეორეზე, – სანაძლეო დავუდე, რომ შენ ისა ხარ.

– ისა ვარ, მაშ! – გამიხარდა.

– აი, ხო გითხარი, ჯო, მოგიგე! – გადახედა ამხანაგს გაბედულმა.

– მაინც ვინ ვარ? – შევეკითხე ბავშვს, თან, ვფიქრობ, ახლა მეტყვის, მთავარი როლის შემსრულებელი სოსო ჯაჭვლიანი ხარო, მე უნდა გამიხარდეს, გავიბადრო და ვუთხრა: – დიახ მე ვარ ის ბიჭი, გედია-მეთქი, მაგრამ...

– ვინა ხარ და ისა, 12 პორცია შნიცელს რომ ჭამს ერთ ჯერზე, სამ ბანკა მაწონს რო აყოლებს და მაინც ვერა ძღება...

შემომეყარა გულზე, მაგრამ, რაღას ვიზამდი? უკან აღარ დავიხიე:

– კი, მე ვარ... შენ ხარ მოგებული. მაინც, რაზე დანაძლევდით?

– ერთ პორცია შნიცელს მიყიდის ეგა, – მიმანიშნა ნიძლავწაგებულზე“.

ნება მომეცით ბატონი სოსოს კიდევ ერთი მოგონება წარმოგიდგინოთ.

„ძალიან მიყვარს, იუმორი და ამ დროს არაფერი მწყინს, თუნდაც მსუბუქი დაცინვა ან გამოჯავრება.

რამდენიმე წლის წინ უცხოეთში, ტურნეში წარმატებული გამოსვლით გახარებულები, აღტაცებას ვერ ვფარავდით.

მკლავჭიდი სულაც არ არის მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამოკიდებული სპორტის სახეობა, მას ტექნიკა თუ არ ახლავს, ძალა მხოლოდ დაგაზარალებს.

იყო ამ ტურნირზე ერთი ცნობილი ამერიკელი მკლავჭიდელი, რომელიც ძალიან დაგვიმეგობრდა და მკლავჭიდის უამრავ საიდუმლოსაც გვაზიარა, ბოლოს კი, მეგობრობის ნიშნად, მე და ერთ ჩემს სვან თანაგუნდელს სამკერდე ნიშნები გვისახსოვრა, რომლებზეც ჯანისა და ღონის სიმბოლოდ, უზარმაზარრქებიანი ხარი იყო გამოსახული. ეს ჩემი სვანი თანაგუნდელი ჩუმად მეკითხება გაოცებული:

– რატომ გვაჩუქა მხოლოდ მე და შენ ეს სამკერდე ნიშნები ამ ამერიკელმა, თანაც, რქების გამოსახულებით?  ვერ ამიხსნი, სოსო?

საერთოდ, ასეთი კითხვები მხიარულ ხასიათზე მაყენებს და ვუპასუხე:

– როგორ, თვითონ ვერ ხვდები?

– როგორ უნდა მივხვდე, ხარია და რქები აქვს, რომელი კოლმეურნეები ჩვენ გვნახა?

– მართლა არ იცი? – არ ვეშვები მე.

– არა.

– იმიტომ, რომ სვანები ვართ და გაგვახარა-მეთქი.

მაშინვე დაიჯერა და მთელი გზა თბილისამდე ასე სჯეროდა. თბილისში რომ ჩამოვფრინდით, ვიფიქრე, არავის უთხრას, რაც ვემასხრე და არ შემარცხვინოს ახლობლებში-მეთქი და თავიდან ავუხსენი ყველაფერი.

საქმეში კი გაერკვა, მაგრამ, მგონი, პირველი ვერსია უფრო ესახელებოდა და, თუ არ მომჩვენებია, ის ახალი განმარტება, ცოტა არ იყოს, ეწყინა კიდეც.

ჩვენი დღევანდელი წერილის მთავარი გმირი ბატონი სოსოა. მოდით, მის რიგით მესამე სახალისო „ისტორიას“ წარმოგიდგენთ.

„2002 წელია. კანადაში ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში. როგორც ყოველთვის, არც მაშინ შეგვირცხვენია ქვეყანა და რამდენიმე საამაყო მედლით უნდა დავბრუნდეთ სამშობლოს მონატრებულ მიწაზე.

სიტყვა „მონატრებული“ სპეციალურად ვახსენე, იმიტომ რომ, მე მენატრებოდა ქართული მიწა, თორემ, ჩვენი გუნდის ორი წევრი, თურმე, სულაც არ ფიქრობდა ასე.

წინასწარ უნდა მოგახსენოთ, რომ იმ დროისთვის ძალიან ჭირდა საქართველოში ცხოვრება: უფულობა, უშუქობა, უმუშევრობა ბატონობდა. ზემოთ ნახსენებმა ჩვენმა ორმა თანაგუნდელმა მოულოდნელად გამოაცხადა – ჩვენ გადავწყვიტეთ, კანადაში დავრჩეთო.

– რატომ, კაცო, რატომ? – ვიწყინე სასტიკად.

– ძალიან მოგვეწონა აქაურობა, – იყო მოკლე პასუხი.

– როგორ, საქართველოს კანადა გირჩევნიათ?

– კანადა არ გვირჩევნია, მაგრამ, აქ, სამუშაოს ვიშოვით, ანაზღაურება კარგი ყოფილა და ოჯახებს დავეხმარებით აქედან.

არგუმენტი მტკიცე იყო და რას ვიზამდით?!

დარჩენით კი დარჩნენ, მაგრამ, რა ქნან ახლა? ენა არ იციან, მოქალაქეობა არ აქვთ, არალეგალები არიან. ვინ მიიღებს სამუშაოზე, მსოფლიოს ჩემპიონები კი არა, გალაქტიკის ჩემპიონებიც რომ იყვნენ?!

საგონებელში ჩაცვივდნენ, უბედურები. მიდგნენ, მოდგნენ და დაიქირავეს ერთი რუსული ენის მცოდნე იქაური ადვოკატი (რუსული ამათმა სხვა ენებზე უკეთ იცოდნენ) და სთხოვეს, თუ ახლა მოგვეხმარები, მერე ჩვენ ვიცოდეთ შენი პატივისცემაო.

ეს ადვოკატიც მონდომებით შეუდგა საქმეს. სულ ფურცელ-ფურცელ გადაჩხრიკა კოდექსები და „გამოსავალიც“ მოძებნა.

– ხელი უნდა მოაწეროთ, – ეუბნება ამ ალხანა-ჩალხანას.

– სად უნდა მოვაწეროთ? – გაუხარდათ.

– სად და, ქორწინების სახლშიო, – ადვოკატმა.

ვაიმეე, ამათ გაუხარდაათ?! – ცოლებიც გაგვიჩალიჩა და აწი ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.

– საცოლეები ჩვენ ავარჩიოთ თუ თქვენ აგვირჩევთ? – მოკრძალებით ეკითხებიან „მხსნელ“ ვექილს.

– რის გოგოები, რა გოგოები, ერთმანეთთან უნდა მოაწეროთ ხელი!

– როგორ, კაცო! – სასტიკად გაუკვირდათ ამათ, – რას ჰქვია, ხელი მოვაწეროთ, ორივე კაცები ვართ, თან – ჩემპიონები.

– მოკლედ, ასე, – დაწვრილებით უხსნის ადვოკატი, – თუ გინდათ, კანადაში ლეგალური პერსონები გახდეთ, უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ თქვენ გეები, ანუ, „ცისფერები“ ხართ და, გინდათ, დაქორწინდეთ.

– არასოდეს! – თქვა ერთმა.

– არც ერთ ვარიანტში! – თქვა მეორემ. მაგრამ, მერე დაფიქრდნენ: ამის დედა ვატირე, ამხელა რამეს ვრისკავთ და ხელის მოწერას რაღა უნდა, რა ძნელი ეგაა, ქაღალდია, მეტი ხომ არაფერიო და... დათანხმდნენ.

ავსებენ სპეციალურ ანკეტას. ჩაათავეს პირველადი მონაცემები – გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ადგილი, და... „სქესზე“ გაიჭედნენ. გაიჭედნენ და გაოცებული ბაჭიებივით უყურებენ ერთმანეთს.

– ცოლი რომელი ვიქნებით? – იკითხა ერთმა.

– ხო, რომელი? – იკითხა მეორემ.

დაიწყეს კამათი, მაგრამ, ვერ მორიგდნენ.

ასე არ უნდაო და დასცხეს ერთმანეთს გვარიანად. მოვარდა პოლიცია, გააშველა, ორივეს ხელბორკილი დაადო და თბილისში უკრა თავი...“