გიორგი შავგულიძის “ოხუნჯობა“

გიორგი შავგულიძის “ოხუნჯობა“

ცნობილი ქართველი მომღერალი და კოტეს როლის შემსრულებელი ბათუ კრავეიშვილი იგონებდა:

“ერთხელ, “ქეთო და კოტეს” გადაღების დროს ცხელი დღე იდგა. როგორც კი გიორგი შავგულიძე სტუდიაში მოვიდა, მაშინვე შემომჩივლა - გრიმის გაკეთება და კოსტიუმის ჩაცმა ძალიან მეზარებაო. იმ დღეს თამარ ჭავჭავაძე შეუძლოდ ყოფილა და ამის შესახებ მარტო გიორგის სცოდნია. მან თავისი ტანსაცმელი გაიძრო, ხანუმას შლეიფიანი კაბა გადაიცვა, გაზეთი აიღო და იქვე მოლზე, ხის ჩრდილში წამოწვა. მე კი გამაფრთხილა, ხმა არ ამოიღოო. დიდი დრო გავიდა. შალვა გედევანიშვილმა ნერვიულობა დაიწყო, მე განგებ შევეკითხე:

- რაშია საქმე, რატომ გადაღებას არ ვიწყებთ?

- როგორ დავიწყოთ, როცა გიორგი შავგულიძე ჯერ არ მობრძანებულა.

გავიდა კიდევ ნახევარი საათი.

- შალვა ბატონო, მართალია, შავგულიძე არ ჩანს, მაგრამ ვერც თამარს ვხედავ.

- როგორ გეკადრებათ, ბათუ, თამარი რამდენი ხანია მოსულია. აგერ იქ, ხის ქვეშ გაზეთის კითხვაში, მგონი, ჩასძინებია კიდეც.

კიდევ ნახევარი საათი იცადეს. ახლა კი უკვე ვახტანგ ტაბლიაშვილიც განერვიულდა და შალვას შეეკითხა, ჟორამ ხომ იცოდა, რომ დღეს ნიკოს, ხანუმას, კოტესა და მისი სცენები უნდა გადაგვეღოო.

- იცოდა, როგორ არ იცოდა, - უპასუხა შალვამ.

- მაშ, რაღა ჯანდაბა მოუვიდა, - ახლა კი იყვირა ვახტანგმა. უცბად ხის ჩრდილიდან შავგულიძემ თავი წამოყო და წამოიძახა - მართლა დამძინებია და დამავიწყდა მეთქვა: თამარის ქალიშვილმა ტელეფონით შემატყობინა, დედას სიცხე მისცა და გადაღებაზე ვერ მოვაო. ატყდა სიცილი, რომელიც ხარხარში გადაიზარდა და გაჯავრების თავი აღარავის ჰქონდა”.