დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს პოლიტიკური რუკა იცვლება, თვალშისაცემია მოვლენებისა და ფაქტების განსხვავებული, თითქმის შეუთავსებელი შეფასება და „ძველის“ გადაფასება. შესაბამისად, ისტორიის კვლევის საკითხი დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. ეს ტენდენცია (ისტორიის პოლიტიზირება) ასევე, ნაციონალიზმის და პოლიტიკის ფაქტორთა გააქტიურებას და მათ უპრეცედენტო „დაახლოებას“ უკავშირდება.
კაცობრიობის განვითარება - დაწყებული ნეანდარტანელიდან, თანამედროვე - მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბებამდე, საკმაოდ დიდ, თითქმის „თვალუწვდენელ“ პერიოდს მოიცავს. ადამიანის წინაპარი თავის ემოციებს თუ საქმიანობის დეტალებს პრიმიტიულად, გამოქვაბულის კედლებზე ხატვით გადმოსცემდა. ხოლო რაც უფრო ვითარდებოდა ის, მით უფრო იხვეწებოდა და რთულდებოდა გადმოცემის ტექნიკა და მეთოდები, საბოლოოდ კი კალამი და ფურცელი უნივერსალური გადმოცემის საშუალებად ჩამოყალიბდა. ადამიანებმა დაიწყეს თავისი საქმიანობის, ყოველდღიურობის, იმ ბუნებრივი მოვლენების აღწერა, რაც მათ ემოციას იწვევდა - შიშს ან აღტაცებას გვრიდა. ასე დაიწყო პირველი ფაქტების და მოვლენების აღწერა, რომლებიც დღეისათვის, უმნიშვნელოვანეს, და ასევე სადავო საკითხს წარმოადგენს ისტორიის რაობის შესწავლის საკითხში მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა შორის. სადავო ხდება არა მარტო უხსოვარი დროის შესწავლა-გადმოცემა და ჩვენამდე მოღწეული ფაქტები, არამედ თითქმის „ჩვენს თვალწინ“ მომხდარი და განვლილი უახლესი ისტორია.
ადამიანებში, რომლებიც იკვლევდნენ „ისტორიის“ ისტორიას, მის დანიშნულებასა თუ საჭიროებას, მუდმივად არსებობს ერთგვარი შეუთანხმებლობა. ერთნი ამბობენ, რომ ისტორია არის დადასტურებული ფაქტების კრებული, სხვათა მოსაზრებით - „ჭეშმარიტი ისტორია მხოლოდ მაშინ იწერება, როცა ისტორიკოსი წარსულის მოვლენებს თანამედროვეობის ჭრილში აშუქებს და აკავშირებს მათ დღევანდელი დღის პრობლემებთან“. ზოგიც სუბიექტური მიდგომით და კონკრეტული ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაცით ცდილობს ისტორიის დეფინიციას. ისტორიის, როგორც მეცნიერების აღქმა და მისი მნიშვნელობა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად არის გადმოცემული. იგი იცვლება დროსთან და ადამიანებთან (ისტორიის მკვლევარებთან) ერთად და ამიტომ, დღემდე ბუნდოვნია მისი მკაფიო სურათი.
ედვარდ ჰულეტ კარის მოსაზრებით, „როცა ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას რა არის ისტორია? - ჩვენი პასუხები ნებსით თუ უნებლიედ გამოხატავს ჩვენს პოზიციას დროის გარკვეულ მონაკვეთში და ნაწილია უფრო ფართომაშტაბიანი პრობლემის: რა არის საზრისი იმ საზოგადოებისა, რომელშიც ვცხოვრობთ“. ედვარდ კარის ეს სიტყვები, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო ახლოსაა ისტორიის არსის გაგებასთან. წარსულის მკვლევარები, ძირითადად, საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოსცემენ ამა თუ იმ მოვლენას, ასევე თავად ირჩევენ იმ მოვლენასაც, რომელიც მათი აზრით, ისტორიულობის ღირსია. ისტორიის „შექმნის“ პროცესში ასევე დიდ როლს თამაშობს ის, თუ რა ღირებულებების მატარებელია საზოგადოება, რომლის ნაწილიც არის მკვლევარი ისტორიკოსი.
ჩემი, როგორც პოლიტიკის მეცნიერებით დაინტერესებული მაგისტრანტისთვის, ისტორია შესაძლებელია იყოს ფაქტისა და მოვლენის დროის იმ მონაკვეთში წარმოდგენა და გააზრება, რომელშიც ის მოხდა, იმ პერიოდის პოლიტიკური ვითარების და საზოგადოების განვითარების გათვალისწინებით. ჩემი აზრით, სხვადასხვა საზოგადოებაში ერთი და იგივე ფაქტი შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს ინტერპრეტირებული. შესაბამისად, ამ საზოგადოების წარმომადგენელი ისტორიკოსებიც განსხვავებულად წარმოაჩენენ ეპოქის მთელ ისტორიას ან ცალკეულ ისტორიულ ფაქტებს.
დღეს, მაგალითად, თვითაღიარებულ აფხაზეთში საზოგადოება ფიქრობს და მომავალ თაობებსაც ასე ასწავლის, რომ აფხაზეთი იყო (ადრე) და არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სპეციფიკური ეროვნულ-ეთნიკური ნიშნებით, ყველასგან განსხვავებული კულტურითა და ტრადიციებით. უბრალოდ, მისი პოლიტიკური აღიარება არ ხდებოდა. საპირისპიროდ - ქართველები მივიჩნევთ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ასე იყო ისტორიულად ყოველთვის. დავით IV აღმაშენებლის ტიტულატურაც ამას მეტყველებს - „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შადაშაჰან-შა“ - გადმოგვცემს, მაგალითად, ქართველი მკვლევარი. ამას ქართველები სიამაყის განცდით, ჭეშმარიტებად აღვიქვამთ, იმ ადამიანებში კი, ვინც თავს აფხაზს უწოდებს, შესაძლებელია გულისწყრომა გამოიწვიოს. ყოველივე ეს, ორი საზოგადოების მხრიდან ფაქტის განსხვავებულ ინტერპრეტაციას შეიძლება მივაწეროთ. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ ამ ორი მოძმე ხალხის ისტორიის ვინმე „გარეშე“ მკვლევარს, არცერთი მხარე არ დაეთანხმოს და წარმოდგენილი ფაქტები თუ წყაროები სუბიექტურად აღიქვას.
ედვარდ კარი თავის ნაშრომში - „რა არის ისტორია“, განიხილავს ფაქტების მნიშვნელობას ისტორიის რაობის გამოკვლევის პროცესში. განხილულია სხვადასხვა მეცნიერების პოზიცია ისტორიულ ფაქტებთან და მათ განსხვავებულ ინტერპრეტაციებთან მიმართებაში. აღნიშნულია, რომ მე-19 საუკუნეში ისტორიკოსები ძირითადად ფაქტებს იკვლევდნენ და სწორედ განყენებული ფაქტები მიაჩნდათ ისტორიის კვლევის საგნად. თუმცა, ისტორია შეიძლება სულაც არ იყოს ფაქტების ერთად თავმოყრა და ამის საფუძველზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება, არამედ უფრო მნიშვნელოვანი - ამ ფაქტების შესწავლა და გააზრება, იმ პირობების, ასევე პიროვნებების შეხედულებებისა და საზოგადოების მიდგომების გაანალიზებით, სადაც (რომელშიც) ეს ფაქტი მოხდა.
ვფიქრობ, ისტორია უფრო ღრმა, იდუმალი და ძნელად ამოსაცნობი მეცნიერებაა, რომელიც კიდევ მრავალი თაობის და ადამიანის კვლევას და შრომას საჭიროებს. საბოლოოდ კი პასუხი კითხვაზე - „რა არის ისტორია?“ - კვლავ ბუნდოვანი ან პასუხგაუცემელი დარჩება.