ჩეჩნეთის დედაქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. რუსული მედია შიშობს, რომ თავდასხმები ალ-შიშანს, იმავე თარხან ბათირაშვილს უკავშირდება. მათი აზრით, გროზნოში შეჭრილი ჩეჩენი მებრძოლები სწორედ შიშანის თანამოაზრეები არიან. ისინი შურს იძიებენ პანკისელი მამლუქის- ალ-შიშანის ლიკვიდაციის გამო, რაც რამზან კადიროვის სახელთან გაიგივდა. თუმცა, რუსული მედიისგან განსხვავებით, პანკისელები ალ-შიშანის გარდაცვალებას არ ადასტურებენ.
როგორც ამბობენ, ჩეჩენი მეამბოხეების წინააღმდეგ სპეცოპერაციას პირადად რამზან კადიროვი ხელმძღვანელობს. მის მიერ დაქვემდებარებული მედიასაშუალებები კადიროვის ძლევამოსილებას წარმოაჩენენ, რომელმაც თურმე ბოევიკთა უმეტესობა გაანადგურა. თუმცა ფორუმებს თუ ვენდობით, გროზნოში სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა - მოჯაჰიდები ისევ აგრძელებენ ბრძოლას. მეტიც, ინტერნეტში ამბოხებული ჩეჩენი მებრძოლების მიმართვაც ვრცელდება, სადაც ისინი ამბობენ, რომ შურს იძიებენ მათი ქალების დაცვის მიზნით.
„ალაჰის ნებით, ქალაქში 400 მებრძოლი შემოვედით. დარჩით სახლებში, რათა კადიროველებმა თავიანთ სასარგებლოდ არ გამოგიყენონ. ჩვენ კარგად ვართ, აი, თუ გესმით, მოდის ჯავშანტრანსპორტიორი. ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ“.
პარალელურად, კადიროვმაც მოუწოდა მოსახლეობას, გარეთ გასვლისგან თავი შეეკავებინათ და პირობა დადო, რომ დილისთვის ოპერაცია დასრულდებოდა, თუმცა, ჟურნალისტების თქმით, სერიოზულად შეიარაღებული ბოევიკები ისევ ქალაქის ცენტრში იყვნენ განლაგებულნი. როგორც კადიროვი ამბობს, ბოევიკები 12 დეკემბერს, რუსეთის კონსტიტუციის დღეს ამთხვევდნენ გროზნოში არეულობებს. გავრცელებული ინფორმაციით, გროზნოს ცენტრში შეტაკებისას 65 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით, ქალაქის ცენტრში გააფთრებული ბრძოლების მიუხედავად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი გროზნოდან გაიქცა. თუმცა ეს ყველაფერი დელიკატურად შეიფუთა, თითქოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველმა ქალაქში დარჩენას მოსკოვში გამგზავრება არჩია და კრემლში პუტინის ყოველწლიურ მიმართვას დაესწრო.
გროზნოში შეჭრაზე პასუხისმგებლობა კავკასიის იმარატმა აიღო. ცნობილია, რომ კავკასიის იმარატი არსებობას 2007 წლიდან იწყებს, როცა დოკუ უმაროვმა მოიხსნა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის - იჩქერიის პრეზიდენტის უფლებამოსილება და თავი გამოაცხადა კავკასიის მოჯაჰიდის ამირად ანუ მთავარსარდლად. მისი განცხადებით, ემირატი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთადერთი კანონიერი ძალაუფლებაა, რომლის უფლებამოსილების გავრცელების გეოგრაფიული სივრცეც მოიცავს დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, სტავროპოლის მხარის ნაწილს, ჩრდილოეთ ოსეთს, ყაბარდო-ბალყარეთს და ყარაჩაი ჩერქეზეთს.
ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში ორ ვერსიას არ გამორიცხავს. ერთი ვერსიით, გროზნოში შეჭრა თავად პუტინის ინსპირირებულია საკუთარი ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, როცა ის ნებისმიერი მიმართულებით ბრძოლას დააპირებს. ეს სცენარი აქტუალურია ახლა, როცა რუსეთში რუბლი ეცემა, ეკონომიკა რეგრესისკენ მიექანება. ამიტომ, თუ ეს პუტინმა სპეციალურად გააკეთა, ამით სურდა, საკუთარი მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, როგორ ებრძვიან რუსეთს, როგორ მძვინვარებს ტერორიზმი და სწორედ ამ კონტექსტში როგორია მისი განცხადება ყირიმთან მიმართებით, რომელიც რუსებისთვის თურმე მეორე იერუსალიმი ყოფილა.
თუმცა, არის სხვა ვერსიაც, რომ სამი წლის განმავლობაში გაჩერებულ ჩეჩენ მებრძოლებს სააშკარაოზე გამოსვლა სურდეთ. ამით ჩეჩნებმა განაცხადი გააკეთეს, რომ ისევ ბრუნდებიან და ისევ აპირებენ ტერაქტების მოწყობას რუსების და მათგან მართული კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ. თუკი ეს ვერსია სწორია, ამას სულ მოკლე პერიოდი და ტერაქტების მორიგი ციკლი გვიჩვენებს. ხოლო, თუკი ჩეჩენი მებრძოლები გაჩერდებიან, მაშინ უფრო პირველი ვერსია გაამართლებს.
„გროზნოს ტერაქტები მოხდა იმ დროს, როცა პუტინი ფედერალურ საბჭოსთან მიმართვას გეგმავდა. დაახლოებით სამი წელია, მიჩუმებულია კავკასიის იმარატი და დიდ ტერაქტებს აღარ აწყობენ. ამ ფონზე ძალზე საეჭვოა სწორედ ამ დღეს ასეთი შევარდნა. თანაც, თავად დასავლეთში მცხოვრებმა ჩეჩნებმა საერთოდ არაფერი იციან, რა მოხდა და ვინ არის ის ხალხი, რომელიც შეიჭრა გროზნოში.
სხვათა შორის, დღეს ზუსტად იმ ბრძოლების 20 წლისთავია, რომელიც პირველი ჩეჩნური ომის დროს ბეჭდვით სახლთან გაიმართა. შესაძლებელია, სწორედ ამას და პუტინის გამოსვლას დაამთხვიეს ბეჭდვით სახლში შეჭრა ჩეჩენმა მებრძოლებმა და ამით უთხრეს პუტინს, ჩვენ არ მიგვიტოვებია ჩვენი ბრძოლა. თუმცა მიზეზი, ქალების შევიწროებასთან დაკავშირებით, საეჭვოდ მეჩვენება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გროზნოში 200-300 მებრძოლია განლაგებული. სინამდვილეში, ამდენი არ უნდა იყოს. კადიროვს მართლა შეუძლია, გაანადგუროს ისინი. თუკი ისინი გამოიკეტებიან რომელიმე შენობაში, კადიროვი აბსოლუტურად დაანგრევს იმ შენობას და მათ ქვეშ მოიყოლებს, არ დაინდობს არცერთს.
იმ ფონზე, როცა რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინასთან, ეს შეიძლება გარკვეული სუსტი წერტილების მოსინჯვის ტაქტიკაც იყოს. თუ ჩეჩენი მებრძოლები ამ პროცესს გააგრძელებენ, შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიაში მეორე ფრონტი გაიხსნას რუსეთისთვის, რაც სახიფათო იქნება თვითონ რუსეთისთვის, რადგან ორ ფრონტზე ბრძოლა - აქეთ უკრაინა, იქით ჩრდილო კავკასია - მას გაუჭირდება. მით უმეტეს, იარაღის მიწოდების ნაკლებობას იმარატი არასდროს განიცდიდა და ის ყოველთვის ყიდულობდა იარაღს, მათ შორის, - თვითონ რუსი სამხედრო ნაწილებისგან“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.
ამასთან, განმარტავს, რომ, მართალია, კადიროვს გასამხედროებული ნაწილები ემორჩილებიან, მაგრამ ჩვეულებრივი ჩეჩენი ხალხი ვერ იტანს რუსეთს და არასდროს აპატიებს იმას, რაც რუსეთმა ჩეჩნეთში გააკეთა. ჩეჩნებს კადიროვის საჯარისო ფორმირებების სრული კონტროლის პირობებში ხმის ამოღება უჭირთ, თუმცა, ინფორმაციის მიწოდებით ეხმარებიან ტყეში გასულ ამბოხებულებს.
For.ge-სთან საუბარში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ორივე ვერსიას იზიარებს. მომხდარის უკან ის პუტინის ხელწერას არ გამორიცხავს, როგორც ეს მოხდა მოსკოვში ე.წ. ტერაქტების დროს, ბესლანის, ნორდ-ოსტის ტრაგედიისას, სადაც ისევ და ისევ ჩეჩნების საწინააღმდეგოდ პუტინის ხელი ერია. მოგვიანებით ამ ტრაგედიებს ბევრი ცნობილი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, ლიტვინენკო, ფსბ-ს თანამშრომელი, რომელიც ამ საქმეში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას და შემდეგ უკვე ყველაფერი აღიარა.
„თუმცა მეორე ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რადგან კადიროვის დიქტატურა აშკარაა. წინააღმდეგობის ძალა მანამდე არ შეწყდება ჩეჩნეთში, სანამ ერთი იჩქერიელი მაინც ცოცხალი იქნება. მას შემდეგ, რაც შიშანმა გააკეთა განცხადება კადიროვის სავარაუდო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, კადიროვი შიშის ქვეშ ცხოვრობს. ეს მის ბოლოდროინდელ კადრებშიც გამოსჭვივის. თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხი შეწუხებულია პუტინის და რამზან კადიროვის დიქტატურით. ისინი გარბიან ჩეჩნეთიდან.
ბოლო დროს ჩამოსული იყო ერთი ჩეჩენი ქალბატონი, რომელიც ამბობდა, რომ თუ ერთი წლის წინ ჩეჩნეთის ცენტრში, ახლად აშენებულ სახლებში სინათლე ენთო, ახლა თითო-ოროლა სახლშიც არ ანთია სინათლე. გარედან ისე ჩანს, თითქოს კადიროვი ქალთა უფლებებს იცავს, მაგრამ, პირიქით, იქ უფლებების დაცვაზე საუბარი არ არის. ყველაზე აქტიური ქალების, ადამიანის უფლებების დამცველი მანდილოსნების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. რამდენი ქალი შეეწირა კადიროვის რეჟიმს. ამბობენ, რომ ბევრი ქალი სწორედ ძალადობის გამო გაიქცა ჩეჩნეთიდან. ქალთა უფლებები ყველგან ირღვევა, მით უმეტეს იქ, სადაც დიქტატურაა. თუმცა ქალის კულტი კავკასიაში, განსაკუთრებით, ჩეჩნეთში ყოველთვის იყო, იმ ქალის უკან მამაც დგას, ძმაც და ასე ადვილი არ არის მისი შეურაცხყოფა, ამით არა მხოლოდ ერთი ოჯახი, არამედ მთელი საგვარეულო სახალხო სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.
კადიროვიც არ არის ისე ძლიერი ფიგურა, რომ ყველას დაუპირისპირდეს, მიუხედავად მის უკან მდგარი პუტინის დიდი ძალისა. იქ მაინც ჩვენი ტრადიციები მოქმედებს. ამიტომაც ბოლო დროს მცდელობა ჰქონდა, გადაკიდებული გვარები შემოერიგებინა, რადგან იცის, რომ შურისძიება შვიდ თაობაზე გადადის“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი.
იგი არ გამორიცხავს, რომ გროზნოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ომში გადაიზარდოს, რაც ისევ პუტინის ინტერესში იქნება. თუმცა, იმარატის შესაძლებლობები მზარდია და, გვინდა თუ არა, იმარატი ერთ-ერთი წინააღმდეგობის ძალაა კავკასიაში, რომლის გატეხვაც, პუტინის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.